LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიზნესსუბიექტებს პენიტენციურ დაწესებულებებში საწარმოების გახსნას სთავაზობენ

74

სასჯელაღსრულების სამინისტრო ბიზნესსექტორს პენიტენციურ დაწესებულებებში საწარმოების გახსნის წინადადებით მიმართავს. ამასთან, ამ შემთხვევაში ბიზნესსუბიექტებს, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებებში საწარმოებს გახსნიან, შესაძლოა, შეღავათები დაუწესდეთ.

შეღავათების დაწესებაზე, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო იმ ინიციატივის ფარგლებში მუშაობს, რომლითაც მსჯავრდებულები პენიტენციურ დაწესებულებებში დასაქმდებიან, დასაქმების შესაბამისად კი, დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდებათ.

როგორც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, ალექსანდრე დარახველიძემ განუცხადა, კანონპროექტი, რომელზეც უწყება მუშაობს, მოცულობითია და მასში დიდი ალბათობით, საუბარი იქნება როგორც საგადასახადო შეღავათებზე, ასევე სხვა სახის წახალისებასა და პრივილეგიებზე.

„ამ კანონპროექტზე ორი მიმართულებით ვმუშაობთ. ერთია დასაქმების შესაძლებლობა და მეორე ბიზნესის დაინტერესება. ცხადია, ბიზნესს არ აქვს დიდი დაინტერესება, რომ შექმნას საწარმოები პენიტენციურ დაწესებულებებში, მაგრამ თუკი საკანონმდებლო დონეზე გარკვეული შეღავათები დაწესდება, რისი არაერთი შემთხვევა ევროპულ ქვეყნებში არსებობს, ეს დაინტერესება შეიძლება გაჩნდეს. საუბარია კონკრეტული საგადასახადო შეღავათების დაწესებაზე, სხვადასხვა უპირატესობის მინიჭებაზე და ა.შ. ბიზნესის მოტივაციას, შესაძლოა, ხელი შეუწყოს მუშა ხელის დაბალმა ანაზღაურებამაც. სამინისტრო ასევე მუშაობს იმაზე, რომ საჭიროების შემთხვევაში, პირდაპირ ასეთი კომპანიებისგან შეისყიდოს ის პროდუქცია, რაც სამინისტროს გამართულ ფუნქციონირებას სჭირდება. ეს მექანიზმები, ჩვენი აზრით, ხელს შეუწყობს იმას, რომ დაწესებულებებში, დასაქმების კერები გაიზარდოს და ის მზარდი მოთხოვნები, რომლებიც იქნება მსჯავრდებულების მხრიდან დასაქმებაზე, ეტაპობრივად დავაკმაყოფილოთ“, – განაცხადა დარახველიძემ.

მისივე თქმით, სამინისტრო ასევე დასასაქმებელი მსჯავრდებულების კვალიფიკაციაზეც იზრუნებს და ამ რეგულაციებს კანონში გაწერს. დარახველიძის თქმით, პირველ ეტაპზე კომპანიებს, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებებში საწარმოებს გახსნიან, ზღვრული რაოდენობის კვალიფიციური კადრების დასაქმების უფლებაც ექნებათ, რომლებსაც ციხის გარედან აიყვანენ.

რაც შეეხება ინიციატივის კანონპროექტად ქცევას და პარლამენტში ინიცირებას, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ვარაუდობს, რომ საკანონმდებლო ორგანოში კანონპროექტის ინიცირება 2018 წლის საგაზაფხულო სესიაზე მოხდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები