LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ენკენი” უკვე თბილისშია – ინოვაციური ვაშლის ჩიფსები ექსპორტზეც გავა

418

ინოვაციური ტექნოლოგიით დამზადებული ქართული ვაშლის ჩიფსი ”ენკენი” რეალიზაციაში უკვე ჩაეშვა. პროდუქცია თბილისში ”ნიკორას” 8 სუპერმარკეტსა და ბაკურიანში, ასევე ”ნიკორას” 2 სუპერმარკეტში იყიდება. უახლოეს დღეებში კი ”ენკენის” ჩიფსები, თბილისის მასშტაბით, რამდენიმე ფიტნეს ცენტრშიც შევა.

როგორც ”ფორტუნას” ვაშლის ჩიფსების ქართული ბრენდის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, თამარ შეითნიშვილმა განუცხადა, ”ენკენის” ჩიფსი აბსოლუტურად ნატურალური პროდუქციაა, რომელიც შეიცავს მხოლოდ ვაშლს (დეჰიდრირებული სახით) და მზადდება ზეთისა და დანამატების გარეშე.

”ენკენი არის ჯანსაღი, ხრაშუნა და გემრიელი სნექი, რომელშიც მაქსიმალურად შენარჩუნებულია ვაშლში არსებული სასარგებლო თვისებები. ასეთ პროდუქტებზე მოთხოვნა მზარდი ტენდენციით ხასიათდება მსოფლიო მასშტაბით, ამიტომ, ჩვენი მიზანია სწორედ ამ მიმართულებით მუშაობა და ჯანსაღი და ინოვაციური სნექების შეთავაზება როგორც საქართველოსთვის, ისე დანარჩენი მსოფლიოსთვის”, – აღნიშნა შეითნიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ”ენკენის” ჩიფსები რეალიზაციაში დაახლოებით ერთი თვეა ჩაეშვა და ბრენდის ცნობადობა სწრაფად იზრდება. პროდუქციის გასაყიდი ფასი 3,50 ლარია. როგორც თამარ შეითნიშვილი ამბობს, შედარებით მაღალი ფასი პროდუქციის ხარისხმა და მისმა სიჯანსაღემ განაპირობა.

”მოგეხსენებათ, იმპორტირებული პროდუქცია დანამატებითაა გაჯერებული, ”ენკენის” ჩიფსები კი სრულიად ნატურალურია და არ არის საშიში ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ის, ფაქტობრივად, ბავშვებზეა გათვლილი”, – აღნიშნა ბრენდის ერთ-ერთმა შემქმნელმა.

როგორც თამარ შეითნიშვილი ამბობს, ”ენკენის” პროდუქციით უცხოელებიც ინტერესდებიან. ამ ეტაპზე მოლაპარაკება მიმდინარეობს რამდენიმე პარტნიორთან და სამომავლოდ, ”ენკენის” ექსპორტზე გატანაც იგეგმება.

ცნობისთვის, ქართული ვაშლის ჩოფსები გორის რაიონის სოფელ დიცში გახნილ ახალ ქარხანაში იწარმოება. პროექტის ავტორი კი აგრარული უნივერსიტეტის რამდენიმე სტუდენტია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები