LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიზაინერ ნანა მელქაძის რჩევები – რა მოვირგოთ ამ ზამთარს და ახალი წლის ღამეს

231

დიზაინერი ნანა მელქაძე გვიზიარებს ამ ზამთრის ძირითად მოდურ ტენდენციებს და იმასაც გვირჩევს, რისი მორგება შეგვიძლია ახალი წლის ღამეს. ნანა საკუთარ კოლექციასაც ამზადებს, რომელსაც მომხმარებელს თვის ბოლოს წარუდგენს, მასში 45 კოსტიუმია გაერთიანებული…

ნანა მელქაძე:

2015 წლის ზამთარს მოდურ ფერებს შორის, რასაკვირველია, რჩება შავი, მოდის წითელი მაიმუნის წელიწადი, შესაბამისად, აქტუალურია წითელი ფერი, რომლის მორგება შეგიძლიათ ახალი წლის ღამესაც. ფერებიდან ასევე შეგიძლიათ არჩევანი გააკეთოთ ბორდოსფერზე, ლურჯსა და მწვანეზე, ასევე მუქ ხორცისფერზე, რასაც პალტოს შემთხვევაშიც აქტიურად ვიყენებთ.

წელს ასევე აქტუალურია ბეწვი, თუმცა ნაკლებად ფერადი, უფრო მეტად შავი ფერის. ვისაც ფერადი ბეწვი უყვარს,  სხვადასხვა ფერის ბეწვეულით შეუძლია სამოსის გაფორმება, რადგან სიჭრელეც მოდურია. მაგრამ ამ კუთხით ზომიერება არ უნდა დაგვავიწყდეს, გააჩნია, რა დოზით დავტვირთავთ სამოსს.

ძალიან აქტუალურია დეკორი. აქსესუარები – ნაკლებად, უფრო მეტად, სამოსზე ხელით ნამუშევარი დეკორი კეთდება და ამას მე ვიყენებ ახალ კოლექციაში. ასეთი სამოსის მორგებისას შეგიძლია დაივიწყოთ მასიური აქსესუარები და იმიჯის დასასრულებლად ნაზი საყურე გაიკეთოთ, მეტი არაფერი. კოლექციაში მაქვს ნაქსოვი ქუდები და შლაპებიც, რომლებიც ზამთრის სეზონს განსაკუთრებით დაამშვენებს და კომფორტის შექმნის გარდა, ძალიან ლამაზიც გახლავთ.

ზოგადად, ნაქსოვია ძალიან მოდური, ჟაკეტებიც და პალტოებიც. რაც შეეხება პალტოს და მის ფორმას, მოდურია თავისუფალი პალტოები, ქამრით, გარედან დაკერებული ჯიბეებით, მუხლს ქვევით სიგრძის, ოვალური, მომრგვალებული ფართო საყელოთი. თუკი პალტოს ვიწრო ფორმას აიღებთ, ამ შემთხვევაში შარფის ნაცვლად, მე ვიყენებ დიდ ბაფთას, რომელიც ძალიან უხდება…

ასევე აქტუალურია ჟილეტები, მუხლს ქვემოთ სიგრძის, აგრეთვე მაღალყელიანი ფართხუნა შარვლები და თავისუფალი ბლუზები. ქვედაბოლოებიცა და კაბებიც უმჯობესია, თუ მუხლს ქვემოთ იქნება, რადგან ესაა წლევანდელი აქტუალური სიგრძე, კაბამაც და ქვედაბოლომაც აუცილებლად უნდა დაფაროს მუხლი. ქვედაბოლოებზე ასევე ვიყენებ გარედან დაკერებულ ჯიბეებს.

რაც შეეხება ქსოვილებს: ტვიდი, შალი, ქაშმირი, ანუ ნატურალური ნაჭრებია ტენდენციური.  

რას გვეტყვი ფეხსაცმელზე?

კოლექციისთვის, რომელსაც თვის ბოლოს, სპეციალური ფოტოსესიის საშუალებით წარვუდგენ მომხმარებელს, შედის ჩვენი ბრენდის ფეხსაცმელებიც – გავაკეთეთ ბათინკები და გავაფორმეთ ბეწვით. ძალიან პრაქტიკული და თბილი გამოვიდა, ყოველდღიურად მათი მოხმარება თავისუფლად შეგიძლიათ.

ცნობილია, რომ ძალიან წარმატებული წელი მოდის მათთვის, ვინც დასაოჯახებელია. უამრავი საპატარძლო კაბა თუ სიძის შარვალ-კოსტიუმი გვაქვს შექმნილი და იმედია, შემდეგ წელს ამ მხრივ კიდევ უფრო დატვირთულები ვიქნებით (იღიმის).

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები