LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

75 მილიონად აშენებული „საპირფარეშო“ რიყის პარკში – გარეცხონ, შიგნით რა ხდება კაცმა არ იცის!

426

„ან დაასრულონ მშენებლობა და ფუნქცია მისცენ, ან გადაიტანონ სხვაგან, ნაგვის ბუდეა და ტუალეტი!“ – რიყის პარკში 75 მილიონად აშენებული  ე.წ. „რიყის დოქები“ საპირფარეშოებად გადაქცევას ადგილობრივი მაცხოვრებლები უჩივიან.

როგორც „ფორტუნასთან“ საუბარისას ლია ტაბატაძე ამბობს, შენობა უპატრონოდ არის მიტოვებული და „შიგნით რა ხდება, კაცმა არ იცის“.

„გარეცხონ, რას გავს! იმ შუშის ხიდს, რომ რეცხავენ, ამასაც გადაავლონ ერთი დოქი წყალი. ერთი შეხედვით მაინც იყოს სუფთა, თორემ შიგნით რა ხდება კაცმა არ იცის. ბავშვები რომ შეიპარონ და რამე მოიწიონ გვეშინია, ბომჟებისთვის კია იცოცხლე, კარგი ატმოსფერო”,- აცხადებს ავლაბარში მცხოვრები ლია ტაბატაძე.

გარდა ამისა, ადგილობრივ მაცხოვრებლებს  სხვა შენიშვნებიც აქვთ. მათ ნაწილს შენობის დიზაინიც არ მოსწონთ, რადგან ფიქრობენ, რომ მათ უბანს პატარა, აგურით აშენებული შენობა უფრო მოუხდებოდა.

„შენობის დიზაინი არ მომწონს, მაგრამ ასე რომ არის მიტოვებული, უფრო ცუდია. ქალაქის იერსახეს ამახინჯებს. აქ უფრო აგურით აშენებული პატარა შენობა მოუხდებოდა და არა ასეთი გიგანტური. ასე უფუნქციოდ რომ არის მიტოვებული, ეს უფრო მეტად ამახინჯებს გარემოს. ამასაც ავიტანდით, შენობას ფუნქცია რომ ჰქონდეს“,- აცხადებს გიორგი ლალიაშვილი.

„რიყის დოქების“ მშენებლობა 2013 წელს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ უკვე მეოთხე წელია შავი კარკასის მდგომარეობაშია. ქონების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ შენობა მათ საკუთრებაშია, მაგრამ ამ დროისათვის მისი ბედი გაურკვეველია.

„ეს შენობა მერიამ გადმოგვცა და მესაკუთრეები ვართ. მანდ რა უნდა აშენდეს, ამას ჩვენი სტრუქტურა არ წყვეტს. ამ ეტაპზე ჩვენი ქონებაა და სხვა არაფერი არ ხდება“, – აცხადებენ ქონების მართვის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

მათივე ინფორმაციით, შენობას დაცვა ჰყავს. რაც შეეხება შენობის დასუფთავებას, აქვე გვითხრეს, რომ ეს დასუფთავების სამსახურის პრეროგატივაა.

შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავას მერობის დროს დაწყებული მშენებლობა ახალმა მერმა დავით ნარმანიამ და მაშინდელმა პრემიერ მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დაიწუნა. ნარმანია თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვებამდე გეგმავდა „რიყის დოქების“, ველოსიპედის“ და მშვიდობის ხიდის“ სხვა ტერიტორიაზე გადატანას, თუმცა მეოთხე წელია არცერთ მათგანს ადგილი არ შეუცვლია.  იმის მიუხედავად რომ მოქალაქეები შენობას სხვა დანიშნულებით (საპირფარეშოების ფუნქციით) იყენებს, თბილისის “რიყის დოქები” designboom.com-მა მსოფლიოს 10 საუკეთესო ნაგებობას შორის დაასახელა.

 

ლიზი არსოშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები