LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არ მოვიწონებ, როცა კვერცხს ფერადად ღებავთ… საფლავზე გადაგორებაც ჩვეულებაა” – სააღდგომოდ გავრცელებული მცდარი ტრადიციები

419

სააღდგომო სუფრაზე, ტრადიციული წითელი კვერცხის პარალელურად, სულ უფრო პოპულარული ხდება ფერადი, მოხატული და სპეციალური წებოვანი სტიკერებით მორთული კვერცხის გამოყენება.

სააღდგომოდ,  სიახლის მიზნით კვერცხის სხვადასხვა ფერად შეღებვას და გაფორმებას სასულიერო პირები  არამართებულად მიიჩნევენ. მღვდელი მამა ლევან ზაკალაშვილი „ფორტუნასთან“  წითელი კვერცხის სიმბოლურ დატვირთვასა და სააღდგომოდ გავრცელებულ მცდარ ტრადიციებზე საუბრობს.

“სააღდგომო კვერცხი აუცილებლად წითელი ფერის უნდა იყოს,  რადგან ქრისტეს სისხლით  გამოსყიდულნი ვართ. არ მოვიწონებ, როცა კვერცხს ფერად-ფერადად ვღებავთ. არ არის მართებული ასევე  კვერცხის მოხატვა, სტიკერების დაკვრა. კვერცხი უნდა იყოს წითელი. გამოდის,  რომ ასეთ დროს ადამიანს  აღდგომის არსი  არ ესმის  და ყველაფერი რიტუალურ ჩვეულებაში გადააქვს. ალამაზებენ, ახატავენ, ეს ყველაფერი გართობას, შეჯიბრს ჰგავს  – ვინ უფრო ლამაზად მორთავს კვერცხს.

“გასათვალისწინებელია კიდევ ერთი დეტალი – კვერცხი, როგორც წესი ,წითელ პარასკევს იღებება, იმ დროს, როცა ეკლესიებში დატირების,  გარდამოხსნის რიტუალი სრულდება. მნიშვნელოვანია, არ გამოვტოვოთ ეს რიტუალი და ამ დროს სახლში არ ვიყოთ კვერცხის  შესაღებად,“ – განმარტავს სასულიერო პირი.

 

 

საქართველოში აღდგომის დღესასწაულს უკავშირდება  საფლავზე გასვლის ტრადიციაც.

როგორც სასულიერო პირი ამბობს,  მოსახლეობის კითხვა – აღდგომას უნდა წავიდეთ საფლავებზე თუ  ორშაბათს,  მარადიულ დილემად იქცა.

„მოსახლეობის 90%, როგორც წინასააღდგომო დღეებში,  ასევე აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე არასწორად იქცევა. სასაფლაოებთან მისასვლელი გზები იკეტება,  ყველა ამ დღეს გადაწყვეტს გარდაცვლილის პატივისცემას მაშინ, როცა საფლავის მონახულება სხვა დღეებშიც შეეძლოთ.

“ეკლესიასთან არანაირი კავშირი არა აქვს საფლავზე კვერცხის გადაგორების ჩვევას. მიჩნიათ,  რომ ასე გარდაცვლილის აღდგომას ულოცავენ. საფლავზე ღვინის მოსხმას და კვერცხის გაგორებას იმხელა მნიშვნელობას ანიჭებენ  მაშინ, როცა ეს ტრადიციაც კი არ არის და ხალხის გამოგონილი ჩვევაა. ეს ისეთივე გართობას ჰგავს, როგორც ბავშვები ერთობიან წითელი კვერცხის გატეხვით, თუმცა, ბავშვებისთვის ეს დასაშვებია,“ – ამბობს მამა ლევანი „ფორტუნასთან“  საუბარში.

 

 

 

თამუნა გოგუაძე

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები