LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არც აღდგომა იციან, არც საფლავი, არც ოჯახი და საერთოდ სამშობლო ხომ არ იციან, და არ იციან – არც მისი ნამდვილი საზღვრები და არც გარჩევა საკუთარი და მეზობლის მიწების შორის“ – პრეზიდენტი საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის დაკავებაზე

200
Untitled design (62)

„ეგრეთწოდებული ერთორწმუნე და ვითომცა ღირებულებების დამცველი! არც აღდგომა იციან, არც საფლავი, არც ოჯახი და საერთოდ სამშობლო ხომ არ იციან, და არ იციან – არც მისი ნამდვილი საზღვრები და არც გარჩევა საკუთარი და მეზობლის მიწების შორის“, – ასე ეხმაურება პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოფელ გუგუტიანთკარიდან საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქის დაკავებას.

პრეზიდენტი წერს, რომ „ამ ყველაფრის მიუხედავად ვიღაცები მეგობრობასა და მტერს შორის რაღაც უღირს ტოლობის ნიშანს სვამენ“

ცნობისთვის, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის მცხოვრები, 40 წლის რამაზ ბეღელური, საოკუპაციო ძალების უკანონო პატიმრობაში მეხუთედ იმყოფება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია 29 აპრილს გაავრცელა, რომელშიც წერია, რომ ბეღელური ოკუპირებულ დისევთან ახლოს დაიჭირეს.

დაკავებულის დედა ნორა ბეღელური ამბობს, რომ შვილი სოფლის სასაფლაოზე, ძმის საფლავის გასასუფთავებლად იმყოფებოდა და ამის შემდეგ მისი კვალი დაიკარგა. რამაზს ნათესავები დიდი ხნის განმავლობაში ეძებდნენ და მხოლოდ მეორე დღეს, მეზობელი სოფლიდან გაიგეს, რომ ის ოკუპირებული ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

„თავის ძმის საფლავზე იყო, ასუფთავებდა, წინა დღესაც იქ იყო. სასაფლაოსთან რუსებს კარი აქვთ და იქით გასვლა უკვე აღარ შეიძლება და იმ ადგილზე რა მოხდა, უკვე აღარ ვიცი“, – ჰყვება ნორა ბეღელური.

დაკავებულის დედა იმასაც ამბობს, რომ რამაზის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, მას ეპილეფსია აქვს და მუდმივი სამედიცინო მეთვალყურეობა სჭირდება, ხშირად საავადმყოფოში წევს და მედიკამენტების გარეშე ვერ გაძლებს.

„წამლების ქვეშ არის. არ შეიძლება, რომ არ დალიოს. მას ეს დაავადება არ ჰქონია, პირველად რომ დააკავეს, მაშინ სცემეს და მას შემდეგ თავს სულ ცუდად გრძნობს, სამი თვის წინაც „ვივამედის“ კლინიკაში იწვა, მძიმედ იყო, ექიმებიც კი უიმედოდ იყვნენ. ცხინვალში აბა, წამალი საიდან ექნება და ასეთ მდგომარეობაში მისი ყოფნა არ შეიძლება. მოვითხოვ, რომ დროულად გამოუშვან. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა აუცილებლად გასათვალისწინებელია“, – აცხადებს ნორა ბეღელური რადიო „თავისუფლებასთან“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები