LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ევროვიზია 2018“-ის პირველი ნახევარფინალიდან ფინალში გადასულთა ვინაობა ცნობილია

77

„ევროვიზია 2018“-ის პირველი ნახევარფინალიდან ფინალში გადასულ კონკურსანტთა ვინაობა ცნობილია.

პირველი ნახევარფინალიდან ფინალში გადავიდნენ: ავსტრია, ესტონეთი, კვიპროსი, ლიტვა, ისრაელი, ჩეხეთი, ბულგარეთი, ალბანეთი, ფინეთი და ირლანდია.

ევროვიზიის სიმღერის რიგით 63-ე კონკურსის პირველი ნახევარფინალური შოუ პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გაიმართა. სადაც ფინალში მოსახვედრად 19 ქვეყნის რჩეული მუსიკოსი იბრძოდა.

დღეს კონკურსანტისთვის საქართველოს ხმის მიცემა არ შეეძლო. ქვეყანას არჩევანის გაკეთების საშუალება 10 მაისს მიეცემა, როდესაც ევროვიზიის მეორე ნახევარფინალი გაიმართება და მაყურებლის წინაშე საქართველოს წარმომადგენლები – ჯგუფი „ირიაო“ წარდგება.

ევროვიზიის წესების მიხედვით, ქვეყანას თავისი წარმომადგენლების ხმის მიცემა არ შეუძლია. ამიტომ, არჩევანი სხვა ქვეყნის წარმომადგენლებზე უნდა შეაჩერონ. მაყურებელთან ერთად არჩევანს გააკეთებს კომპეტენტური ჟიურიც. საქართველოს მოსახლეობას ხმის მიცემა ფინალურ კონცერტზეც შეეძლება.

თითო ნახევარფინალიდან ფინალში 10 ქვეყნის წარმომადგენელი გადადის. ფინალში მათ უერთდებიან დიდი ხუთეულის ქვეყნები და გამარჯვებული ქვეყნის წარმომადგენელი.

ფინალში ხმის მიცემა შეუძლია 43-ვე ქვეყანას, რომელიც ევროვიზია 2018-ში მონაწილეობს.

წელს ევროფესტივალზე საქართველოს ეთნო-ჯაზ ბენდი „ირიაო” წარმოადგენს, რომელიც მეორე ნახევარფინალში, 10 მაისს იმღერებს. „ირიაო“ შეასრულებს სიმღერას – „შენი გულისთვის“.

„ალტის არენას“ სცენაზე მეორე ნახევარფინალში 18 კონკურსანტი მონაწილეობს. მაყურებელი და ჟიური მათ შორის საუკეთესო ათეულს შეარჩევს, რომელიც ფინალში 12 მაისს იმღერებს.

წელს ევროფესტივალში 43 ქვეყანა მონაწილეობს. აქედან ხუთი ქვეყნის – დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, იტალიის, საფრანგეთისა და ესპანეთის კონკურსანტები, ისევე როგორც მასპინძელი პორტუგალია, საკუთარ ქვეყანას ფინალურ ეტაპზე წარადგენენ.

 

1tv.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები