LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დრონებისთვის ცა დაპატარავდა – რეგულაციები საფრთხის ასარიდებლად

დრონის მფლობელები პირველი სექტემბრიდან ახალ  რეგულაციებს დაემორჩილებიან. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს გადაწყვეტილებით, მცირე  უპილოტო საფრენი აპარატებისთვის დაშვებული სიმაღლე 400 ფუტი იქნება (დაახლოებით, 120 მეტრი). დრონის ამაზე  მაღლა  აფრენა მხოლოდ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს თანხმობით იქნება შესაძლებელი.

დრონების ფასი,  საშუალოდ, 200 ლარიდან იწყება და მომხმარებელთა ფართო სპექტრისთვის არის ხელმისაწვდომი. უპილოტო საფრენი აპარატების მომრავლებამ  რეგულაციების შემოღება დააყენა დღის წესრიგში.

დრონებისთვის რეგულაციები წესდება ფრენის ლოკაციებთან დაკავშირებითაც. იმისთვის , რომ საფრთხე არ შეექმნას ადამიანთა სიცოცხლეს , პირად ცხოვრებას და საკუთრებას,   საავიაციო სააგენტოს რეკომენდაციით, დრონის მფლობელები უნდა მოერიდონ:

  • დრონის გამოყენებას შენობა-ნაგებობებისა და სტადიონების თავზე;
  • სატრანსპორტო საშუალებების, მაღალი ძაბვის გადამცემი ბოძებისა და რადარების სიახლოვეს;
  • საჰაერო ხომალდების, აეროპორტებისა და აეროდრომების სიახლოვეს.

დრონებისთვის ჰორიზონტალური დისტანცია  აეროდრომებთან არანაკლებ 6000 მეტრს უნდა შეადგენდეს. უპილოტო საჰაერო ხომალდის უსაფრთხო ექსპლუატაციაზე პასუხისმგებლობა   მფლობელს/ოპერატორს  ეკისრება.

დრონების მფლობელებისთვის ფრენის სიმაღლის რეგულირების გარდა, მიმდინარე წლის ნოემბრიდან 5 კილოგრამს ზემოთ საფრენი აპარატის რეგისტრაციაც გახდება სავალდებულო,  ხოლო სერტიფიცირების ნაწილი  2020 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება.

ფოტოგრაფი და ოპერატორი ზაზა შუკვანი დრონის მფლობელია. ისურვებდა, რომ დაწესებული სიმაღლე 400 ფუტზე მეტი ყოფილიყო, თუმცა რეგულაციებს ეთანხმება.

დრონებთან დაკავშირებით რეგულაციები მთელ ევროპაშია მიღებული.  არის ადგილები, სადაც გადაღება არ შეიძლება და ვიცოდი, რომ, ადრე თუ გვიან, ეს რეგულაციები ჩვენთანაც ამოქმედდებოდა და  მოულოდნელი არაფერია. უბრალოდ, მუშაობისთვის კარგი იქნებოდა, დაწესებული სიმაღლე უფრო მეტი ყოფილიყო,“ –  ამბობს „ფორტუნასთან“ ზაზა შუკვანი.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ფრენის ინსპექტირებისა და სტანდარტების დეპარტამენტის სპეციალისტის,  აკაკი მაისაიას, განმარტებით, დრონის მეპატრონეებმა დაშვებული სიმაღლის ზემოთ ფრენის ნებართვისთვის სააგენტოს უნდა მიმართონ.

„ნებართვისთვის საჭიროა საფრენი აპარატის დოკუმენტაცია,  მფლობელის/ოპერატორის დოკუმენტაცია, საფრენი ლოკაციისა და ქმედებების აღწერა, ნებართვა 45 დღის ვადაში გაიცემა და ფასიანია.დოკუმენტებთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ვებგვერდზეა განთავსებული,“ – განმარტავს „ფორტუნასთან“ აკაკი მაისაია.

დაწესებული რეგულაციების დარღვევისთვის (თუ დარღვევამ სიცოცხლის , ჯანმრთელობის, ქონების და ა.შ დაზიანება არ გამოიწვია) დრონის მეპატრონე ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით დაჯარიმდება.

 

 

თამუნა გოგუაძე 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები