LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინანსთა მინისტრი ADB-ის ალტერნატიულ აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

60

აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე პროექტები, ასევე, სამომავლო თანამშრომლობის საკითხები ფინანსთა მინისტრმა, ნიკოლოზ გაგუამ და აზიის განვითარების ბანკის (ADB) ალტერნატიულმა აღმასრულებელმა დირექტორმა, სკოტ დოუსონმა დღეს, ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მიმოიხილეს.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ხარეებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტის, ტაკეჰიკო ნაკაოს საქართველოში პირველი ვიზიტის მნიშვნელობას და აღნიშნეს, რომ თბილისში გამართული შეხვედრები, ხელს შეუწყობს ADB-სთან თანამშრომლობა გადავიდეს განვითარების ახალ ეტაპზე.

როგორც ნიკოლოზ გაგუამ განაცხადა, აზიის განვითარების ბანკი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია. აღსანიშნავია, რომ საქართველოსთან წარმატებული ურთიერთთანამშრომლობის ფონზე, აზიის განვითარების ბანკი განიხილავს შესაძლებლობას, გააფართოოს თავისი პორტფელი საქართველოში, რითაც შესაძლებელი იქნება, დაფინანსდეს უფრო მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი, ასევე, გაიზარდოს აზიის განვითარების ბანკის ჩართულობა განათლების სფეროს რეფორმირების პროცესში.

შეხვედრაზე განსაკუთრებით ხაზი გაესვა ბანკის მონაწილეობას ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების მიმართულებით, როგორიცაა: აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალისა და ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის პროექტები. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, დღეს, გაიხსნა ქობულეთის შემოვლითი გზის მე-2 მონაკვეთი, რომელიც სწორედ აზიის განვითარების ბანკის დაფინანსდებით აშენდა და რომელიც ხელს შეუწყობს სატრანზიტო მოძრაობისა და ტურიზმის განვითარებას რეგიონში.

უწყების ინფორმაციით, აზიის განვითარების ბანკი საქართველოს მხარდაჭერას უწევს ისეთი პრიორიტეტული სფეროების დაფინანსებაში, როგორიცაა: ენერგეტიკა, მუნიციპალური და საქალაქო ინფრასტრუქტურა, წყლისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია/მშენებლობა, რაც მიზნად ისახავს ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას. უმნიშვნელოვანესია, ასევე, ADB-ის ჩართულობა მთავრობის ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერის კუთხით. კერძოდ, აზიის განვითარების ბანკი მონაწილეობს ისეთი რეფორმების განხორციელების პროცესში, როგორიცაა: კაპიტალის ბაზრის განვითარება, საპენსიო რეფორმა, საჯარო-კერძო თანამშრომლობა.

საქართველო აზიის განვითარების ბანკის წევრი 2007 წლიდან არის. დღეის მდგომარეობით, ADB-ის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი დაფინანსების ოდენობა (საინვესტიციო, კერძო სექტორი და ტექნიკური დახმარებები) შეადგენს, დაახლოებით, 2.4 მილიარდ აშშ დოლარს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები