LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩილ თალაკვაძე – გრიგოლ ვაშაძის რუსული პასპორტი დავტოვოთ მის პირად საკითხად და მხარი დავუჭიროთ სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც ევროპის, ამერიკის დიპლომატიაში აქვს სერიოზული კავშირები

95

გრიგოლ ვაშაძის რუსული პასპორტი დავტოვოთ მის პირადულ საკითხად და მხარი დავუჭიროთ სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც ევროპის, ამერიკის დიპლომატიაში აქვს სერიოზული კავშირები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ზუგდიდში ამომრჩეველთან პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის შეხვედრაზე განაცხადა.

არჩილ თალაკვაძემ სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებს მიმართა, რომ „ქართულ ოცნებას“ დემოკრატიული არჩევნების ჩატარება სურს, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობას“ – რევანში ყველაფრის ფასად. თალაკვაძის თქმით, დღეს სიცრუის მანქანა მუშაობს არამხოლოდ სალომე ზურაბიშვილის, არამედ იმ თავისუფალი და მშვიდი გარემოს წინააღმდეგ, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ წლების განმავლობაში დაამკვიდრა.

„შესაძლოა, ზოგიერთებმა იფიქრეს, რომ რადგან, „ქართულმა ოცნებამ“ არ დააყენა საპრეზიდენტო კანდიდატი, მოვიდა ჩვენი დრო და ახლა ყველაფრის ფასად რევანშს მოვაწყობთ, დიახ, განსხვავება ჩვენს შორის დღეს არის ეს. „ნაციონალურ მოძრაობას“ და მასთან დაკავშირებულ სატელიტებს სურს რევანში ყველაფრის ფასად. ჩვენ გვინდა დემოკრატიული არჩევნები. აი, ეს არის ძირითადი განსხვავება ჩვენს კამპანიებს შორის“,

ზუგდიდელებმა მითხრეს, რომ სალომე ზურაბიშვილს „რუსთავი 2“ და „ნაციონალური მოძრაობა“ დასცინის. პირიქით, ამაზე დიდი და ამაზე სათაყვანებელი რა უნდა იყოს, როდესაც ადამიანმა რამდენიმე ათეული წელი გაატარა ემიგრაციაში, იქ დაიბადა, იქ გაიზარდა და თავისი ქართული შეინახა, თავისი საქართველო შეინახა და დაბრუნდა თავის ქვეყანაში. მაჩვენეთ კიდევ რამდენიმე ადამიანი, რომელმაც ამდენი წელი იცხოვრა ემიგრაციაში, იქ დაიბადა, გაიზარდა და ასეთი საოცარი ქართულით ლაპარაკობს. მეორე, რაც ყველამ მითხრა, არის ის რომ ხმას ვაძლევთ მას, რადგან ეს არის უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანი. სად იყვნენ დღეს ვაიდემოკრატები, სად იყვნენ ადამიანის უფლებათა ვითომ დამცველები, რომლებმაც დღეს ამოიღეს ხმა იმ მედიაში, რომელიც ჩვენ გავათავისუფლეთ, რადგან მათ დროს მედია არ არსებობდა. არსებობდა ჯიბის ტელევიზიები, რომლებსაც ისინი აკონტროლებდნენ. დიახაც, სალომე ზურაბიშვილი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც დაუპირისპირდა ყველაზე საშიშ სახელმწიფო მანქანას, რომელიც მოქალაქეების წინააღმდეგ იყო მომართული და ეს სტრასბურგის სასამართლოს მინიმუმ სამ გადაწყვეტილებაში წერია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამასთან, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილს მთავარი დამსახურება მიუძღვის საქართველოდან რუსეთის ბაზების გაყვანაში. არჩილ თალაკვაძის თქმით, სწორედ სალომე ზურაბიშვილის ხელმოწერაა იმ დოკუმენტზე, რომელიც ბაზების გაყვანას უკავშირდება.