LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანიტა რაჭველიშვილის საქველმოქმედო საღამო „იავნანას“ ეგიდით და მომღერლისთვის გადაცემული „ოქროს რაში“

187

25 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსის, მევიოლინე ვატო მაღრაძის დასახმარებლად, „იავნანას“ ეგიდით, მორიგი საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა, რომლის მთავარი ფიგურანტი მსოფლიოში აღიარებული მეცოსოპრანო, ანიტა რაჭველიშვილი გახლდათ. სიმფონიურ ორკესტრთან ერთად სახელგანთქმულმა საოპერო შემსრულებელმა დარბაზში თუ ტელეეკრანებთან შეკრებილ მაყურებელს დაუვიწყარი მუსიკალური შთაბეჭდილებებით სავსე საღამო აჩუქა.

როგორც ანიტამ აღნიშნა, მიუხედავად ნეგატიური მოვლენებით დატვირთული პერიოდისა, ეს საღამო ვატოს მიეძღვნებოდა და ასეც მოხდა. გერმანიაში მყოფ მუსიკოსს, რომელსაც მწვავე ლეიკემიის დიაგნოზი აქვს დასმული და ქიმიოთერაპიის კურსის შემდეგ ტრანსპლანტაციას ელოდება, ნებისმიერი სახის ფინანსური დახმარება გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს…

სწორედ ამისთვის შეიკრიბნენ თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში მისი კოლეგები, რომელთა ნაწილმა მხარდაჭერა სცენაზე დგომით გამოხატა, ნაწილმა კი პირდაპირ ფინანსური დახმარებით, რაც საკმაოდ სოლიდურ თანხებში გამოიხატა – გია ყანჩელმა 10 000 ლარი, ნანი ბრეგვაძემ – 2000, ხოლონინო ქათამაძემ 1000 ლარი გაიღეს ვატოსთვის არსებულ საერთო ყულაბაში…

საღამოს განმავლობაში 33 000 ზარი განხორციელდა, მხოლოდ ცნობილი ადამიანების შემოწირულობებით 60000 ლარამდე შეგროვდა… მთლიან თანხას ფონდი „იავნანა“ დღეს საღამოსთვის დაითვლის, თუმცა ცხადია, რომ მნიშვნელოვანი შენატანი შეგროვდა ვატო მაღრაძის მკურნალობისთვის.

საღამოს მსვლელობისას გერმანიიდან ვატომ თავად მიმართა მაყურებელს და ყველა მეგობართან და კოლეგასთან ერთად, თითოეულ ადამიანს დიდი მადლობა გადაუხადა თანადგომისთვის.

მათ შორის, ვინც საქველმოქმედო კონცერტზე ჩამოსვლა ვერ შეძლო, თუმცა თანადგომა გამოხატა, იყვნენ პაატა ბურჭულაძის დიდი ხნის მეგობარი, ბრწყინვალე შემსრულებელი, ხოსე კარერასი და ასევე ქართველი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი, რომელთა მიმართვაც მაყურებელმა ეკრანებიდან მოისმინა.

ანიტა რაჭველიშვილთან ერთად, კონცერტში მონაწილეობა მიიღეს გიორგი ონიანმა, ბექა გოჩიაშვილმა, ვირტუოზმა მევიოლნე ცზიუ ჰამ, ანსამბლმა „ვარადა“, ბრწყინვალე ახალგაზრდა პიანისტებმა, სანდრო ნებიერიძემ და გიორგი გიგაშვილმა ცნობილი ორი როიალის შერკინებით, ხოლო საქველმოქმედო ფონდის ცნობილი ჰიმნი ნატო მეტონიძემ, ლიზა ბაგრატიონმა, სალომე ბაკურაძემ, მარიკო ებრალიძემ შეასრულეს…

ანიტა რაჭველიშვილის მიერ შესრულებული „კარუზო“, „კარმენი“ და „ვარადა“–ს თანხლებით „ჰერიო, ბიჭებო“, რომლის დასრულებისას მომღერალმა ცრემლები ვერ შეიკავა, ხანგრძლივი აპლოდისმენტებით დააჯილდოვეს…

საღამოს ბოლოს სცენაზე „იავნანას“ დამფუძნებელი, პაატა ბურჭულაძე გამოვიდა, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ სიკეთე ბოროტებაზე გაიმარჯვებს და წარადგინა საქველმოქმედო ფონდის მთავარი ჯილდოს მორიგი გამარჯვებული – „ანიტა ორი რამის გამო გვიყვარს: მას არ ავიწყდება თავისი სამშობლო, მიუხედავად იმისა, რომ ის ცხოვრობს ძალიან კარგად, სულ აინტერესებს, რა ხდება საქართველოში და მწვავედ რეაგირებს… და მეორე, მიუხედავად იმისა, რომ ანიტა ძალიან ახალგაზრდაა, ის უკვე შევიდა მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მომღერლებს შორის. დიდი მადლობა მას ამისთვის…“ რასაკვირველია, არავის გაუკვირდა, რომ პაატა ბურჭულაძემ, ფონდის შვილობილთან, დიტო რაზმაძესთან ერთად, „ოქროს რაში“ ანიტა რაჭველიშვილს გადასცა.

სადადგმო ჯგუფი: სცენარის ავტორი და რეჟისორი თეო ჯორბენაძე, დამდგმელი მხატვარი ვანო ჭელიძე, ანიტა რაჭველიშვილის კოსტუმის მხატვარი დათუნა სულიკაშვილი, სატელევიზიო ვერსიის რეჟისორი ნიკა ლომიძე.

ღონისძიება მეცოსოპრანომ „განთიადი“–თ დაასრულა, რომელიც მის ერთ–ერთ საფირმო შესრულებად მიიჩნევა…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები