LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ახალი ტალღის“ მონაწილე საქართველოდან – გიორგი ნადიბაიძე კონკურსის, ქეთა თოფურიას და სიყვარულის შესახებ…

203

გიორგი ნადიბაიძე „ახალ ტალღაზე“ საქართველოს წარადგენს. „ვოისის“ გამარჯვებული ქეთა თოფურიას გუნდიდან საკმაოდ იღბლიანი აღმოჩნდა, რადგან „ვოისის“ შემდეგ მალევე საერთაშორისო კონკურსის მონაწილე გახდა.

გიორგის „ტიფლისის“ ვერანდაზე შევხვდით ინტერვიუს ჩასაწერად და ფოტოების გადასაღებად.

გიორგი:

ვერ გეტყვით, ველოდებოდი თუ არა, რომ „ახალი ტალღის“ კონკურსანტი გავხდებოდი, მაგრამ შანსი მომეცა და შესაძლებლობა.  დიდი ხანი ვფიქრობდი ამ პროექტში მონაწილეობაზე, გაჩნდა საერთო იდეა, რომ წავსულიყავით დუეტად მე და მარიამ აბდუშელიშვილი. ვადების გამო, მარიამი იმ დროს ამერიკაში წავიდა, ვერ ვასწრებდით ერთად მონაწილეობას. შესაბამისად, მე მარტო გავემგზავრე შესარჩევ კონკურსზე.

ჩემთან ერთად გახლდათ პროდიუსერი ნატო დუმბაძე. შესარჩევ ტურს ესწრებოდნენ საშა რევზინი და იგორ კრუტოი კიდევ რამდენიმე ადამიანთან ერთად. საკმაოდ ძლიერი ნაკადი დამხვდა, მაგრამ ეს უფრო ღია ტიპის კასტინგი იყო. სხვა მონაწილეებიც ესწრებოდნენ მოსმენას.

DSC_7120შესარჩევზე შევასრულე ლაიონელ რიჩის „Hello“ და გია ყანჩელის „ჰერიო, ბიჭებო“. მეორე დღე იყო გადამწყვეტი და სწორედ იმ დღეს გვითხრეს, რომ მონაწილეობას მივიღებდი. კიდევ ერთი გოგონაა, ის მოსკოვში ცხოვრობს და ასევე საქართველოს წარადგენს. ამაში პრობლემას ნამდვილად ვერ ვხედავ და ხელს არ მიშლის. პრაგმატულად თავდაჯერებული ვარ, საჭირო დონეზე, დადებით კონტექსტში. ცუდია, როცა იმის გჯერა, რაც არ შეგიძლია, მე კი ნამდვილად შემიძლია, სხვისი კონკურენტი ვიყო. გამიხარდა, რომ ჩვენი ქვეყნიდან ორი კონკურსანტია. იმას უფრო დავუშვებდი, არც ერთი რომ არ ყოფილიყო. არ მინდა, ხაზი გავუსვა მიზეზებს, მიუხედავად იმისა, რომ ეს კონკურსი პოლიტიკას აბსოლუტურად ემიჯნება. შესაძლებელი იყო უარი, მაგრამ როგორც ხედავთ, ორი კონკურსანტი ვართ…

ქეთას როლი როგორია ამ ყველაფერში?

ქეთას მნიშვნელოვანი როლი აქვს. პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ჩემ მიმართ ძალიან დიდი ყურადღება გამოხატა. იდეა, რომ ამ პროექტში ვარ და ისიც, რომ ეს ყველაფერი გამოვიდა, მნიშვნელოვანწილად ქეთას დამსახურებაა. მან უამრავი რჩევაც მომცა, რადგან მივდიოდი ჩემთვის სრულიად უცხო გარემოში. დიდი მუშაობა მიდის იმაზე, რა უნდა ვიმღეროთ და როგორ წარვდგეთ. ჩაცმას ისინი აგვარებენ, სიმღერებთან დაკავშირებით ქეთა და ნატო დუმბაძე მეხმარებიან. ორივეს აქვთ გამოცდილება, რისი გატანა სჯობს სცენაზე.

როგორი ურთიერთობა გაქვთ?

ძალიან დადებითია ურთიერთობაში, მეგობრული. კარგი დამოკიდებულება გვაქვს ერთმანეთის მიმართ.

DSC_7026გიორგი, ამ კონკურსის პოლიტიკურობაზე საუბარს მაინც ვერ ავცდებით. „ახალი ტალღის“ კონკურსანტებს ისედაც სულ აკრიტიკებდნენ, ასეთი ფონია და შენ როგორ შეხვდები ამ ამბავს?

არა მგონია, რომ რაიმე ლოგიკური კრიტიკა მომესმინოს მონაწილეებთან დაკავშირებით. ზოგს შავი ფერი უყვარს, ზოგს – თეთრი. მე პირადად არანაირად არ მიმაჩნია, რომ რაღაცას ვაშავებ. პირიქით, ვცდილობ, ჩემი ქვეყანა ვასახელო და მაქსიმალურად ვეცდები, წარმატებას მივაღწიო და მოვიპოვო გამარჯვება. თუკი ჩემი ოპტიმიზმი და პატრიოტული გამოხატულება ვიღაცას „არაპატრიოტულად“ მოეჩვენება, ეს უკვე მე აღარ მეხება. მე კი ვფიქრობ, რომ ორი აზრი არ არსებობს, რა საშუალებაც უნდა მოგვეცეს მომღერლებს, ყველა უნდა გამოვიყენოთ.

ქართველი შემსრულებლები არ ვართ განებივრებული სცენაზე დგომით. ამხელა პროექტი „ვოისი“ დასრულდა და გამარჯვებული გავხდი, მაგრამ სიმართლე გითხრათ, იმდენად ვერ იგრძნობა. დამეთანხმებით, რომ ამ ეტაპზე საქართველოში ეს სფერო არ არის მოწოდების სიმაღლეზე.

მე რომ მქონოდა იმის შანსი, რომ ჩემს ქვეყანაში ალბომზე მემუშავა, შესაძლოა, არც წავსულიყავი „ახალ ტალღაზე“, ახლა კი რატომ უნდა გავუშვა ეს შანსი ხელიდან? აუცილებლად უნდა გამოვიყენო. ამ შესაძლებლობას ხელიდან არც ერთი „პატრიოტულად მოაზროვნე“ ადამიანის გამო არ გავუშვებ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ არის ჩემი ქვეყნის საწინააღმდეგოდ. პირიქით, ძალიან კარგია მის უკეთ წარმოსაჩენად. მით უმეტეს, წინა წელს არ მიუღია მონაწილეობა საქართველოს, სოჭში. ეს ლოგიკაც არ მესმის, რატომ არ უნდა იყოს საქართველო წარმოდგენილი ამ კონკურსზე, მით უმეტეს, სოჭში.

DSC_7014მას შემდეგ, რაც „ვოისში“ გამოჩნდი, აუცილებლად მოგემატებოდნენ თაყვანისმცემლები. რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?

არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ვერაფერს ვიტყვი ამ თემაზე საინტერესოს. საქმიანი ბიჭი ვარ. ასეთი პერიოდი მაქვს. 24 წლის ვარ. ეს ასაკზეც არ არის დამოკიდებული. ვერ გეტყვით, როგორი უნდა იყოს გოგონა, რომელიც მე მომეწონება. ალბათ, „ისეთი“ და ჯერ არ შემხვედრია (იღიმის). რთულად პასუხგასაცემი კითხვაა. დამეთანხმებით ალბათ, რომ გარეგნობა მნიშვნელოვანია.

გქონია რაიმე სერიოზული გრძნობა?

სერიოზული ურთიერთობა არ მქონია, არც პასუხისმგებლობა, რომელიც ამ  ყველაფერს თან ახლავს. არ მივსულვარ იმ აზრამდე, რომ ეს მომენდომებინა. პირადად მე დღევანდელი დღის რეჟიმით არ ვარ უკმაყოფილო. ეს ჩემთვის მომგებიანი აღმოჩნდა. შესაძლოა, უფრო მომგებიანი ყოფილიყო საყვარელ ადამიანთან ერთად…

საერთოდ, თავი სენსიტიური ადამიანი მგონია (იღიმის). მაინც მგონია, რომ შემიყვარდება, ძალიან… აი, ეს ჩემი კარიერისთვის რამდენად კარგი იქნება, არ ვიცი, ასე რომ, ჯერჯერობით, მადლობა, იყოს… (იცინის).

ნინო მურღულია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები