LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახეული ყური, დამტვრეული თითები – ბავშვის ცემა, როგორც “ეროვნული ტრადიცია”

„მუსიკის მასწავლებელი თითებზე ისე მწარედ გვირტყამდა, სახაზავი ტყდებოდა“, „მერხიდან კარამდე ყურით გამათრია“, „შატალოსთვის ყველა დაგვაყენა და ცოცხით გვცემა“ –  მსგავსი ისტორია სკოლიდან თითქმის ყველა ჩვენგანს აქვს, ზოგს მწარე ღიმილით ვიხსენებთ, ზოგს კი, უბრალოდ, ვივიწყებთ.

25 წლის თემოს ცეკვის მასწავლებლისგან არამარტო სულიერი, ფიზიკური ტრავმაც დარჩა – ნაწიბური „ახეულ ყურთან“.

35 წლის მიშა მხოლოდ იმიტომ სცემა მასწავლებელმა, რომ თანაკლასელს გამრავლების ტაბულა უკარნახა.

„ისე მცემა სკოლის დირექტორმა, თვალებიდან ნაპერწკლები მცვიოდა“ …

ფორტეპიანოსადმი ზიზღი დღემდე შემორჩა 31 წლის თათას. როგორც ამბობს,  კლავიშთან ყოველი შეხება სახაზავით შეიარაღებულ მუსიკის მასწავლებელს ახსენებს,  არასწორი ნოტის აღებისთვის თითების დამტვრევამდე  რომ სცემდა მოსწავლეებს.

ფსიქოლოგები ამბობენ,  რომ ძალადობის მსხვერპლი ბავშვები ხშირად  თავადაც მოძალადე მშობლები ხდებიან. 

საქართველოში  ბავშვთა მიმართ ძალადობის მაღალ მაჩვენებელზე სახალხო დამცველის თითქმის ყველა ანგარიშშია საუბარი. უჩა ნანუაშვილის უწყების ცნობით,  მარტო გასულ წელს, ოფიციალურად, ბავშვთა  მიმართ ძალადობის 755 ფაქტი დაფიქსირდა.

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში განსაკუთრებით პრობლემურია ბავშვთა ფიზიკური დასჯისა და ბულინგის შემთხვევები…  2017 წელს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა ვიზიტები განახორციელეს  საქართველოს მასშტაბით 109 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, მათგან  98 –  საჯარო , 5 – კერძო სკოლა და 6 სკოლა-პანსიონი იყო .

„ძალადობის სხვადასხვა ფორმებიდან ცალსახად იკვეთება ყვირილი, რომელსაც ყველაზე მეტი მოსწავლე ასახელებს უფროსების მიერ გამოყენებულ მიმართვად,“  – ნათქვამია ომბუდსმენის დასკვნაში.

ბავშვთა მიმართ ძალადობაში მასწავლებლებზე მეტად მშობლები „აქტიურობენ“.

„ფორტუნას“ მიერ გამოკითხული 10 მშობლიდან დასჯის ფორმად ყვირილს 10-ვე მშობელი მიმართავს. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შერჩეულმა პირველივე რესპონდენტმა დაადასტურა, რომ დასჯის ისეთ მეთოდებს, როგორიც არის  ყვირილი, შეჯანჯღარება და ხელზე დარტყმა, ხშირად იყენებს.

ოთხმოცჯერ როცა ვეტყვი და არ ესმის, ამ შემთხვევაში სხვა გზა არ მრჩება. რა მეთოდით ვაიძულო, ისწავლოს, არ მოიქცეს ცუდად და ა.შ.?!  ხელზეც დამირტყამს, მიჩქმეტია. სხვა გამოსავალს არ მიტოვებს,“ – ამბობს 2 შვილის დედა, 30 წლის ეკა.

„ყურის აწევა რა არის, ქამრითაც მიცემია ჩემი შვილები, როცა სიტყვიერად ვერ აგებინებ ბავშვს. დამნაშავეა უნდა დასაჯო. ახლა ყველაფერს ძალადობას ეძახიან, საჯდომზე წამორტყმა რა ძალადობაა,“  – ამბობს 55 წლის ნატო.

 

არ არსებობს მისაღები ძალადობა

ყვირილი, ყურის აწევა, კუთხეში დაყენება – დასჯის ამ მეთოდებს მშობელთა და მასწავლებელთა ნაწილი ბავშვზე ძალადობად დღემდე არ მიიჩნევს.  ძალადობის მსგავსი ფაქტები არ ხვდება ოფიციალურ სტატისტიკაშიც.  

გასულ კვირას  ცეკვის მასწავლებლის მიერ ბაღში მოსწავლის ყურით გათრევის ვიდეოკადრების მიუხედავად, მშობელს მაინც უწევდა დირექტორისთვის და პოლიციისთვის  მტკიცება,  რომ ეს ძალადობაა. მოძალადედ არ თვლიდა თავს ცეკვის მასწავლებელიც.

მიადგა თუ არა ბავშვს განსაკუთრებული ფიზიკური ტრავმა, ამის მიუხედავად ის მაინც ძალადობის მსხვერპლია და ფაქტი მისი ფსიქოლოგიისთვის დამანგრეველი შეიძლება, აღმოჩნდეს  –  ამბობენ ფსიქოლოგები.

„ხშირად მცირე ზომის ძალადობას, მაგალითად, წამორტყმას, კუთხეში დაყენებას, დაცინვას, ზედმეტსახელის დარქმევას, ძალადობად არ მიიჩნევენ. რეალურად  ყველაფერი, რაც ბავშვის ღირსებას შელახავს , სულიერ,  მორალურ, ფიზიკურ ტკივილს მიაყენებს,  მიუღებელია. არ არსებობს მისაღები ძალადობა.  20 წლის წინანდელია მიდგომა, როცა მიიჩნევენ,  რომ, თუ ბავშვს არ მიუღია ფიზიკური ტრავმა, ძალადობის მსხვერპლი არ არის, მცდარია. შეილახა ბავშვის ღირსება,  დამცირებულად იგრძნო თავი, რცხვენია თანატოლებთან –  ეს ძალადობაა,” – ამბობს „ფორტუნასთან“ ბავშვთა უფლებადამცველი, ანა არგანაშვილი.

 

ვინ დაიცავს ბავშვებს?

სახალხო დამცველი  სახელმწიფოს, საგანმანათლებლო დაწესებულებებში ძალადობის პრევენციის და მასზე რეაგირების  მექანიზმების დასახვეწად კოორდინირებული პოლიტიკის შემუშავებისკენ მოუწოდებს. 

მშობელთა ცნობიერების ამაღლებასა და  არსებული კანონმდებლობის ეფექტურად გამოყენებაზე მიუთითებს  სახელმწიფოს ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“.

„იმისთვის,  რომ მშობელს იცოდეს ბავშვის უფლებები და ა.შ. აუცილებელია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ამ კუთხით სახელმწიფო არაეფექტურია.  რაც შეეხება მასწავლებლებს და იმ პირებს, ვინც ბავშვებთან მუშაობს, ამ მხრივ კანონმდებლობა საკმაოდ მკაცრია, მაგრამ აღსრულების მექანიზმია სუსტი. კანონში მკაცრად არის გაწერილი, რომ ბავშვზე ძალადობის შემთხვევაში ან ძალადობის შეუტყობინებლობისთვის სისხლის სამართლებრივი და ადმინისტრაციული სასჯელია გათვალისწინებული,“ – ამბობს ანა არგანაშვილი.

გარდა შესაბამისი სახელმწიფო უწყებების ქმედითობის გაზრდისა, ბავშვთა უფლებადამცველები  საზოგადოების როლზე ამახვილებენ ყურადღებას.

არ დახუჭოთ თვალი, როცა ბავშვზე ძალადობენ. ბავშვზე ძალადობის შემთხვევაში,  დარეკეთ 15 05-ზე. ბავშვი მშობლის საკუთრება არ არის და საზოგადოების ნაწილია…  გახსოვდეთ,  რომ არ არსებობს მისაღები ძალადობა.

 

 

თამუნა გოგუაძე

 

პოპულალურები