LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

4G მომსახურებების დასანერგად საჭირო ლიცენზიის მისაღებად „მაგთიკომი“ 25 მლნ ლარს გადაიხდის

48

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ფართოზოლოვანი მომსახურების უზრუნველსაყოფად, მათ შორის მეოთხე თაობის (4G) მომსახურებების დასანერგად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად  გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულად შპს „მაგთიკომი“  გამოაცხადა.

დღეს, 31 მაისს გამართულ სააუქციონო სხდომაზე შპს „მაგთიკომმა“ 5×5 მეგაჰერცის რესურსით სარგებლობის ლიცენზიაში  25 391 303 ლარის გადახდის მზადყოფნა დაადასტურა.

შპს „მაგთიკომი“ ვალდებულია რადისოხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის ღირებულების 20% საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში  ერთი თვის ვადაში ჩარიცხოს, თანხის ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიაში წარმოდგენის შემდეგ ხუთი სამუშაო დღის ვადაში კომისია გასცემს ლიცენზიას კომპანიაზე. შპს „მაგთიკომი“ გადასახდელი თანხის დარჩენილ ნაწილს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული გრაფიკით ერთი წლის ვადაში დაფარავს.

შპს „მაგთიკომი“ რესურსით სარგებლობას 15 წლის ვადით შეძლებს. კომპანიას სალიცენზიო ვალდებულებად საქართველოს დასახლებული პუნქტების 90% მოცვის ვალდებულება განესაზღვრება, შემდეგი გრაფიკით:

მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა   დასახლებული პუნქტების  მინიმუმ:
1. 30%-თვის ლიცენზიის ძალაში შესვლიდან ერთი წლის ვადაში
2. 50%-თვის ლიცენზიის ძალაში შესვლიდან ორი წლის ვადაში
3. 70% -თვის ლიცენზიის ძალაში შესვლიდან სამი წლის ვადაში
4. 90%-თვის ლიცენზიის ძალაში შესვლიდან ხუთი წლის ვადაში

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად აუქციონები 800/900/1800/2100 დიაპაზონებში იყო გამოცხადებული. საერთო ჯამში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ფართოზოლოვანი მომსახურების უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების ცხრა ლოტიანი აუქციონით დაახლოებით 160 მილიონი ლარის საწყისი ღირებულების რესურსი გამოიტანა. აუქციონზე მხოლოდ ერთი ლოტი გაიყიდა. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიებზე მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში კომისია კვლავ გამოაცხადებს აუქციონებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები