LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათო დარჩიამ ქალიშვილს მსახიობობა არ ურჩია – მსახიობის ოჯახური პორტრეტი

1675

რუსთაველის თეატრის პოპულარულ მსახიობს, დათო დარჩიას, მეუღლესთან, ვიქტორია ბუხნიკაშვილთან და ქალიშვილთან, ელენესთან ერთად კაფე „ორანჟერეაში“ შევხვდით.

17 წლის ელენეს თავიდან მსახიობობა სურდა, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრა და ახლა ბიზნესის მიმართულებით აპირებს წასვლას, რაც დედას არ მოსწონს, მამა კი ბედნიერია, რომ შვილმა მისი გზა არ აირჩია.

წყვილის მეორე შვილი, უფროსი, გუგა დარჩიაც ამავე მიმართულებით მიდის… როგორც დათომ გვითხრა, შესაძლოა, მსახიობი მისი მომავალი შვილიშვილი გამოვიდეს, თუკი ამ პროფესიის ადამიანებს იმ დროისთვის დალხენილი ცხოვრება ექნებათ…

დათო, თქვენი ოჯახის დამოკიდებულება როგორია თქვენი პროფესიის მიმართ? მეუღლე გსაყვედურობთ დროის დეფიციტის გამო?

ამ პროფესიას დიდი დრო მიაქვს, შესაბამისად, გარკვეულ პოპულარობას და წარმატებას ვერ მიაღწევ ოჯახის წევრების ხელშეწყობის გარეშე, მით უმეტეს, როცა ჩამოსაყალიბებელი ხარ და ყველაფერი წინ გაქვს… თეატრში რომ მივედი, მე და ვიკა ახალი დაქორწინებულები ვიყავით, მისი ხელშეწყობა რომ არა, გამორიცხული იყო, იმისთვის მიმეღწია, რასაც დღეს წარმოვადგენ. ასე რომ, ყველგან ვამბობ და ახლაც გავიმეორებ, რომ მადლობელი ვარ ვიკასი ამის გამო…

დროის დეფიციტი, რა თქმა უნდა, არის, მაგრამ მერე ისიც ქრება. ასაკის მატებასთან ერთად უფრო გრჩება დრო, რომ ოჯახს მიხედო და მოეფერო.

ვიკა:

ვიცოდი, რომ დათო იყო მსახიობი და ვაცნობიერებდი, როგორი გრაფიკით უნდა ემუშავა.

დათო:

ხელშეწყობაში იგულისხმება სირთულეები, რაც ოჯახის შექმნას ახლავს. ზოგჯერ ვიკას გვიანობამდე მარტო უწევდა ყოფნა, მაგრამ ეს გზა კარგად გავიარეთ ერთად.

ეჭვიანობა ყოფილა?

ვიკა:

არასდროს. მგონია, რომ როცა ადამიანს უყვარხარ შენ, უყვარხარ შენ. ეჭვიანობა ძალიან დესტრუქციული გრძნობაა. თვითონაც თქვას დათომ, როდისმე თუ მიეჭვიანია… რა აზრი აქვს ეჭვიანობას… ვერ ვიტყვი, რომ პრაქტიკული ადამიანი ვარ, უბრალოდ, ასეთი მიდგომა მაქვს, თუკი ადამიანს არ სჭირდები, რა საჭიროა თამაში, სხვადასხვა გზით უნდა წახვიდე…

ელენე, დედ-მამა რითი ჰგვანან ერთმანეთს?

ორივე კეთილია, არც ერთს არ ახასიათებს სიმკაცრე…

შენი პროფესიის არჩევაში ჩაერივნენ?

თავისუფლად ვიზრდებოდი. ყველას ეგონა, რომ ხელოვნებისკენ წავიდოდი, თანაც, ბალეტზე დავდიოდი… მაგრამ ამ ბოლო დროს ბიზნესის სფეროსკენ გადავიხარე და შესაბამისად, ტექნიკურმა საგნებმა დამაინტერესა. მამაჩემს არ სურდა, რომ თეატრალურზე ჩამებარებინა. დედას უნდოდა, კონსერვატორიაში საოპერო ვოკალზე ჩამებარებინა. თავიდან ორივეს სურდა, ბალერინა გამოვსულიყავი, მაგრამ თავად გადავწყვიტე, რომ ამ გზას არ გავყოლოდი… ახლა როცა ბიზნესზე ვფიქრობ, მამას უფრო მოსწონს, ვიდრე დედას. დედას უნდა, ხელოვნებისკენ წავიდე.

ვიკა:

მე არ ვერევი არანაირად, უბრალოდ, ვფიქრობ, რომ ხელოვნების სფეროებისკენ აქვს მიდრეკილება. მე ამას ვგრძნობ. ბიზნესი პროფესია არ არის, ბიზნესის კეთების ნიჭი ან გაქვს, ან – არა. საბოლოოდ, როგორც უნდა, ისე გადაწყვიტოს, რომ მე არ მითხრას, შენ რამე დამაძალეო. მეორე მხრივ, იმისაც მეშინია, წლების მერე არ მისაყვედუროს, ხელოვნების ნიჭს რომ მამჩნევდი, რატომ არ დამაძალე ამ გზით წასვლაო (იღიმის). ვფიქრობ, აქვს სიმღერისა და თეატრალური ნიჭი.

დათო, თქვენ რატომ არ გინდოდათ, რომ თეატრალურზე ჩაებარებინა.

პირველ რიგში იმიტომ, რომ ქვეყანა ფეხზე უნდა დადგეს, რომ მსახიობებმა თავი კარგად იგრძნონ. შესაძლოა, ქალისთვის უფრო მისაღებია, ვიდრე მამაკაცისთვის, რადგან ქალს არ აქვს ოჯახის შენახვის ვალდებულება. მაგრამ მაინც – ამდენი შრომა რომ არ ფასდება, ძალიან სამწუხაროა. მსახიობობა ძალიან დიდ შრომას უკავშირდება, ზოგჯერ გულის ინფარქტამდეც მიდის…

ვიკა:

თავად აქვს დათოს სწორედ ასეთი გამოცდილება…

დათო:

ფინანსურადაც უჭირთ მსახიობებს. საბჭოთა კავშირის დროს მსახიობებს კინოგადაღებებიდან ჰქონდათ ფული, ახლა ძალიან ცოტა ფილმს იღებენ…

ამ საქმისთვის თავგადადებული უნდა იყო და გრძნობდე, რომ ეს შენი პროფესიაა, უარი უნდა თქვა რაღაცებზე…

თქვენი მსხვერპლი რა იყო პროფესიისთვის?

თუნდაც რითაც დავიწყეთ საუბარი – ოჯახთან ყოფნის ნაკლებობა. გინდა მეუღლესთან, შვილებთან ერთად ყოფნა. მქონდა ხოლმე მომენტები, როცა მინდოდა, პატარა პაუზების დროს გამოვვარდნილიყავი სახლში და ვიკასა და შვილებთან ერთად ვყოფილიყავი… ამ პროფესიას უკავშირდება ბევრი გულის ტკენა, როლზე დაგამტკიცებენ და მერე შესაძლოა, უარი გითხრან. საქართველოში ჩვენი პროფესია დაუფასებელია. ერთადერთი, რაც კარგია, ხალხის სიყვარული და პატივისცემაა, ეს ძალიან კარგია…

გულდაწყვეტილი საუბრობთ…

რადგან ამ სფეროს მიხედვა სჭირდება. ქართველები ნიჭიერი ხალხი ვართ, განსაკუთრებით, ამ სფეროში. არ ვტრაბახობ,  მაგრამ მე უკვე ბევრი როლი ვითამაშე, სცენასა და კინოში და კიდევ ბევრს ვითამაშებ. საკუთარ თავზე არ ვლაპარაკობ, რადგან მე, ასე თუ ისე, ჩემი გზა გავიარე. ამაზე ვსაუბრობ მომავალი თაობის გამო, რადგან ელენეზე მკითხეთ. თუკი ამ სფეროს სახელმწიფომ არ მიხედა, ის ნელ-ნელა დაიკარგება. დიდ ქვეყნებში უჭირთ უკვე თეატრში ხალხის მოზიდვა. რაც შემეხება მე, ბედნიერ ვარსკვლავზე ვარ გაჩენილი, ოჯახიც კარგი მაქვს და უამრავი კარგი როლიც შემხვდა… (იღიმის).

უამრავ მსახიობს აქვს დანგრეული ოჯახი. თქვენ როგორ მოიტანეთ დღემდე?

ვიკა:

ოჯახის ინსტიტუტი ყველაზე რთულია. ჩვენ შემთხვევაში, ყველაფერთან ერთად არის მეგობრობა… მე და დათო ვმეგობრობთ.

დათო:

მე რომ რაღაცას გავაკეთებ, ვინ შემაფასებს ყველაზე ზუსტად და გულწრფელად, თუ არა ოჯახის წევრი? შესაძლოა, გარეშე პირმა გითხრას, რა კარგად ითამაშეო, მაგრამ არ იყოს გულწრფელი… ჩემი მეუღლე ზუსტად მეუბნება შეფასებას, ვიკა ის უნიკალური შემთხვევაა, როცა შეგვიძლია, ყველაფრისმცოდნედ ჩავთვალოთ – ხელოვნებათმცოდნე გახლავთ პროფესიით, მაგრამ სამედიცინო საკითხებშიც კარგად ერკვევა და ჩემი როლებიდან დაწყებული, იმით დასრულებული, რომელი წამლები უნდა დავლიო, ყველაფერი იცის (იღიმის). რადგან პროფესიით ხელოვნებათმცოდნეა, ჩემს პროფესიაში ვიკას რჩევების მჯერა, ყოველთვის ვუსმენ და მაინტერესებს.

ვიკა:

არასდროს ვაქებ, მაგრამ ახლა კარგს ვიტყვი – ყველაზე მეტად მომწონდა დათო საყვარელიძის „ოლივერ ტვისტის“ დადგმაში. დიდი ენერგია ჩადო თუ რა იყო, ვერ გეტყვით, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ გახლდათ. რაც შეეხება შენიშვნებს, ძალიან ბევრს ვაძლევ, სახეზე ხვდება ხოლმე, მაგრამ მიხარია, რომ ითვალისწინებს. დათო ჯიუტი საერთოდ არ არის. მეორედ რომ მივდივარ სპექტაკლზე, აუცილებლად გამოასწორებს ხოლმე. თავიდან მეკამათება, მაგრამ მერე იზიარებს (იღიმის).

ელენე:

მე მამას მონაწილეობით ყველა სპექტაკლი ნანახი მაქვს და მომწონს, მაგრამ „12 განრისხებულ მამაკაცში“ მისი როლი, ვფიქრობ, განსაკუთრებულია. რამდენჯერაც უნდა მივიდე ამ სპექტაკლზე, არასდროს მომბეზრდება. მამას სპექტაკლებზე ბავშვობიდან დავდივარ.

დათო:

მე და ელენეს ერთად გვაქვს ნათამაშები ნიკოლოზ ჰაინე-შველიძის „საშობაო ზღაპარში“, მე სკრუჯს ვთამაშობდი, ელენე ერთ-ერთ ბავშვს.

გუგაზეც გვითხარით რამდენიმე სიტყვა…

გუგა ჩვენგან ძალიან განსხვავებულია, უფრო ვიკას მამას ჰგავს სიდინჯით, მე, ვიკა და ელენე უფრო ემოციურები ვართ. უკვე ჩააბარა და სწავლობს. ვერ ვიტყვი, რომ ბევრს მეცადინეობს, მაგრამ თანდაყოლილი ნიჭი აქვს. ვიკას ძალიან განათლებული მამა ჰყავდა და ძალიან ჰგავს მას. გუგამაც ბიზნესის სფერო აირჩია, თუკი საქართველოში სამსახიობო სფერო დალაგდა, ჩემი შვილიშვილი წავა ჩემს გზაზე (იღიმის).

ვიკა, თქვენს ოჯახში კრიზისული, რთული პერიოდი ყოფილა?

ზოგჯერ ასეა, ზოგჯერ – ისე. ურთიერთობაშიც ყველასთან არის კრიზისები, მაგრამ დათოს ძალიან დიდი ხანია ვიცნობ, მალე ერთად ყოფნის 25 წელი შეგვისრულდება.

დათო:

სიყვარული თუ არის, კრიზისის დაძლევაც შესაძლებელია.

როცა დათოს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა?

ვიკა:

მოულოდნელად შეგვატყობინეს, რომ დათოს სცენაზე შეტევა მოუვიდა, საბედნიეროდ, სქამე ინფარქტამდე არ მივიდა… დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ზალიკო ჩიქობავას, რადგან ის რომ არა, არ ვიცი, როგორ დამთავრდებოდა ეს ამბავი. სცენაზე დაეცა პირდაპირ. ბევრი მსახიობი კი ოცნებობს სცენაზე სიკვდილზე, მაგრამ ალბათ, არა ამ ასაკში… მე მივედი მაშინ, როცა უკვე კარგად იყო, ორი სტენდი ჩაუდგეს…

ელენე:

12 წლის ვიყავი და ვერ ვხვდებოდი, რა მოხდა, სტენდი რა იყო, ისიც არ ვიცოდი. დედაჩემი ნამტირალევი იყო. საშინელება გადავიტანეთ…

ამდენი წელია, ერთად ხართ. სიურპრიზები არის თქვენს ყოველდღიურობაში?

ვიკა:

დათო თვითონ სიურპრიზია, ხან – კარგი, ხან – ცუდი. არაპროგნოზირებადი ადამიანია (იცინის).

ელენე:

ჩემთვის სულ კარგი სიურპრიზია!..

დათო:

ცხოვრებაა, ოჯახია, რასაც სირთულეები ახლავს, მაგრამ ყველა შემთხვევაში გამოსავალი სიყვარულია. უნდა მოვახერხოთ ამ სიყვარულის შენარჩუნება, რადგან ცხოვრება ძალიან პატარაა, ისედაც ყველა სტრესშია და ამიტომ მეტწილად ის სიყვარულსა და სილაღეში უნდა გავატაროთ (იღიმის).

 

 

ფოტო: დათუნა აგასი

გადაღების ადგილი: კაფე „ორანჟერეა“

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები