LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტობუსის და ტრაილერის შეჯახების შედეგად დაშავებული 2 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა

44

ჩქაროსნულ მაგისტრალზე, სოფელ ფერმასთან ტრაილერისა და ავტობუსის შეჯახების შედეგად დაშავებული ორი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. მათ გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდათ და ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩებიან. სულ, კლინიკაში შეყვანილი 10 ადამიანიდან 9 კვლავ სამკურნალო დაწესებულებაში რჩება.

“მცხეთის სამედიცინო ცენტრში ავტოსაგზაო შემთხვევიდან სულ შემოყვანილი იქნა ათი პაციენტი. აქედან ერთი გაეწერა კლინიკიდან. 7 განაგრძობს მკურნალობას ქირურგიულ განყოფილებაში სტაბილური მდგომარეობით. ორს ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია სასიცოცხლო ჩვენებით. მათი მდგომარეობა ჯერჯერობით მაინც რჩება არასტაბილური და მიმდინარეობს რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობა. რჩებიან მართვით სუნთქვაზე. ჩატარებულია ტრავმატოლოგიური ოპერაცია, პარალელურ რეჟიმში. ამ ეტაპზე სტაბილიზაციის მიღწევა ხერხდება მედიკამენტების ფონზე. არასრულწლოვანი 4 პაციენტი არის სტაბილურ მდგომარეობაში. განაგრძობენ მკურნალობას ქირურგიულ განყოფილებაში”, – ამბობს რუსთავი 2-თან კლინიკის მენეჯერი, დავით შონია.

ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, სოფელ ფერმასთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა 13 ადამიანი. დაშავებულებიდან 6 ბავშვია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში დაიკითხნენ როგორც ტრაილერის ასევე ავტობუსის მძღოლები.

უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები