LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ევროპული საქართველო” პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ განხილვაში მონაწილეობას მიიღებს

19

„ევროპული საქართველო“ პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ განხილვაში მონაწილეობას მიიღებს, რადგან მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა იყოს ფართო კონსენსუსის საგანი. ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.

“საზოგადოების ყველა ფენა და ინსტიტუტი უნდა თანხმდებოდეს ამ ცვლილებებზე. საკონსტიტუციო კომისია, რომელიც პარლამენტში შეიქმნა და სადაც ჩვენც ვმონაწილეობთ, წარმოადგენს ერთ პრობლემას და ეს პრობლემაა ის, რომ იქ პრეზიდენტის ინსტიტუტი არ მონაწილეობს. ეს არის ,,ქართული ოცნების“ ბრალი. აქედან გამომდინარე სავსებით ლოგიკურია, რომ პრეზიდენტს სურს სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან და საზოგადოების წევრებთან ჰქონდეს კონსულტაციები კონსტიტუციაზე“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

დღეს, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში მიწვეული არიან პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და საკონსტიტუციო კომისიის წევრები. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, გაიმართება შეხვედრა, სადაც პრეზიდენტი გააცნობს საზოგადოებას და მათ შორის საკონსტიტუციო კომისიის წევრებს, თუ როგორია მისი ხედვა კონსტიტუციის სახალხო განხილვასთან დაკავშირებით.

პოპულალურები