LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოსტნეული 34%-ით გაძვირდა: რამ გამოიწვია ფასის მატება?

46

2016 წლის ივნისთან შედარებით, 2017 წლის ივნისში ბოსტნეულსა და ხილზე საერთო ჯამში ფასებმა საგრძნობლად იმატა, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ივნისის „თვის მიმოხილვაშია“ ნათქვამი.

მიმოხილვის თანახმად, 2017 წლის ივნისში წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, ინფლაციამ 7.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო წინა თვესთან შედარებით ფასების საერთო დონემ 0.4 პროცენტით დაიკლო. როგორც „თვის მიმოხილვაშია“ აღნიშნული, წლიურად ფასების მატება უმთავრესად თამბაქოსა და საწვავზე აქციზის მატებით და ასევე, ნავთობის მსოფლიო ფასების გაძვირებით არის გამოწვეული. წლიური ინფლაციიდან 2.6 პროცენტული პუნქტი (პ.პ) ამ პროდუქტების გაძვირებაზე მოდის, 2.7 პ.პ – სურსათის, ხოლო 1.8 პ.პ – დანარჩენი პროდუქტების გაძვირებაზე.

ივნისში, წინა წლის ივნისთან შედარებით, ბოსტნეულსა და ხილზე საერთო ჯამში ფასებმა საგრძნობლად იმატა. თითქმის 34 პროცენტით გაძვირდა „ბოსტნეულის“, ხოლო 16 პროცენტით „ხილის“ ქვეჯგუფში შემავალი პროდუქტების ფასები. თითქმის 10 პროცენტით მოიმატა ფასებმა ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე, ხოლო წვლილმა მთლიან ინფლაციაში 0.6 პ.პ შეადგინა.

როგორც მიმოხილვაშია ნათქვამი, ეს ფაქტი შეიძლება უკავშირდებოდეს ამ პროდუქტების ექსპორტის ზრდას და ამის შედეგად, ადგილობრივ ბაზარზე მიწოდების გარკვეულ შესუსტებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები