LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეროვნულ ბანკს ქვეყნის ეკონომიკის ზრდაზე საკუთარი პროგნოზი აქვს

44

ეროვნული ბანკის პროგნოზით, საქართველოში ეკონომიკის ზრდა 2017 წელს 4% იქნება. ამის შესახებ უწყების მაისის თვის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშშია აღნიშნული. დოკუმენტში წერია, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების გააქტიურება და, ზოგადად, დაგეგმილი ფისკალური სტიმული, ინვესტიციებისა და მოხმარების ზრდას შეუწყობს ხელს.

“ამასთან, მოსალოდნელია, რომ საგარეო სექტორში არსებული სირთულეების განეიტრალების ფონზე, წმინდა ექსპორტი ზომიერად გაუმჯობესდება და 2017 წლის ეკონომიკის ზრდაში მცირე, თუმცა დადებით წვლილს შეიტანს. წინა წლებში წმინდა ექსპორტზე უარყოფითად მოქმედებდა რეგიონში არსებული გამწვავებული პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარება, რაც ქართულ ექსპორტზე მოთხოვნასა და ფულად გზავნილებზე აისახებოდა. წმინდა ექსპორტის უარყოფით წვლილს ხელს უწყობდა ასევე ფისკალური სტიმული და მოხმარების ზრდა. თუმცა აღნიშნული ფაქტორების უარყოფითი გავლენა საბოლოოდ დაბალანსდა, ერთი მხრივ, საერთაშორისო ბაზრებზე მნიშვნელოვან სასაქონლო ჯგუფებზე, 2014 წელთან შედარებით, დაბალი ფასებით (რაც დადებითად მოქმედებს როგორც მიმდინარე ანგარიშზე, ასევე ეკონომიკის ყველა სექტორზე), ხოლო მეორე მხრივ, რეალური ეფექტური გაცვლითი კურსის გასულ პერიოდში მომხდარი კორექტირებით.

მშპ–ს პროგნოზის რისკებში მთავარი ადგილი კვლავ საგარეო სექტორს უკავია. კერძოდ, გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, თუკი სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკური კრიზისი მოსალოდნელზე მეტად გაღრმავდება, ან აღნიშნული შოკი მოსალოდნელზე მეტად გადმოეცემა საქართველოს, მაშინ ეკონომიკური ზრდა პროგნოზთან შედარებით შემცირდება. ასევე რისკის შემცველია აშშ დოლარის და ევროს გაცვლითი კურსები საერთაშორისო სავალუტო ბაზრებზე, რაც სავაჭრო არხებითა და მასთან დაკავშირებული მოლოდინებით გავლენას ახდენს ეკონომიკურ აქტივობასა და ლარის გაცვლით კურსზე. მეორე მხრივ, თუკი გამოყენებული იქნება ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობა, ან დაჩქარდება საინვესტიციო პროექტები და ბიზნეს განწყობა მოსალოდნელზე მეტად გაუმჯობესდება, მაშინ მშპ-ს ზრდა პროგნოზირებულთან შედარებით მაღალი იქნება”, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის ანგარიშში.

შეგახსენებთ, მოლოდინის მიუხედავად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი არ გააუმჯობესა და ის უცვლელი დატოვა.

ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, საქართველოს მშპ-ს ზრდა წელს 3.9% იქნება. ეს მაჩვენებელი 2016 წლის ნოემბერში გამოქვეყნებულ პროგნოზთან შედარებით არ შეცვლილა. რაც შეეხება 2018 წელს, EBRD-ის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა ამ წელს 4,2%-ამდე გაიზრდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები