LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაპირისპირება არა სკოლის წინ, არამედ არკაში მოხდა, სადაც რამდენჯერმე ადრეც შეიკრიბნენ – 24-ე სკოლის დირექტორი

280

24-ე საჯარო სკოლასთან მომხდარ დაპირისპირებაზე ამავე სკოლის დირექტორი გიორგი კაკაბაძე “ფორტუნასთან” საუბრობს. როგორც სკოლის დირექტორი ყვება, ხმაური მანდატურმა გაიგო და მას შემდეგ რაც სკოლის მოსწავლეები და უცხო პირები დაინახა, პოლიციაში დარეკა და თვითონაც მივიდა ადგილზე.  მისი თქმით, მანდატურმა შენიშნა, რომ სიტუაცია უკონტროლოს ჰგავდა. 

სკოლის დირექტორის თქმით, პოლიციასთან დაკავშირების შემდეგ მანდატურმა ფაქტის შესახებ სკოლის დირექტორს შეატყობინა, რომელსაც შენობიდან გამოსვლის დროს პოლიცია უკვე ადგილზე დახვდა. გიორგი კაკაბაძე აღნიშნავს, რომ ინციდენტი არა უშუალოდ სკოლის წინ, არამედ იქვე არსებულ არკაში მოხდა, რომელიც სკოლის შენობიდან არ ჩანს.

“როგორც ჩანს, ჩვენი მანდატურის დარეკვამდეც დარეკა ვინმემ, ვერ გეტყვით. მე რომ ჩავედი პოლიცია უკვე არკვევდა. ინციდენტის მონაწილე ჩვენი 2 ბავშვი იყო. ისინი მშობლებთან ერთად გამოკითხვაზე გადაიყვანეს. პოლიცია ვისაც ესაუბრებოდა ( ინციდენტის სავარაუდო მონაწილე), მეზობელია, აქვე ცხოვრობს,”- ამბობს სკოლის დირექტორი.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შენიშვნა სკოლის მოსწავლეებმა სიგარეტის მოწევის გამო მიიღეს, ამაზე სკოლის დირექტორს ინფორმაცია არ აქვს. თუმცა, როგორც ამბობს, არკაში მისი სკოლის მოსწავლეები სხვა დროსაც შეუნიშნავთ და უსიამოვნება შესაძლოა სწორედ ამან გამოიწვია. გიორგი კაკაბაძე ამბობს, რომ არკაში მოსწავლეების რამდენიმე შეკრების შესახებ ინფორმაცია მშობლებსაც მიაწოდა და საკითხზე ბავშვებთანაც ისაუბრეს.

“შეიძლებდა ეწეოდნენ, შეიძლება არა, მაგრამ უკმაყოფილება, ალბათ, უფრო იმან გამოიწვია, რომ იქ პატარა ეზოს მსგავსია არკაში, სადაც იდგნენ. ეტყობა მეზობლებისთვის მათი ამ ეზოში ყოფნაც უსიამოვნოა, ეს სავსებით გასაგებია. ალბათ მისცეს შენიშვნა და ამას მოჰყვა ინციდენტი.

არკა, სადაც ინციდენტს ჰქონდა ადგილი, იმ ქუჩის გაყოლებაზეა, სადაც სკოლა დგას. სკოლიდან არ ჩანს. მანდატურები აქცევენ ყურადღებას, რომ სკოლის წინ არ იდგენენ მოსწავლეები და მხოლოდ ისინი არა, მეც ხშირად დავდივარმიმდებარე ტერიტორიაზე დილაობითაც და გამოსვლის დროსაც, მაგრამ იმდენად პატარა ეზოა, მეც მერიდებოდა იქ შესვლა. 4-5 ოჯახი ცხოვრობს.

ბავშვები იქ რამდენჯერმე შეიკრიბნენ და ჩვენ ამის შესახებ შევიტყვეთ, მშობლებსაც გავაგებინეთ, ბავშვებსაც ვესაუბრეთ. ზოგჯერ გაკვეთილების მერე იდგნენ, ზოგჯერ გაკვეთილზე შემოსვლამდე. თუმცა, როგორც ჩანს, აქამდე დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია,”– ამბობს სკოლის დირექტორი.

სკოლის დირექტორი განმარტავს, რომ მანდატურს და სკოლის ადინისტრაციას მხოლოდ სკოლის ტერიტორიის კონტროლის უფლება აქვს, ამიტომ არკაში სიტუაციის გაკონტროლება ვერ მოხერხდებოდა. თუმცა, სკოლის პერიმეტრის კონტროლის ფუნქცია აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს. ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის შემდეგ უწყებაში განაცხადეს, რომ სკოლის პერიმეტრზე პატრულირება გაძლიერდებოდა.

თბილისში 24-ე საჯარო სკოლასთან, მოსწავლეებსა და მოქალაქეს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. მომხდარის შედეგად მოქალაქემ მსუბუქი დაზიანება მიიღო. უწყებაში აცხადებენ, რომ დაზიანებები არ აქვთ მოსწავლეებს. შსს-ის ინფორმაციით, დაპირისპირებაში არ ფიგურირებს ცივი იარაღი.

არსებული ინფორმაციით, მოქალაქემ მოსწავლეებს, რომლებიც სკოლასთან სიგარეტს ეწეოდნენ შენიშვნა მისცა.

პოპულალურები