LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით კვირცხალია: „ეს დასასრული გაცილებით დიდი და ჰუმანისტურია…“

1681

გრიშა კაკაჩიასა და თემურ ძიგუას ამბავი საინტერესოდ დასრულდა. მართალია, თუთა არ აღმოჩნდა ბიზნესმენის ღვიძლი შვილი, მაგრამ გრიშამ მის თვალწინ გადახია ანალიზების პასუხი და თუთა შვილად აღიარა. ამ ეპიზოდს, რომელსაც „ჩემი ცოლის დაქალების“ ერთგული მაყურებელი ყველაზე მეტად ელოდა, დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოცქსელში. ზოგი იმას ჩივის, რატომ არ აღმოჩნდა თემური გრიშა კაკაჩიას რეალური შვილი, ზოგს სცენარისტის ასეთი გადაწყვეტილება ძალიან მოსწონს და გრიშას დადებითი თვისებების წარმოჩენაზე აკეთებს აქცენტს, ზოგი კი ფიქრობს, რომ თემური გრიშას შვილია და არ სჯერა, რომ ასე არ არის. ერთ-ერთი კომენტარის ავტორი დაჟინებით ამტკიცებს, რომ თუთა ბიზნესმენს ბევრი რამით ჰგავს – „მე ვფიქრობ, გრიშას შვილია, გრიშას ყველა მიმიკას თუ მოქმედებას კიდევ ერთხელ თუ გადაავლებთ თვალს, ამაში დარწმუნდებით. პასუხის კითხვისას როგორ გამომცდელად შეხედა თუთას, თითქოს აინტერესებდა მისი რეაქცია, მერე მანქანაში დახია ეგ ფურცელი, მაგრამ სახლში რომ დნმ-ის პასუხის მსგავსი ფურცელი ეჭირა, ამაზე რას იტყვით? მე ვფიქრობ, გრიშამ ჩააწყო ექიმებთან ეგ საქმე თუთას რეაქციის გასაგებად“.

„ხალხო, როგორ ვერ ხვდებით, რომ გამოსცადა, რას იზამდა თუთა. არადა, გრიშას შვილია. გრიშამ ყალბი პასუხი აჩვენა, აბა, ბოლოს რატომ უთხრა – მამაო…“

„ზუსტად ვიცოდი, ასე რომ მოხდებოდა, ამ კაცს ისე შეუყვარდა ეს ბიჭი, ესე ადვილად არ დათმობდა <3 ბრავო მაინც სცენარისტს“

„აუ, რა პონტში არ აღმოჩნდა თუთა გრიშას შვილი, ძაან ვენესუელა საპონი იქნებოდა ეგრე რომ დამთავრებულიყო?? ხო არაფრით გაახარებთ თქვენ ადამიანს, რა:))))))))))) რა მოითმენს სექტემბრამდე…“

„როდესაც სცენარისტმა თუთას პერსონაჟი შემოიყვანა – იმ მომენტში ის ყველაფერს ისე ალაგებდა, რომ პოზიტიური კულმინაცია მომხდარიყო. ანუ თუთა ნამდვილად გრიშას შვილი ყოფილიყო. თან ყველას ეს უნდოდა. მაგრამ სცენარისტი წავიდა საერთო აზრის წინააღმდეგ… ამ შემთხვევაში თავის ‘რეიტინგზე’ უფრო იფიქრა, ვიდრე საზოგადო განწყობაზე! არაფერი დაშავდებოდა, ეს რომ მართლაც გრიშას შვილი აღმოჩენილიყო… მაგრამ მას (სცენარისტს) აქ ზოგი მაინც პელეს ეძახის… ვერ ვხვდები ლოგიკას?? აზრიც კი არ აქვს ამის დაწერას აქ… ალბათ, ეღიმება სცენარისტს ყველა ასეთ კომენტარზე! მაგრამ ნამდვილად არ ხართ პელე! ბედნიერი არდადეგები ყველას!“

„ვგიჟდები ამ კაცზეეეე. გენიოსია. მგონი, გრიშას ყველა სცენაზე ამას ვწერ, მაგრამ აი, უმაგრესია…“

„კინოშიც რო არ გვიმართლებს, ამის დედაც, რა…“

„აი, ზუსტად აქ გამოჩნდა გრიშას კაცობა, ვაჟკაცობა და მამობა! საკუთარ შვილს ყველა აღიარებს, მან კი სხვისი შვილი აღიარა საკუთრად. დიდი მადლობა ყველას ასეთი სერიალისთვის! იმ თურქული სადიზმის შესყიდვას ქართული ტელესერიალები გადავიღოთ და ხალხს ჩვენი ტრადიციები ვაჩვენოთ, არ ჯობია?“

„ამით ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რო შვილობა არ არის მარტო გენეტიკა. შვილობა შეიძლება, ურთიერთობიდანაც მოდიოდეს. მშვენიერი იყო ამ ამბის დასასრული და იმედია, შემდეგ სეზონში არ გააფუჭებთ თუთას პესონაჟს. ხოლო გრიშა ძალიან მაგარი პერსონაჟია ამ სერიალში…“

„გრიშამ ეშმაკური ნაბიჯი გადადგა.  რა თქმა უნდა, შვილია, გამოსცადა თუთა და ჩვენც, მაგარი სვლა იყო. ნამდვილი პასუხი უჭირავს ხელში, კონვერტი საღი, გამოსაცდელად რომელიც იყო, დახია, ასე რომ მშვიდად იყავით, შვილია თუთა გრიშასი და ძალიან ლამაზად გააკეთა ეს სცენა გადამღებმა ჯგუფმა! ბრავო!“

Fortuna.ge დაუკავშირდა გრიშა კაკაჩიას როლის შემსრულებელს, მსახიობ დავით კვირცხალიას, რომელსაც რამდენიმე შეკითხვა დავუსვით გუშინდელ ეპიზოდთან დაკავშირებით.

დავით კვირცხალია:

სანამ ეს ეპიზოდი ეთერში გავიდოდა, მართალი გითხრათ, გაორებული შეგრძნება მქონდა. დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი მაყურებლის წინაშე, რომელიც ძალიან ელოდებოდა ამ საკითხის გადაწყვეტას. არ გამოვრიცხავდი, რომ უკეთესადაც შეიძლებოდა ამ ეპიზოდის შესრულება, მაგრამ როცა სერია ეკრანზე ვნახე, ეს გრძნობა გამინელდა. თან, მარტო არ მიყურებია. ვნახე იმ ადამიანებთან ერთად, ვისი აზრიც ჩემთვის საინტერესოა და ძალიან დიდი სითბო იგრძნობოდა ჩემი პერსონაჟის მიმართ. მგონი, ეს ეპიზოდი შედგა. მინდოდა, ყველაფერი მიმეტანა მაყურებლამდე, რაც ავტორებმა ჩაიფიქრეს…

ამ ამბის როგორ დასასრულს ისურვებდით თავად თქვენ?

მე, როგორც მსახიობს, ამას არავინ მეკითხება, როგორც სერიალის გულშემატკივარს, შეიძლებოდა, ჩემი მოსაზრება მქონოდა, მაგრამ ვფიქრობ, სცენარისტმა ყველაზე საინტერესო გამოსავალი მოძებნა. ეს დასასრული გაცილებით დიდი და ჰუმანისტურია. რა თქმა უნდა, სისხლით ნათესაობას აქვს მნიშვნელობა, მაგრამ არა გადამწყვეტი. ძალიან კარგ ოჯახში აღზრდილან მკვლელები და მკვლელების ოჯახში შეიძლება, დიდი ჰუმანისტი გაიზარდოს… ურთიერთობებს, გზას, რომელსაც ადამიანი გადის, შესაძლოა, უფრო დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს… მე მინდოდა, გრიშა კაკაჩიას პერსონაჟი გამეკეთილშობილებინა და ვფიქრობ, ამ ეპიზოდით ეს მოხერხდა. ქეთი დევდარიანის მადლობელი ვარ, რომ ასეთი ორიგინალური რამ მოიფიქრა. სხვა სერიალში შესაძლოა, აღმოჩენილიყო ბიოლოგიური შვილი, მაგრამ „ჩემი ცოლის დაქალები“ ხომ აცდენილია ამგვარ ტრაფარეტულ გადაწყვეტილებებს…

ბატონო დავით, ზოგიერთ მაყურებელს დარჩა შთაბეჭდილება, რომ გრიშა კაკაჩიამ თუთას გამოცდა მოუწყო და აინტერესებდა მისი რეაქცია, სინამდვილეში კი მისი შვილია…

მე არ დამრჩა ასეთი შთაბეჭდილება. სცენარში თვალნათლივ ჩანს, რომ მისი შვილი არ არის, მაგრამ გრიშა კაკაჩია შეეგუა იმას, რომ თუთა მისი შვილი იყო და მზად იყო ამისთვის. თუთა მოეწონა. ერთი წუთიც არ უფიქრია, როცა წაიკითხა პასუხი, დაეწია მანქანით და ჩაისვა.

გამოხმაურებებს გაეცანით?

ძალიან დიდი გამოხმაურება იყო. მთელი ღამე არ შეწყვეტილა კომენტარები. მეც მივადევნე თვალი. უარყოფითი არაფერი შემხვედრია. ვფიქრობ, „ფორმულა“ კრეატივმა დაიმსახურა ამგვარი შეფასებები. ეს არის უნიჭიერესი კოლექტივი, რომელსაც ყველაფრის განხორციელება შეუძლია. მადლობა ყველას ასეთი გამოხმაურებებისთვის (იღიმის).

ნინო მურღულია

https://www.facebook.com/chemicolisdaqalebi/videos/1800680506651639/?autoplay_reason=all_page_organic_allowed&video_container_type=0&video_creator_product_type=2&app_id=2392950137&live_video_guests=0

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები