LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაზიანებული ავტომანქანები და ბარიკადები გზებზე – ვინ აგებს პასუხს თბილისის ქუჩებში მოწყობილ „თავგადასავლებზე“

სუპერ მარიო თბილისის გზებზე – ვისაც ბავშვობაში დაბრუნება და მარიოს   დაბრკოლებების გადალახვა მოგენატრათ,  ან ზიგზაგებით მოძრაობაში ვარჯიშობთ, თბილისის ქუჩებში შეგიძლიათ გამოხვიდეთ, ღამით არასაკმარისი ხილვადობის პირობებში  გართობა კიდევ უფრო ექსტრემალური ხდება.

საქმე იმაშია, რომ თბილისის რამდენიმე ქუჩაზე უკვე თვეზე მეტია, საკანალიზაციო  ჭები  ამოჭრეს და ორმოები, ზედ დაყრილი ასფალტის ნარჩენებით და მიწით,  ხელუხლებელი, ყოველგვარი მაფრთხილებელი  ნიშნების გარეშე დატოვეს .

აღსანიშნავია, რომ საკანალიზაციო ჭები მას შემდეგ გაჭრეს, რაც ქუჩებზე ახალი ასფალტის საფარის დაგებას მორჩნენ და საგზაო სამუშაოები დასრულდა.

ქალაქის გზებზე  მიმოფანტული ბარიკადები  დღისით სატრანსპორტო საცობის წარმოქმნის დამატებითი მიზეზი ხდება, ღამით მოძრაობის დროს კი საავტომობილო ავარიების რისკებს ზრდის. განსაკუთრებით პრობლემატური ფარნავაზ მეფის ქუჩა, ფეიქართა ქუჩა, ჩუბინაშვილი და ჯავახიშვილის ქუჩებია.

ადგილობრივი მაცხოვრებლები და მძღოლები, რომლებსაც ამ ქუჩებზე სისტემატიურად უწევთ მოძრაობა, მტვრით და საცობით გამოწვეული დისკომფორტის გარდა, ფინანსურ ზარალზეც საუბრობენ.

დიდ დიღომში  სარეაბილიტაციო სამუშაოები 9 მარტს დაიწყო და ივნისში უნდა დასრულებულიყო.  ჩვენს მიერ გადაღებულ ფოტოებზე კარგად ჩანს,  რომ ამ ტერიტორიაზე გზა არათუ დასრულების ფაზაშია, არამედ  ჯერ კიდევ გადათხრილია.

„სავალი ნაწილები მანქანაზე ამ 2 თვის განმავლობაში ისე დაზიანდა, მთლიანად შესაცვლელი გახდა. გასაგებია, რომ არ არის მარტივი პროცესი გზების აყრა და ახლიდან დაგება, მაგრამ მარტივად შესამჩნევია, როცა საქმეს არ აკეთებენ პროფესიონალები. გზის მოჭრის დროს, მოჭრილ ნაწილზე ძველი ასფალტიდან ჩასასვლელი ისე იყო დატოვებული, რომ დაბალი გამავლობის მანქანისთვის შეუძლებელი იყო, ცხვირი არ „ჩაერტყა“. ივნისში უნდა დაესრულებინათ მუშაობა,  ივლისია და  ჯერ კიდევ არ არის დაგებული ბოლომდე. სავარაუდოდ, ხელოსნებთან სიარული ჩემთვის ჯერ არ დასრულებულა,” – უყვება ფორტუნას ცოტნე ხუციშვილი.

ფეიქართა ქუჩაზე დიდუბის მიმართულებით საღამოს საათებში ვმოძრაობდი , მიწაყრილებს გვერდი ავუარე და ამ დროს საკმაოდ ღრმად ამოჭრილ ორმოში აღმოჩნდა მანქანა, გატყდა დისკიც და საბურავიც  მთლიანად გაიხა.  ვეღარ შევაკეთე და ახლის ყიდვა მომიხდა,“ –  უყვება „ფორტუნას“ავტომობილის კიდევ ერთი მეპატრონე.

რატომ გაიჭრა უკვე დასრულებულ ასფალტის საფარზე საკანალიზაციო ჭები, რატომ არ სრულდება საგზაო სამუშაოები დადგენილ ვადებში , იხარჯება თუ არა მერიის ბიუჯეტიდან დამატებითი თანხები სამუშაოების ხელახლა წარმოებაზე და ვინ აგებს პასუხს ქალაქის მთავარ საავტომობილო გზებზე უპატრონოდ დატოვებულ ნაგვის გროვებზე? –  ამ კითხვებით „ფორტუნამ“  თბილისის მერიას მიმართა, მერიის პრესსამსახურმა კეთილმოწყობის სამსახურში  გადაგვამისამართა,  სადაც, მიუხედავად დაპირებისა და 2-დღიანი ლოდინისა,  „ფორტუნას“ კითხვებს არ უპასუხეს.

 

 

 

 

თამუნა გოგუაძე 

 

პოპულალურები