LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჭიათურაში სიმაღლიდან გადმოვარდნილი მუშა ადგილზე გარდაიცვალა

114

ჭიათურაში, გამამდიდრებელ კომბინატში, ერთერთი დასაქმებული სიმაღლიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც “ფორტუნას” “ჯორჯიან მარგანეცში” განუცხადეს, გარდაცვლილი 40 წლის განმავლობაში მუშაობდა მათ კომპანიაში.

მათივე ინფორმაციით, დაღუპული მუშა ზეინკალი იყო და გუშინ ღამე საკუთარ ცვლაში იმყოფებოდა. საქმეზე მოკვლევა მიმდინარეობს.

“უბედური შემთხვევა გუშინ, დაახლოებით ღამის 9 საათზე მოხდა. ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის ცენტრალურ გამამდიდრებელ ფაბრიკაში მუშა სიმაღლიდან გადმოვარდა. აღნიშნულ ფაქტზე მოკვლევა მიმდინარეობს და ჩვენც ველოდებით ძიების დასკვნას”, – განანცხადა კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა “ფორტუნასთან”.

მისივე თქმით, კომპანია დაღუპულის დაკრძალვის ხარჯებს საკუთარ თავზე სრულად იღებს.

დასაქმებულის სიმაღლიდან გადმოვარდნას ეხმაურება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.

დავით სერგეენკო მომხდართან დაკავშირებით შრომის ინსპექციის პასუხისმგებლობას გამორიცხავს. მის თქმით, კონკრეტული ტექნიკური ნორმების ზედამხედველობა უშუალოდ ადგილზევე უნდა ხორციელდებოდეს.

„მინდა კიდევ ერთხელ განვუმარტო როგორც საზოგადოებას, ასევე პროფკავშირების იმ ნაწილს, რომელსაც არ ვიცი რატომ არ უნდა დაინახოს ის რომ, შრომის ინსპექციას აქვს თავისი მნიშვნელოვანი, მაგრამ პოლიტიკის შემმუშავებელი და სისტემური ხარვეზების აღმომჩენი ფუნქცია. უშუალოდ როგორ ხორციელდება და რამდენად ხდება დაცვა იმ რეკომენდაციების, რასაც შრომის ინსპექცია გასცემს, ეს არის ტექნიკური ზედამხედველობის და არა შრომის ინსპექციის ფუნქცია, რომელიც ჩაშლილია ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე,“ – აცხადებს დავით სერგეენკო.

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, შრომითი მოვალეობის შესრულებისას საწარმოო შემთხვევების შედეგად, დაიღუპა 270, ხოლო დაშავდა 776 ადამიანი.

 

თამთა უთურგაშვილი

(ფოტო არ ასახავს რეალობას)

პოპულალურები