LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე კარგს ვერაფერს მოვიფიქრებდით – დიმიტრი მედვედევი

84

2008 წლის კონფლიქტის დაწყება მიხეილ სააკაშვილისა და მისი გარემოცვის სუბიექტური არჩევანი იყო, – ეს განცხადება რუსეთის პრემიერმინისტრმა “კომერსანტთან” ვრცელ ინტერვიუში გააკეთა, რომელიც დღეს, რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიიდან 10 წლისთავზე გამოქვეყნდა.

“2008 წელს საქართველოს ხელისუფლებამ სააკაშვილის მეთაურობით “მწვანე შუქი” აუნთო აგრესიას. მოხდა ის, რაც მოხდა. ეს არ იყო გარდაუვალი. ეს, რა თქმა უნდა, იყო სააკაშვილის და მისი გარემოცვის სუბიექტური არჩევანი,” – ამბობს მედვედევი.

მისივე თქმით, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს რეგიონებში დაძაბულობა 1990-იანი წლებიდან შეიმჩნეოდა და “პრობლემის საფუძველი ის გადაწყვეტილებები იყო, რომლებიც მაშინ თბილისში მიიღეს.”

“სოჭიდან აფხაზეთში პირველად რომ ჩავედი, მაშინ ვიგრძენი, რომ ყოფით დონეზე მოქალაქეებს რთული დამოკიდებულება ჰქონდათ იმ პროცესებისადმი, რომლებიც მაშინ იკრებდნენ ძალას. პრობლემის საფუძველი ის გადაწყვეტილებებია, რომლებსაც 1990-იან წლებში თბილისში იღებდნენ, ხოლო აფხაზეთსა და ცხინვალში ეს მიუღებელი იყო. ამიტომ გაჩნდა კონფლიქტი და შევიყვანეთ მშვიდობისმყოფელები. 2008 წლამდე ნეგატიური პროცესების დაბალანსება ხერხდებოდა.”

„მე მივედი იმ დასკვნამდე, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე კარგს ჩვენ ვერაფერს მოვიფიქრებდით. პირველ რიგში მე ვხელმძღვანელობდი იმით, რომ მომავალში ამიერკავკასიაში მყარი მშვიდობა და სტაბილურობა შეგვენარჩუნებინა. ჩემი აზრით, ეს ერთადერთი შესაძლებელი ნაბიჯი იყო. შემდეგ მე ვესაუბრე მთავრობის თავმჯდომარეს ვლადიმერ პუტინს და მან ამ საკითხში მხარი დამიჭირა“, – განაცხადა მედვედევმა.

ამავე ინტერვიუში მედვედევი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ 2008 წლის ომის დაწყებისკენ სააკაშვილს აშშ-მა უბიძგა. მისივე თქმით, 2008 წელს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობის გადაწყვეტილება მან და ვლადიმირ პუტინმა ერთობლივად მიიღეს.

“ჩემი აზრით, ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მაშინ შექმნილ სიტუაციაში. როდესაც არსებობს დამოუკიდებელი ტერიტორიული გაერთიანებები, სახელმწიფოები და მათთან გვაქვს შეთანხმება რუსეთის სამხედრო კონტინგენტის განთავსების შესახებ, მაშინ ყველაფერი გასაგებია, მათ წინააღმდეგ არავინ არაფერს მოიმოქმედებს. ყველა ხვდება, რომ უფრო ძვირად დაუჯდება რუსეთთან საქმის დაჭერა, ვიდრე უტოპიური იდეების ხორცშესხმა,” – ამბობს რუსეთის მთავრობს მეთაური.

კომერსანტთან” ინტერვიუში დიმიტრი მედვედევი საუბრობს NATO-ზე და აცხადებს, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოება რუსეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს. განსაკუთრებით თუ ეს საქართველოსაც ეხება.

“ნატოს დაპირება, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი, არის უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება. ეს არის მუქარა მშვიდობის. საქართველოს ტერიტორიაზე არსებობს დაურეგულირებელი კონფლიქტი. ასეთი ქვეყანა სამხედრო ბლოკში უნდა მიიღონ? ამან შეიძლება გამოიწვიოს საშინელი კონფლიქტის პროვოცირება. გაუგებარია, ვის უნდა ეს,” – აცხადებს მედვედევი.

ჟურნალისტის კითხვაზე, გამოიწვევს თუ არა კონფლიქტს სიტუაცია, თუ საქართველოს NATO-შიაფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე მიიღებენ, მედვედევი დადებითად პასუხობს.

“ამან შეიძლება გამოიწვიოს კონფლიქტი. ჩვენთვის აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოებია, რომლებთანაც ვმეგობრობთ და სადაც ჩვენი ბაზებია დისლოცირებული. ამიტომ, იმედი მაქვს, NATO-ში ამას გაიაზრებენ და ამ მიმართულებით არაფერს მოიმოქმედებენ,” – განაცხადა რუსეთის მთავრობის მეთაურმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები