LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტოჰოლდინგის”იბერია ბიზნეს ჯგუფი” აღმასრულებელი დირექტორი დათო გოგორიშვილი სტუმრად „წარმატების ფორმულაში“

23

28 სექტემბერს რადიო ”ფორტუნას” გვანცა ლაღიძის გადაცემაში ”წარმატების ფორმულა“ ავტოჰოლდინგის”იბერია ბიზნეს ჯგუფი” აღმასრულებელი დირექტორი დათო გოგორიშვილი სტუმრობდა.

იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლის და პროკურატურაში პირველი სამუშაო გამოცდილების მიღების შემდეგ დათომ ბიზნეს საკონსულტაციაო ჯგუფში ”ბი-სი-ჯი”-ში გადაინაცვლა, დღეს კი, ჰოლდინგის ”იბერია ბიზნეს ჯგუფის” აღმასრულებელი დირექტორია.

– 1999 წელს დაარსებული ”იბერია ბიზნეს ჯგუფი” დღეს საქართველოს ბაზარზე ყველაზე მსხვილი საავტომობილო ჰოლდინგია. როგორი იყო ჰოლდინგის პირველი ნაბიჯები?

– კომპანიას საფუძველი 1999 წელს ჩაეყარა. მისი სულისჩამდგმელი ტარიელ ხეჩიკაშვილი, დღევანდელი სპორტის მინისტრი გახდა, რომელიც წლების მანძილზე იყო კომპანიის პრეზიდენტი. კომპანიის შექმნა ”იბერია-მობილის” დაფუძნებით დაიწყო, მისი პირველი მფლობელები ”ექსონ-მობილის” იმპორტიორები იყვნენ, რასაც ძალიან მალე სხვადასხვა საავტომობილო ბრენდებთან თანამშრომლობა მოჰყვა. წლების მანძილზე უამრავი პარტნიორი ჰყავდა კომპანიას, დღეს კი შვიდი ცნობილი საავტომობილო ბრენდის – ”ფოლკსვაგენის”, ”აუდის”, ”შკოდას”, ”რენოს”, ”პეჟოს”, ”მიცუბიშის” და ”კიას” წარმომადგენელია საქრთველოში. კომპანიამ საქმიანობა ”ფოლკსვაგენთან” დაიწყო, მალე კი, სხვადასხვა ავტომწარმოებლებთან შეძლო ურთიერთობის დამყარება.

– უამრავ უცხოელ პარტნიორთან გაქვთ ურთიერთობა, როგორ მოხდა მათი საქართველოს ბაზრით დაინტერესება პირველ ეტაპზე?

– იმ პერიოდში, როცა კომპანიის მფლობელები იწყებდნენ საქმიანობას, საქართველოს ბაზარი ყველასთვის უცნობი იყო. საკმაოდ დიდი შრომა ჩაიდო, რათა ამ პარტნიორებთან თანამშრომლობა შემდგარიყო. მიზანმიმართული შრომით და კარგი უნარებით შესაძლებელი გახდა კომპანიის შექმნა და მისი განვითარება. როგორც ყველა ბიზნესს, ჩვენც გვაქვს ჩვენი ფასეულობები, რომელიც დაუძნებისას შეიქმნა და დღემდე არსებობს. ჩვენი ფუნდამენტური პრინციპი ადამიანის პატივისცემაა და ვთვლით, რომ ყველაზე დიდი აქტივი ის ადამიანური რესურსია, რომლის წყალობითაც არაერთ წარმატებას მივაღწიეთ და მომავალშიც ამის იმედი გვაქვს. ”იბერია ბიზნეს ჯგუფი” – ერთი დიდი ოჯახია, სადაც ადამიანებს უყვართ თავისი საქმე და პატივს სცემენ ერთმანეთს.

– ლიდერის პოზიციის მიღწევა მარტივი არაა, თუმცა მისი შენარჩუნება, მზარდი კონკურენციის პირობებში ბევრად უფრო რთულია. როგორ ახერხებს ჰოლდინგი შეინარჩუნოს პირველობა?

– როგორც უკვე ავღნიშნე, ჩვენი ძირითადი ფასეულობა ძალიან მარტივია – თითოეულ ჩვენგანს გაცნობიერებული აქვს პასუხისმგებლობა და და ვიცით რომ არ გვაქვს მოდუნების უფლება. მართალია, ბაზარი დიდი არაა, მაგრამ საკმაოდ კონკურენტულია, ამიტომ მხოლოდ შრომით შეიძლება რეზულტატის მიღწევა.

– რამდენად სწრაფად იზრდებოდა მოთხოვნა ავტომობილებზე წლების განმავლობაში და რა ვითარებაა დღეს? რამდენადაც ვიცი, მეორად ავტომობილებზე გაყიდვები მკვეთრად შემცირდა. რა მდგომარეობაა თქვენს ჰოლდინგში?

– ზოგადად ახალი ავტომობილების ბაზარი საქართველოში გასულ წლებთან შედარებით შემცირებულია. ნაკლებად შემცირდა მოთხოვნა ”პრემიუმ” სეგმენტის ავტომობილებზე. ლარის გაუფასურებამ ნეგატიური გავლენა განვადების წილზე მოახდინა და აქედან გამომდინარე საშუალო სეგმენტის ავტომობილებზე, რომლებიც ძირითადად განვადებით იყიდებოდა.

– ბაზრის რა წილი უჭირავს დღეს ”იბერია ბიზნეს ჯგუფს”?

– დღეს კომპანიას საავტომობილო ბაზრის 35 % უჭირავს.

– რამდენად ხელსაყრელია ავტობიზნესისთვის დღევანდელი ბიზნესგარემო საქართველოში?

– დღევანდელი ბიზნესგარემო არამარტო საავტომობილო სფეროში, არამედ ზოგადადაა საკმაოდ მიმზიდველია ინვესტორებისთვის. დაცულია ბიზნესის ფუნდამენტალური საფუძველი – საკუთრების უფლება, ამიტომ ნებისმიერ ინვესტორს თავისუფლად შეუძლია ჩადოს ინვესტიციები და განკარგოს მოგება საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით. გასულ წლებში ეს საკმაოდ რთული იყო. დღეს კი, ეს განცდა ყველა ბიზნესმენს აქვს, რაც ინვესტიციების ჩადების დამატებითი მოტივაციაა. ერთადერთი შემაფერხებელი ფაქტორი საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობაა.

– თქვენი აზრით, ბიზნესის რომელი მიმართულება შეიძლება განვითარდეს საქართველოში?

– ქვეყანაში მრავალი მიმართულება არსებობს, რომელსაც უზარმაზარი პერსპექტივა აქვს. მათ შორისაა სოფლის მეურნეობა და ტურიზმი. რამდენადაც ვიცი, სახელმწიფომ უკვე გადადგა სერიოზული ნაბიჯები სოფლის მეურნეობის სფეროში. ტურიზმის პოტენციალიც დიდია და იმედია ამ კუთხითაც მივაღწევთ წარმატებას.

– რა იყო თქვენი ბავშვობის ოცნება?

– ბავშვობაში ექიმობაზე ვოცნებობდი, გამომდინარე იქიდან რომ ოჯახის ყველა წევრი ექიმია, თუმცა როცა კარგად გავიაზრე რას ნიშნავს ეს პროფესია, იურისტობა ავირჩიე.

– მთავარი რაც უნდა იცოდეს კარგმა ბიზნესმენმა იმისთვის რომ კომპანიამ შეინარჩუნოს მოწინავე პოზიციები ბაზარზე. როგორ იქცევით სირთულეების დროს?

– ზოგადად მენეჯმენტი რაღაც პროცესის მართვას გულისხმობს. შეიძლება იყოს აღმასვლაც და დაღმასვლაც, მთავარია ძირეულად იცოდე საკუთარი ბიზნესი, რადგან ნებისმიერი ბიზნესი დეტალებისგან შედგება და აუცილებელია ყველა დეტალზე სრული ინფორმაციის ფლობა. ყველა პრობლემას აქვს გამოსავალი, ჩვენ არსებული რესურსების მობილიზაციით ვაგვარებთ ყველა პრობლემას.

– ”იბერია ბიზნეს ჯგუფი” ყოველთვის გვანებივრებს აქციებით და სიახლეებით. რას გვეტყვით თქვენს სამომავლო გეგმებზე?

– ახლო მომავალში კომპანია მხოლოდ არსებული პროდუქტების განვითარებას დაუთმობს დროს და არ გეგმავს ახალი ბრენდების შემოყვანას. აქციების თვალსაზრისით კი, უამრავი საინტერესო შემოთავაზება გვაქვს – ”ფოლკვაგენში”, ”მიცუბიშიში” და ”კიაში” ფასდაკლების აქცია მოქმედებს, ”აუდიში” გარანტიის პერიოდი შეიცვალა და ფასებიც საკმაოდ მისაღებია ბაზრის გათვალისწინებით. ასე რომ, დღეს იდეალური დროა, მანქანის შესაძენად.

– უკვე აღვნიშნეთ რომ უამრავ უცხოელ პარტნიორთან გიწევთ ურთიერთობა, როგორია ბიზნესეტიკეტი საქართველოში და რამდენად ექცევა ამას ყურადღება ქართულ ბიზნესწრეებში?

– ეტიკეტი მნიშვნელოვანია ბიზნესში. ჩვენ საკმაოდ ბევრ ბრენდს წარმოვადგენთ საქართველოში და ბუნებრივია, ხშირი ურთიერთობა გვაქვს უცხოელებთან. მართალია, ყველა ქვეყანას და კომპანიას თავისი კულტურა აქვს, მაგრამ ბიზნესი საბოლოო ჯამში ყველგან ბიზნესია და ეტიკეტზეც ყველა თანხმდება.

– რამდენად აუცილებელია იყოს სპეციალური კურსები?

– ბიზნესეტიკეტის კურსები საჭიროა, რაგდან ის გარკვეული გამოცდილებით დამკვიდრდა როგორც მიღებული ფორმა. საქართველოში მწირია ამის გამოცდილება, რადგან საკმაოდ ახალგაზრდა ქვეყანა ვართ ამ სფეროში და რაც მეტს ვისწავლით მით უკეთესია ჩვენთვის.

– როგორი ხელმძღვანელია დავით გოგორიშვილი, რა არის თქვენთვის მიუღებელი თანამშრომლებისგან და რა მოგწონთ პირველ რიგში?

– პირველ რიგში შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი თანამშრომლები მიყვარს და დიდ პატივს ვცემ მათ. ბუნებრივია, მათგანაც პატივისცემას მოვითხოვ. არ მიყვარს უპასუხისმგებლობა და ტყუილი. მიყვარს, როცა თანამშრომელი კარგად აკეთებს თავის საქმეს და მიხარია, რომ კარგი თანამშრომლები გვყავს.

– ბიზნეს შეხვედრაზე რას აქცევთ ყველაზე დიდ ყურადღებას?

– პირველ რიგში რეზულტატი მაინტერესებს. არანაკლებ მნიშვნელოვანია აურაც.

– სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას თუ ნელა და გააზრებულად?

– სიტუაციას გააჩნია. არის შემთხვევები, როცა გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღო, ზოგ შემთხვევაში კი, ბევრი ფიქრია საჭირო.

ბლიც–კითხვები

– როგორია დავით გოგორიშვილის დილა?

– დილა ჩემთვის ოჯახის წევრებთან მისალმებით და ერთი ჭიქა ყავით იწყება. მერე კი, აუზზე მივდივართ.

– ”იბერია ბიზნეს ჯგუფის” სლოგანი?

– ვიყოთ წარმატებულები!

– კითხვა რომელიც ჟურნალისტებისგან ყველაზე მეტად გაღიზიანებთ?

– მაღიზიანებს, როცა ლარის კურსზე მეკითხებია.

– თქვენი სამაგიდო წიგნი?

– სამაგიდო წიგნი ბევრია და კონკრეტულად ერთი არ მაქვს.

– ფრაზა რომელსაც ყველაზე ხშირად მიმართავთ დღის განმავლობაში?

– არ მახსენდება.

– პირობითი ფურცელი და ფანქარი რომ გქონდეთ, რას დახატავდით გადაცემაში ”წარმატების ფორმულა”?

– დავხატავდი თაუერს, რომელსაც ერთად ავაშენებდით.

დათო გოგორიშვილის ”წარმატების ფორმულა”?

– ჩემი აზრით პირველ რიგში უნდა გიყვარდეს შრომა, უნდა გქონდეს მკაფიო მიზანი და ზრუნავდე ამ მიზნის განხორციელებაზე. ბუნებრივია, ფორტუნაც უნდა გწყალობდეს.

აუდიო ჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები