LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩამოვა თუ არა ელტონ ჯონი საქართველოში, დღეს ღამე გაირკვევა…

82

ელტონ ჯონის გიტარისტი და ვოკალისტი, ასევე სამხატვრო ხელმძღვანელი, დეივი ჯონსტოუნი, რომელიც ლეგენდარული მუსიკოსის ბენდში 1972 წლიდან უკრავს, ხელზე გაკეთებული სასწრაფო ოპერაციის შემდეგ სარეაბილიტაციო კურსს გადის. სწორედ ეს სახელდება იმის მიზეზად, რომ 16 და 17 სექტემბერს, „სოლოსა“ და „ისთერნ ფრომოუშენსის“ ორგანიზებით, „ბლექ სი არენაზე“ დაგეგმილი ორი კონცერტი შესაძლოა, გადაიდოს. მოლაპარაკებების პროცესი ახლაც მიმდინარეობს და ყველაფერი ექიმის დასკვნაზეა დამოკიდებული. შეძლებს თუ არა გიტარისტი შავი ზღვის არენაზე დაგეგმილ თარიღებში გამოსვლას, ამას ქართული მხარე უახლოეს დღეებში შეიტყობს. ჯერჯერობით კი თარიღები იგივე რჩება – 16 და 17 სექტემბერი.

ახლახან „სოლოს“ საუნჯში დასრულდა ჟურნალისტებთან შეხვედრა. კონცერტის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გიორგი კერესელიძემ განაცხადა, რომ დეივი ჯონსტოუნის გარეშე ზემოხსენებული კონცერტები ვერ გაიმართება, ამიტომაც ელოდებიან ექიმის დასკვნას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. თუკი კონცერტები გადაიდება, კომპანია აუცილებლად აუნაზღაურებს ბილეთების ფულს მათ, ვისაც ბილეთების დაბრუნება მოესურვება.

„ისთერნ ფრომოუშენსს“ ჰქონია კონცერტების გადადების ან სხვა არტისტებით ჩანაცვლების შემთხვევები, რომლებმაც სრულიად უმტკივნეულოდ ჩაიარა… სულ ახლახან, ჯამიროქუაის სოლისტს ჯეი ქეის ასევე შეექმნა პრობლემები ხერხემალთან დაკავშირებით და ამის გამო კონცერტების გადადებამაც მოუწია, მაგრამ საქართველოში, ივლისის ბოლოს, ბათუმის ჯაზფესტივალზე მაინც მოახერხა ჩამოსვლა. სამაგიეროდ, მანამდეც და შემდგომ პერიოდშიც, მისი არაერთი კონცერტი გაუქმდა დაგეგმილ თარიღებში. კორეასა და საბერძნეთში მისი შოუები შემდეგ წელს შედგება, ხოლო დიდ ბრიტანეთსა და იაპონიაში ჩასატარებელი კონცერტები დეკემბერში გაიმართება. აღსანიშნავია, რომ გაყიდული ბილეთების მხოლოდ 5% დაბრუნდა, დანარჩენი კი მფლობელებმა დაიტოვეს და კონცერტებს ელოდებიან…

„ისთერნ ფრომოუშენსს“ ბათუმის წინა ჯაზფესტივალის დროს, თურქეთში განვითარებული მოვლენების გამო ერთი კონცერტი გაუუქმდა, კრის ბრაუნმა თქვა ჩამოფრენაზე უარი, ერთიც გადაედო – ჯეიმი ქალუმმა მოგვიანებით, თბილისში, ჯაზფესტივალზე ჩამოსვლა შეძლო, კრის ბრაუნის მაგივრად კი კომპანიამ ერთ დღეში ბასტა რაიმსთან დადო ხელშეკრულება და ბათუმში მისი ჩამოყვანა შეძლო.

წინა წლებშიც ჰქონიათ მსგავსი გამოცდილება, როცა ჯორჯ ბენსონმა გადადო საკუთარი კონცერტი და ის სამი წლის დაგვიანებით, მაგრამ მაინც შედგა თბილისში, მაიკლ ფრენკსთან დაკავშირებითაც იყო პრობლემები, თუმცა საბოლოოდ, ის მაინც ჩამოვიდა საქართველოში და კონცერტიც გამართა. ასეთ დროს, როგორც „ისთერნ ფრომოუშენსში“ განგვიცხადეს, ყველაზე მეტად კომპანია ზარალდება, რადგან იმის მიუხედავად, რომ ჰონორარი ბრუნდება, სხვა ხარჯები, ტელერეკლამის და თანამშრომელთა ხელფასების ანაზღაურების სახით, ზარალია, თუმცა ფორსმაჟორისგან დაზღვეული არავინაა. ქართველი მაყურებელი კი არ დაზარალდება, რადგან ბილეთების ფული უკლებლივ ყველას დაუბრუნდება.

თუკი ისევ ელტონ ჯონის შოუს დავუბრუნდებით, როგორც ზევით აღვნიშნეთ, უახლოეს ხანში გაირკვევა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მომღერლის მენეჯმენტი საქართველოში კონცერტებთან დაკავშირებით, ახლო პერიოდით გადაიწევს თუ საერთოდ, გაუქმდება…

ნინო მურღულია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები