LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინელი ინვესტორები საქართველოში სწრაფად განახლებადი ტყეების გაშენებას გეგმავენ

204

“საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ფონდში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ძიანსის პროვინციის საქმიანი წრეების დელეგაცია მიიღო.

საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ ძიანსის პროვინციის სატყეო დეპარტამენტის გენერალური დირექტორი იენ განძუნი, ქ.განჭოუს სატყეო დეპარტამენტის დირექტორი სუე იოუჩანი, სატყეო დეპარტამენტის ოფისის ხელმძღვანელი ლი ძუნი, საერთშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლი უ ციანი, Feishang Forestry Produce Co., Ltd. -ს თავმჯდომარე ჭან გუოლინი, Tonggu Huahui Industry Co., Ltd.-სა და Feishang Forestry Produce Co., Ltd. -ს თავმდჯდომარე სიე იოუხუნი და Tuantuanyuan Furniture Co., Ltd.-ს თავმჯდომარე ლუო ხაილუნი.

აღსანიშნავია, რომ ფონდში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხლეს. ჩინურმა მხარემ ”საპარტნიორო ფონდისა“ და საქართველოს სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებს ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტის მიზნებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

როგორც საპარტნიორო ფონდის პრესსამსახურში განმარტავენ, ჩინური მხარე საქართველოს სხვადასხვა ინდუსტრიაში ინვესტირებას გეგმავს. ”დელეგაციის საქმიანი წრეების წარმომადგენლები საქართველოს გარემოსა და სოფლის მეურნეობის სექტორით ინტერესდებიან. კერძოდ, სწრაფად განახლებადი ტყეების პლანტაციების გაშენებით, ხე-ტყის გადამუშავებითა და ავეჯის წარმოებით. ჩინელი ინვესტორები ხის გადამამუშავებელი ქარხნების საქართველოში გადმოტანას და ქვეყანაში დამზადებული პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე გატანას გეგმავენ. შეხვედრაზე მხარეებმა ამ მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

ძიანსის პროვინციის სატყეო დეპარტამენტი ხელს უწყობს ეროვნული და რეგიონული სატყეო სამეურნეო ეკოლოგიური პროექტების შექმნას და დანერგვას, კომერციული ხასიათის ტყეების მართვას. ასევე, სამკურნალო თუ დასასვენებელი ტყე-პარკების კვლევას, მათთან დაკავშირებულ სწავლებებსა და განვითარებას. დეპარტამენტი აღნიშნულ რეგიონში სატყეო მეურნეობის განვითარების სტრატეგიის გრძელვადიანი განვითარების გეგმას ქმნის, უზრუნველყოფს ხე-ტყის გაშენებას, ნერგების შეწამვლას, გამწვანებასთან დაკავშირებულ საქმიანობებს. ზედამხედველობს მწვანე საფარის, ხეების, ბუჩქების, ეკოსისტემის მდგრადობას”, – ნათქვამია ფონდის ინფორმაციაში.

დელეგაციის წევრების განცხადებით, საქართველო ინვესტორებისთვის მიმზიდველი ქვეყანაა. 

”თქვენი ქვეყანა პატარაა, მაგრამ უდიდესი საინვესტიციო პოტენციალი გააჩნია. საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის თვალსაზრისით, გეოპოლიტიკურ რუკაზე უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია. ამასთან, ქვეყანას თავისუფალი სავაჭრო რეჟიმები აქვს მსოფლიოს უძლიერესი ეკონომიკისა და მსხვილი ბაზრების მქონე ქვეყნებთან. საქართველოს როლს ზრდის ქვეყანაში არსებული თავისუფალი ინდუსტრიული ზონები და ლიბერალური საგადასახადო რეჟიმები“, – განაცხადა ძიანსის პროვინციის გუბერნატორმა ლიუ ციმ.

”საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა ახალ ფაზაში გადადის. საუკუნის პროექტ ”ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ფარგლებში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ღრმავდება და საქართველოს მნიშვნელოვანი როლი ამ პროექტში კიდევ უფრო ამყარებს ჩვენს ურთიერთობას. ჩინეთ-საქართველოს შორის მჭიდრო და საკმაოდ პერსპექტიული კავშირი ყალიბდება და ეს ერთობლივ საინვესტიციო პროექტებშიც აისახება. ”საპარტნიორო ფონდი“ მზად არის, საინტერესო ქვეყნისთვის სასიკეთო საინვესტიციო წინადადებები განიხილოს“, -განაცხადა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები