LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოტანიკურ ბაღში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს „ქართუ” დააფინანსებს

87

თბილისის ბოტანიკურ ბაღში ველობილიკი, საფეხმავლო ბილიკი, ვიზიტორთა ცენტრი და ახალი პარკინგი მოეწყობა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს მთლიანად ფონდი “ქართუ” აფინანსებს.

“მერია ბოტანიკურ ბაღში აწარმოებს გარკვეულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს. ბოტანიკური ბაღი არის ძალიან მნიშვნელოვანი თავისი ფუნქციით, დანიშნულებით და ბევრი განვითარებული ქალაქი ინატრებდა ასეთ ადგილს ქალაქის ცენტრში. თუმცა, ჩვენ გვგონია, რომ გვაქვს შესაძლებლობა უფრო მეტად გამოვიყენოთ, გავხადოთ მიზიდულობის ცენტრი. ძალიან დიდი შესაძლებლობები აქვს ბოტანიკურ ბაღს. მინდა დღეს გავაჟღერო მნიშვნელოვანი პროექტის შესახებ, რომლის განხორციელებასაც ვიწყებთ. ეს პროექტი დაწყებული ბოტანიკური ბაღიდან, წავკისის წყლის ხეობას მთლიანად მოიცავს. იგეგმება საფეხმავლო ბილიკების, ველობილიკის და ვიზიტორთა ცენტრის მოწყობა. ამ პროექტის განხორციელებით შევძლებთ იმას, რომ ალტერნატიული შემოსასვლელი გაუჩნდება ბოტანიკურ ბაღს, მოეწყობა საპარკინგე ადგილები და ამ პროექტის განხორციელებით დამატებით ფუნქციას შევძენთ ბოტანიკურ ბაღს. ვიცი, რომ ბევრი ადამიანია ველომოყვარული და ამ პროექტის განხორციელებით მათ ექნებათ შესაძლებლობა, რომ ქალაქის ცენტრში, ულამაზეს ხეობაში, ულამაზეს ადგილზე ველოსიპედით გაიარონ 4 კმ-ზე მეტი სიგრძის მარშრუტი. ახლა ვმუშაობთ პროექტზე. პირველი რაც უნდა გაკეთდეს გაწმენდითი სამუშაოებია და როგორც კი პროექტირება დასრულდება, სამუშაოებს დავიწყებთ”, – განაცხადა კალაძემ.

თავის მხრივ, ფონდი “ქართუს” გამგეობის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ჩხეტიანმა აღნიშნა, რომ პროექტი რამდენიმე მილიონი ლარი დაჯდება.

“ფონდი “ქართუ” უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ახორციელებს თბილისის ბოტანიკური ბაღის ფინანსურ მხარდაჭერას. ასევე, ბაღში წლების განმავლობაში გაკეთდა უამრავი პროექტი. ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით ამ შემთხვევაში ფონდი დააფინანსებს ველობილიკს, საფეხმავლო ბილიკის მოწყობას, რაც გაზრდის ბაღის ტურისტულ პოტენციალს, შესაძლებლობას გაუჩენს თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს მიიღონ ის სიკეთეები, რაც ბაღს გააჩნია. ეს გაზრდის ბაღის შემოსავლებს, გაჩნდება ახალი შემოსასვლელი, ახალი პარკინგი. სრული ინფრასტრუქტურა დაფინანსებული იქნება “ქართუს” მიერ. ამ მომენტში კი მიმდინარეობს პროექტირება, საუბარია რამდენიმე მილიონზე, რაც დაზუსტდება უახლოეს მომავალში”, – განაცხადა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები