LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაზღვევამ ჯერ ვერ მოიპოვა პოპულარობა: საქართველოში ზარალის ანაზღაურების მაჩვენებელი მხოლოდ 5%-ია

2

13 თებერვალს რადიო „ფორტუნას“ და გვანცა ლაღიძის გადაცემას „წარმატების ფორმულა“ GPI Holding-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ქალბატონი თინათინ სტამბოლიშვილი სტუმრობდა.

პროფესიით ჟურნალისტმა თინათინმა ტელევიზიასა და პრესაში მუშაობის შემდეგ, რამდენიმე კერძო კომპანიაში შეიძინა გამოცდილება, მოგვიანებით კი, GPI Holding-ში გადაინაცვლა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტი ჩაიბარა. გარდა ამისა, ქალბატონი თინა მიწვეული ლექტორის სტატუსით კითხულობს ლექციებს GIPA-ში.

– ქალბატონო თინა, სადაზღვევო ბაზრის მიმოხილვით დავიწყოთ და მცირე და საშუალო ბიზნესის დაზღვევის თემაზე ვისაუბროთ, რა სიახლეებია ამ სფეროში?

– „ბავშვთა სამყაროში“ მომხდარი ხანძრის შემდეგ, როდესაც დავინახეთ, რომ არასასიამოვნო შემთხვევებისგან არავინაა დაცული და დაზღვევა ერთადერთია მექანიზმია ამგვარ სიტუაციებში ფინანსური თავდაცვისთვის, ჩვენ სპეციალურად მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის ახალი პროგრამა შევიმუშავეთ. ცივილიზირებულ მსოფლიოში დაზღვევა დიდი ხანია მოქმედებს და მნიშვნელოვანი როლიც ენიჭება, რადგან ადამიანებს მხოლოდ ასე შეუძლიათ იგრძნონ თავი დაცულად და მიიღონ კომპენსაცია ხანძრით ან სტიქიური უბედურებით  მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად.

– საქართველოში რა მდგომარეობაა ამ კუთხით?

– საქართველოში ნაკლებად სახარბიელო მდგომარეობაა, რაც პირველ რიგში ინფორმაციის ნაკლებობითაა განპირობებული. ქვეყნებში, სადაც სადაზღვევო სისტემა მოქმედებს, ზარალის ანაზღაურების ტვირთი არასდროს აწვება სახელმწიფოს და კომპენსაციის 70-80%-ს სადაზღვევო ინდუსტრია იხდის, საქართველოში კი, ამგვარმა მაჩვენებელმა მხოლოდ 5% შეადგინა. „ბავშვთა სამყაროს“ ხანძრის შემდეგ უამრავი ადამიანი დარჩა უმუშევარი, რადგან მათი ბიზნესი გაჩერდა. სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ჩვენც სწორედ ამ საკითხებზე გავამახვილეთ ყურადღება და მცირე და საშუალო ბიზნესს ახალი პროგრამა შევთავაზეთ, რომელიც ძალიან ხელმისაწვდომ ფასად იძლევა ქონების დაზღვევის საშუალებას, რადგან პოლისის ღირებულების ნახევარს სწორედ სადაზღვევო კომპანია GPI Holding აფინანსებს. ჩვენი მიზანი პროგრამის პოპულარიზაციაა, ამიტომ მინიმალურ პრემიად თვეში 15 ლარი განვსაზღვრეთ, პოლისი კი, 50 ათასი ლარის ფარგლებში აანაზღაურებს ხანძარით, ძარცვით ან სტიქიური უბედურებით მიყენებულ ზარალს, შესაძლებელია როგორც შენობის და ინვენტარის, ისე მარაგის და  საქონლის დაზღვევაც. სამწუხაროდ, დაინტერესება მცირე და საშუალო ბიზნესის მხრიდან ჯერჯერობით ნაკლებია, რადგან დაზღვევამ ჯერ ვერ მოიპოვა პოპულარობა, რისი მთავარი მიზეზი ჩემი აზრით, ისევ ინფორმაციის სიმცირეა.

– რამდენადაც ვიცი, GPI Holding-მა ცოტა ხნის წინ ძალიან სასარგებლო პროექტი „დასაქმების ფორუმი“ შესთავაზა საზოგადოებას, რომელიც წარმატებულად დასრულდა, წელს სად ჩატარდება მორიგი ფორუმი?

– შარშან მასშტაბური დასაქმების ფორუმი გავმართეთ და 212 ადამიანი დავასაქმეთ ჩვენს კომპანიაში გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე, რომელთა უმეტესობა დღესაც წარმატებულად აგრძელებს საქმიანობას. პროექტი პირველ რიგში შუა ხნის – 35-40 წლის ადამიანების დასაქმებას ითვალისწინებდა და აღსანიშნავია, რომ დასაქმებულთა 80%-ზე მეტი ქალბატონია, რომელთაც გამოიყენეს ეს შანსი და ძალიან აქტიურად შეუდგნენ მუშაობას. მართალია, გაყიდვების სპეციფიკა და განსაკუთრებით დაზღვევის მიმართულება, არც ისე მარტივი სფეროა, მაგრამ ჩვენ გადამზადების 6-თვიანი პროგრამა შევიმუშავეთ, რომელიც არჩეულ კანდიდატებს (ინტენსიური კურსის გავლის შემდეგ) პირველსავე სამუშაო დღეს მინიმალურ ანაზღაურებას – 400 ლარს სთავაზობს, რომელიც რეგულარურად გაიზრდება გამოცდილების დაგროვებასთან ერთად. სხვათა შორის, გაყიდვების სპეციალისტი საკმაოდ მოთხოვნადი პროფესიაა არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში და ვფიქრობ ყველასთვის სასარგებლო იქნება ახალი სპეციალობის შეძენა, მით უმეტეს, რომ დღეს პროფესიონალური კადრების სერიოზული დეფიციტია. შარშანდელისგან განსხვავებით, წელს ფორუმმა 300 ვაკანსია გამოაცხადა და თბილისის გარდა რეგიონებში, მათ შორის ქუთაისში, ზუგდიდში, ფოთსა და ბათუმში გაიმართება თებერვლის თვეში.  დასაქმების მსურველებს არანაირი სპეციფიური განათლება არ მოეთხოვებათ, რადგან ჩვენთვის მთავარი მონდომება და მოტივაციაა. ასე რომ, ველით ნებისმიერ მსურველს 25 წელს ზევით, რომლებიც მხოლოდ გასაუბრებით, ტესტირების გარეშე შეირჩევიან.

– რა ვითარებაა GPI Holding-ში გენდერული ბალანსის კუთხით?

– სხვათა შორის, სწორედ დასაქმების ფორუმის წყალობით გაიზარდა  ჩვენს კომპანიაში ასაკობრივი ზღვარი, ქალბატონების რაოდენობა და მათ უმეტესობაც შეადგინეს.

– რამდენად სასარგებლოა კომპანიისთვის ქალის როლის წინა პლანზე წამოწევა?

– პირადად ჩემთვის ეს თემა ძალიან აქტუალურია და კომპანიაშიაც  ვცდილობთ გავააქტიუროთ მუშაობა ამ მიმართულებით. დიდი ხანია მსოფლიო აღიარებს, რომ არსებობს გენდერული დისბალანსი ტოპ-მენეჯმენტში, თუმცა ჩვენს კომპანიაში საშუალო რგოლის მენეჯმენტში უფრო მეტი ქალია, ვიდრე მამაკაცი. ზოგადად, ძალიან ბევრს კამათობენ  ქალისა და მამაკაცის მმართველობას შორის განსხვავებებზე. თუმცა, ვფიქრობ, ამგვარი მიდგომა ნაკლებად გამართლებულია, რადგან მთავარი ადამიანია, მისი ხასიათი და მმართველობის სტილი. ჩემი აზრით, ქალის როლის წინა პლანზე წამოწევა არა მარტო კომპანიისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვისაა სასარგებლო, რადგან ქალს, რომელსაც შემოსავალი აქვს, უფრო დამოუკიდებელია გადაწყვეტილების მიღებაში. სხვათა შორის, გაეროს კვლევით ქალს უფრო მეტი შემოსავალი შეაქვს ოჯახში, ვიდრე მამაკაცს. ასე რომ, ქალის წახალისება, ყოველმხრივ მომგებიანია.

– თუ შეგქმიათ ბიზნესში პრობლემა მხოლოდ იმიტომ, რომ ქალბატონი ხართ?

– პირადად მე არასდროს შემქმნია, თუმცა, ქართული მენტალიტეტის გათვალისწინებით ჩვენს საზოგადოებაში მსგავსი პრობლემა მართლაც არსებობს.

– რას აქცევთ პირველ რიგში ყურადღებას საქმიან შეხვედრაზე?

– ჩაცმის სტილს, რადგან სწორედ ჩაცმაა ადამიანის ხასიათის და მისი შეხედულებების ერთგვარი გამომხატველი. არანაკლებ მნიშვნელოვანია საუბრის მანერა და ჟესტიკულაცია. ძალიან ვაფასებ იუმორის გრძნობას, რადგან მიმაჩნია, რომ თუ ადამიანს იუმორი არ აქვს, მაშინ მას ინტელექტიც ძალიან დაბალი ექნება. ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა კი, ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა.

– როგორი კომუნიკაცია გაქვთ სტუდენტებთან?

– პირველ რიგში, ჩვენ კოლეგები ვართ, რადგან არა მარტო მე ვასწავლი, არამედ მათგანაც ძალიან ბევრს ვსწავლობ.

– რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?

– ვცდილობ სწრაფად მივიღო. სხვათა შორის, ერთ-ერთ ჟურნალში ამოვიკითხე, ისინი, ვინც ერიდება გადაწყვეტილების მიღებას, სხვებთან შედარებით უფრო მეტადაა მიდრეკილი დეპრესიისკენ. ამიტომ, ყველას ვურჩევ, გადაწყვიტოს და მნიშვნელობა არ აქვს რამდენად გაამართლებს მისი გადაწყვეტილება.

 

ბლიც-კითხვები:

– გაქვთ თუ არა სამაგიდო წიგნი?

– ბოლო დროს ძირითადად პროფესიულ ლიტერატურას ვკითხულობ, მაგრამ ისე ძალიან მიყვარს გაბრიელ გარსია მარკესის „მარტოობის ასე წელი“.

– რა არის GPI Holding-ის სლოგანი?

– „თქვენ საიმედო ხელში ხართ!“

– როგორ იწყება თქვენი დილა ჩაით თუ ფინჯანი ყავით?

– დილას ყავას ვსვამ და აუცილებლად ვსაუზმობ.

– კითხვა, რომელიც ბანალურად გეჩვენებათ ჟურნალისტისგან?

– ძალიან ბევრია ასეთი კითხვა.

– საქმე, რომელსაც შეითავსებდით?

– სიამოვნებით შევითავსე პედაგოგის საქმე.

– თქვენი საყვარელი კერძი?

– ღუმელში შემწვარი ხბოს ან ბატკნის ხორცი. საერთოდ, ძალიან მიყვარს კერძების მომზადება, თუ რა თქმა უნდა ამის დრო მაქვს.

– გაქვთ თუ არა დაზღვეული საკუთარი ავტომობილი?

– უნდა ვაღიარო, რომ ავტომობილს არ ვმართავ, თუმცა ჩემი მეუღლის ავტომობილი დაზღვეულია.

– გაქვთ თუ არა ჰობი?

– ბოლო დროს ქართულმა ღვინომ გამიტაცა. ძალიან მაინტერესებს ეს სფერო, მით უმეტეს, რომ ბოლო დროს საქართველოში ძალიან განვითარდა ღვინის ბიზნესი.

– ფანქარი და ფურცელი რომ გქონდეთ, რას დახატავდით გადაცემაში ”წარმატების ფორმულა”?

– კოსმოსს და რაკეტას, რომელიც ჩემთვის მუდმივ განვითარებას და წინსვლასთან ასოცირდება.

– თქვენი აზრით, რა მთავარი თვისება უნდა ჰქონდეს ადამიანს წარმატების მისაღწევად?

– კარიერის დასაწყისში, ნებისმიერი ადამიანისთვის მთავარია ჩაეჭიდიოს იმ შესაძლებლობას, რაც ცოდნასაც შესძენს და განვითარებაშიც დაეხმარება. არანაკლებ მნიშვნელოვანია საჭირო კონტაქტების შეძენა და მათი მაქსიმალურად გაფართოება.

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები