LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბახვა ბრეგვაძე და ლიკა ევგენიძე ერთმანეთს უსიტყვოდ უგებენ: „ლიკა ლამაზიცაა და ჭკვიანიც…“

369

ბახვა ბრეგვაძე და ლიკა ევგენიძე ბავშვობის მეგობრები არიან. ერთმანეთს ყველა საიდუმლოს ანდობენ, უსიტყვოდ უგებენ ერთმანეთს და მოკლედ, ნამდვილი მეგობრობა აკავშირებთ, რომელიც წლებია, გრძელდება…

ბახვასა და ლიკას შევხვდით „სტრადაში“, სადაც ლიკამ თავისი უმცროსი ვაჟი, ალექსანდრე მოიყვანა. ის ბახვას ნათლულია. ალექსანდრე დედისა და ნათლიის წინ მოკალათდა და სანამ ჩვენ ინტერვიუ ჩავწერეთ, ტელეფონით თამაშობდა.

როგორ დაიწყო თქვენი მეგობრობა?

ბახვა:

არც ერთს არ გვეხსომება, როდის დაიწყო ჩვენი მეგობრობა, რადგან მთელი შეგნებული ცხოვრება ვიცნობთ ერთმანეთს. მე ლიკასთანაც ვმეგობრობ და მის-დედ-მამასთანაც.

ლიკა:

მე და ბახვას საერთო წრე გვყავს. რაც თავი მახსოვს, ბახვაც მახსოვს. ბავშვობიდან ერთად მოვდივართ, ჩვენი ძმებიც მეგობრობენ, ოჯახებითაც ვახლობლობთ. ბახვა ჩემი შვილის ნათლიაა. როცა აშშ-ში ვცხოვრობდი, სულ კონტაქტზე ვიყავით, ვსაუბრობდით, საქმის კურსში ვიყავით, რა ნხდებოდა ერთმანეთის ცხოვრებაში. მგონია, რომ ამ პერიოდის განმავლობაში არაფერი გამოგვიტოვებია.

ბახვა:

ლიკა ბევრი საინტერესო საქმით იყო დაკავებული, მაჩვენებდა ხოლმე ონლაინჩართვებით, რას საქმიანობდა.

თვისება, რომელიც ლიკაში ყველაზე მეტად მოგწონს…

ლიკა არის პრინციპული და ერთგული. ბევრ რამეზე ვეკითხები რჩევას, ზუსტად ვიცი, რომ სწორად მირჩევს. მარტო ლამაზი კი არ არის, ძალიან ჭკვიანია. ერთ-ერთ პირველს, მას ვეკითხები რჩევებს და ვითვალისწინებ. ეს ეხება საქმესაც და პირადსაც.

ლიკა:

მეც ძალიან ბევრი თვისება მომწონს ბახვაში. მთავარი ისაა, რომ თუ უყვარხარ, გულს ამოიღებს და ხელში დაგაჭერინებს. ყოველთვის მაქვს მისი იმედი, გამორჩეულად, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი მეგობარი მყავს.

ბახვას აქვს ძალიან კარგი ინტუცია. ვერ ვასწრებ რაღაცის თქმას, თვითონ ხვდება და მეუბნება.

ბახვა:

ლიკას ძალიან კარგად ვიცნობ. ზუსტად ვიცი, რაზე რა რეაქცია ექნება. ბევრი საერთო ინტერესი გვაქვს. თქვენ კიდევ არ იცით, როგორი საინტერესოა კადრს მიღმა ლიკა და მასთან ურთიერთობა. ბავშვობაში შეიძლება გყავდეს მეგობარი და მერე გაიყოს თქვენი გზები, გაიყოს ინტერესები. მე და ლიკამ ერთმანეთი შევინარჩუნეთ.

ლიკა:

ბახვა ჩემს გაოცებას არ ამთავრებს. ახალ საქმეებს კიდევ ხელს და ისე კარგად გამოსდის, რომ მართლა გაკვირვებულს მტოვებს. უბრალოდ კი არ გამოთქვამს ინტერესს და მიედ-მოედება, რამეს თუ ხელს მოჰკიდებს, ბოლომდე მიჰყვება და აკეთებს.

ბახვა:

ისე გამოვიდა, რომ ერთმანეთს ვაქებთ, მაგრამ ყოველდღიურად ასე არ ვსაუბრობთ და ახლა მოგვეცა საშუალება (იღიმის).

ორი წარმატებული ადამიანის მეგობრობა ადვილია?

ლიკა:

უფრო მეტად ვიკვეთებით საქმიან ამბავში, ვიდრე სხვა მეგობრებთან.

ბახვა:

ერთად ვართ ხოლმე წასასვლელები ხშირად და ესეც კარგია. ძალიან მინდა, ლიკასთან უფრო ხშირი საქმიანი გადაკვეთა გვქონდეს. წინათგრძნობა ორივეს გვაქვს და ვამბობთ ხოლმე, რომ ადრე თუ გვიან, უშუალო პარტნიორები ვიქნებით, ან სცენაზე, ან კინოში, ან სადმე სხვაგან.

ქებიდან კრიტიკაზე გადავიდეთ და ერთმანეთს თუ აკრიტიკებთ?

ბახვა:

რა თქმა უნდა. ახლობელი ამისთვისაა. ლიკა კომპლიმენტებს ხშირად ისმენს ისედაც და მეგობარმა უნდა უთხრას, თუკი რაიმე სათქმელია, მაგრამ ესეც კი ადვილია. სულ ერთნაირი მოსაზრებები გვაქვს. იშვიათად ხდება, რომ ჩვენ განსხვავებული მოსაზრებები გვქონდეს.

ზოგადად, თუკი კრიტიკაზე ვისაუბრებთ, ძალიან ვაფასებ. სოცქსელში რომ იციან კრიტიკა, ისინიც კი მინდობენ. ჩვენს მეგობრებზე გვინახავს თავდასხმები, ეს ძალიან ცუდია და ძალიან გამიჭირდებოდა ამასთან გამკლავება. კიდევ კარგი, რომ არ ვყოფილვართ ინტერნეტბულინგის მსხვერპლი. ზოგადად, ძალიან მიჭირს თავის შეკავება. საკუთარ თავზე კიდევ შემიძლია, მაგრამ თუკი ჩემს მეგობარზე ამბობენ რაღაცას, ვერაფრით ვერ შევიკავებ თავს.

ლიკა:

სხვათა შორის, ბახვას აქვს ეს თვისება. ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა და ამიტომ ვამბობ, ბახვა ყოველთვის სიმართლის მხარესაა. თან, თუ უყვარხარ, საოცრად დაგიჭერს მხარს. ზუსტად ვიცი, რომ მისი იმედი შემიძლია მქონდეს, ბოლომდე დაგიცავს, ოღონდ სამართლიანობის ფარგლებში.

საქართველოში გოგოსა და ბიჭის მეგობრობას ეჭვის თვალით უყურებენ. რას ფიქრობთ ამაზე?

ჩვენ ვერაფერს ვერ ვიტყვით, რადგან ნამდვილი მეგობრები ვართ. არ ვიცი, რატომ მიაჩნიათ ეს შეუძლებლად. ჩვენ ირგვლივ ამის ძალიან ბევრი კარგი მაგალითია.

ბახვა:

ბავშვობიდან 9 ბიჭი და 9 გოგო გვერდიგვერდ მდებარე ორ სახლში ვისვენებდით და ასე მოვდივართ. გამორიცხული არაფერია, რაღაცები ხდება ხოლმე, მაგრამ გოგოსა და ბიჭს შორის მეგობრობა ჩვეულებრივი ამბავია. სტერეოტიპი, რაც არსებობს, ტყუილია.

რთული პერიოდები ერთმანეთის ცხოვრებაში და ერთმანეთის გვერდით დგომა…

ლიკა:

მეც მქონია რთული პერიოდები და ბახვასაც და ერთმანეთის გვერდით დავდგარვართ. მყავს რამდენიმე მეგობარი, ვისაც ჩემს პრობლემებს ვუზიარებ. ბახვა ერთ-ერთი მათგანია.

ბახვა:

მეც ასეთი რამდენიმე მეგობარი მყავს, ვისაც პრობლემებზე შემიძლია ვესაუბრო. ხომ არიან კიდევ მეგობრები, რომლებთან ერთადაც სადღაც დადიხარ, ერთობი… არიან ისინი, ვისაც ყველა შენს საიდუმლოს გაუზიარებ. მე, ზოგადად, თავდაცვის ინსტინქტი მაქვს და არ მსიამოვნებს დიდად სხვებისთვის პრობლემების თავზე მოხვევა…

თვისება, რომლის გამოსწორებაც გინდათ ერთმანეთში…

ლიკას დიდხანს ველოდები ხოლმე. ხშირად აგვიანებს. ვთქვათ ექვს საათზე ვხვდებით, უკვე იქ ვდგავარ და მირეკავს, ხომ არ გამომივლიო. მომზადებისთვის ბევრი დრო სჭირდება.

ლიკა:

ზოგჯერ სჭირდება, რომ შეაჯანჯღარო, მოყევი, თუ თავს ცუდად გრძნობ-თქო. თავს უკეთესად იგრძნობს, თუკი პრობლემებს მეგობარს გაუზიარებს და ამისგან გათავისუფლდება…

მოკლედ, ბახვას არ ჰქონია მთლად მსუბუქი ხასიათი…

ბახვა:

დედაჩემი სულ ამბობს, რომ იცოდნენ, სახლში როგორი ხარო (იცინის).

გაიხსენეთ მხიარული ამბავი, რაც ერთად გადაგხდენიათ…

იმდენია, რომ რომელი გავიხსენო, არ ვიცი. საირმეზე სახლში გვაქვს გატარებული ბევრი კარგი დღე, ჩვენი ბუდე გვქონდა. ლიკას ჰყავდა დამხმარე ქალი, რომელიც გემრიელ კერძებს გვიმზადებდა. ერთხელ ლიკა რაღაცაზე იყო გაბრაზებული, თეფშები იყიდა, ავედით მასთან სახლში და თეფშებს ლეწავდა, რომ გათავისუფლებულიყო ბრაზისგან. ძალიან ლამაზი ჭურჭელი იყო, ერთი ჭიქა გადავარჩინე და დღემდე ვინახავ სახლში.

ლიკა:

მარტო მე კი არა, ესენიც მაგრად გაერთნენ.

ლიკა, ბახვასთვის როგორი გოგო გინდა?

საუკეთესო, რა თქმა უნდა. დედამთილის თვალით შევხედავ (იღიმის). შენი საუკეთესო მეგობრისთვის გინდა ყველაზე კარგი. თუკი ბახვა იქნება ბედნიერი მის გვერდით, მეც მივიღებ…

ბახვა:

მაგრამ მაინც კარგი უნდა (იცინის).

ბახვა, ლიკა რომ დაბრუნდა საქართველოში, ალბათ, ძალიან გაგიხარდა…

ლიკას სულ ველოდები ხოლმე. აქ რომ არის, რომც ვერ ვნახო, მშვიდად ვარ, რადგან აქაა და ნებისმიერ დროს შემიძლია მისი ნახვა. მიყვარს ლიკასთან სტუმრობა, როცა ბავშვებს ვნახულობ.

სხვათა შორის, ლიკას საინტერესო გეგმები აქვს, მაგრამ ახლა ვერ ვიტყვით, საინტერესო ტიპის გამოფენა ექნება, მაგრამ ჯერ ვერ გაგიმხელთ, საიდუმლოდ დავტოვებთ (იღიმიან).

ფოტო: დათუნა აგასი

გადაღების ადგილი: „სტრადა“ მარჯანიშვილზე

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები