LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ში საქართველოს დამოუკიდებლობის 100  წლისთავისადმი მიძღვნილ  ღონისძიებებზე  გიორგი მიქაძის  „Georgian Overtones“ შესრულდა

202

ამერიკის შეერთებულ შტატებში.  ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში  საქართველოს დამოუკიდებლობის 100  წლის იუბილეს ფართომასშტაბური ღონისძიებებით აღნიშნეს. საქართველოს მთავრობის სპეციალური მოწვევით საპატიო აუდიტორიის წინაშე  წარსდგა აშშ-ში მცხოვრები წარმატებული ქართველი  პიანისტი და კომპოზიტორი  გიორგი მიქაძე პროექტით „Georgian Overtones“.  კონცერტები და საზეიმო მიღება  გაიმართა  23 მაისს,   ვაშინგტონის „მშვიდობის ინსტიტუტში“  (US Institute of Peace)  და  24  მაისს  ნიუ-იორკში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბ-ბინის ECOSOC-ის პალატაში.

ნოვატორული მუსიკალური პროექტი „Georgian Overtones“ წარმოადგენს ერთგვარ კულტურულ კოლაბორაციას, რომელშიც ორგანულადაა შერწყმული მრავალსაუკუნოვანი ქართული ხალხური შემოქმედების, კლასიკური მუსიკის,  ჯაზის,  ფიუჟენის და მიკროტონალური მუსიკის  ელემენტები.  უნდა აღინიშნოს, რომ პროექტის  თითოეული კომპოზიცია განსხვავდება, როგორც ჟანრულ-სტილურად და თემატურად, ასევე დრამატურგიულად. პროექტის ავტორმა, გიორგი მიქაძემ საოცარი პროფესიონალიზმითა და ოსტატობით მოახდინა ქართული ფოლკლორის  და თანამედროვე მუსიკალური მიღწევების ჰარმონიული სინთეზი, შედეგად კი ახალი ჟღერადობის მუსიკალური პროდუქტი  შეიქმნა. განსაკუთრებით შთამბეჭდავია, რომ მუსიკის მეშვეობით მსმენელმა იმოგზაურა   საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში.

„Georgian Overtones“  პირველად  შესრულდა   2017 წლის 29 აგვისტოს   „გერმანია-საქართველოს  წლის“  ფარგლებში  „ბერლინის კონცერტჰაუსში“, რომელსაც უდიდესი წარმატება ხვდა წილად. ამჯერადაც, საქართველოს სახელმწიფოებრივად უაღრესად მნიშვნელოვანი თარიღის აღსანიშნავად და ქართული საშემსრულებლო ხელოვნების  ღირსეულად წარმოსაჩენად   შეერთებულ შტატებში არჩევანი სწორედ  გიორგი მიქაძის პროექტზე შეჩერდა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ „Georgian Overtones“  თანამედროვე ქართული მუსიკის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიმუშია.

გიორგი მიქაძესთან ერთად  2018 წლის  23  მაისს  ვაშინგტონის მშვიდობის ინსტიტუტში  და 24  მაისს ნიუ-ნიორკში  გაეროს სათაო ოფისში  პროექტ „Georgian Overtones“  მონაწილეობენ    ახალგაზრდა,  წარმატებული ჩელისტი სანდრო სიდამონიძე,  ფოლკლორული ტრიო:  სერგო ურუშაძის, პაატა ცეცხლაძის  და ზურაბ წკრიალაშვილის  შემადგენლობით,  ნიუ-იორკში მოღვაწე  ცნობილი მუსიკოსები ური გურვიჩი (საქსოფონი), ბენჯამინ ტიბერიო  (კონტრაბასი) და რაფაელ  პანიე (დასარტყამი ინსტრუმენტები).

კონცერტების პარალელურად ნიუ-იორკში შედგა  შოთა რუსთაველის 850 წლისადმი მიძღვნილი საფოსტო მარკის პრეზენტაციაც.

შეერთებულ შტატებში დაგეგმილი ღონისძიებები ხორციელდება საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს და  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის ორგანიზატორია:   აშშ-ში გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა,  საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში.  პროექტის პარტნიორია: YAMAHA  Artist  Services  და  ქართული სახელოვნებო სააგენტო

საიუბილეო ღონისძიებებს დაესწო აშშ-ში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები,  საქართველოს დელეგაცია და სხვა საპატიო სტუმრები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები