LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გრიგოლ ხურციძე: „ჯანმრთელობა ყველაზე დიდი ინვესტიციაა”

21

17 ოქტომბერს რადიო ”ფორტუნას” და გვანცა ლაღიძის გადაცემას ”წარმატების ფორმულა” სამედიცინო კორპორაციის ევექსის გენერალური დირექტორის მოადგილე, ბატონი გრიგოლ ხურციძე სტუმრობდა, რომელმაც მსმენელს მედიცინის სფეროში მიღებული 20-წლიანი გამოცდილება გაუზიარა.

მონაცემები:

1995 წელს დაამთავრა თბილის სამედიცინო უნივირესიტეტი და დაიწყო კარდიოლოგიის ინსტიტუტში მუშაობა.

1999-2002 წლებში, ამერიკაში, კლივლენდ კლინიკის ჰურონის ჰოსპიტალაში გაიარა რეზიდენტურა შინაგანი სნეულებების სპეციალობით და სერთიფიცირებულ იქნა ამერიკის შინაგანი სნეულებების ასოციაციის მიერ.

2002 წელს დაინიშნა კლივლენდ კლინიკის ჰილკრესტის ჰოსპიტალის პროგრამის მთვარი რეზიდენტის თანამდეობაზე.

2003 წელს შეუერთდა კირკპატრიკის სამედიცინო ჯგუფს, დაკავებული იყო როგორც ამბულატორიული ისე ჰოსპიტალური მედიცინის პრაქტიკით.

2009 წლიდან მოღვაწეობს კაიზერ პერმანენტეს ჩრდილო-დასავლეთის ქსელის წმინდა ჯონსის ჰოსპიტალში, ჰოსპიტალური მედიცინის მიმართულებით.

2014-2015 წლებში იყო PSP ნიუ ჰოსპიტალსის შინაგანი სნეულებების ცენტრის ხელმძღვანელი.

რესერთიფიცირებულია ამერიკის შინაგანი სნეულებების ბორდის და ევროპის რევმატიზმის წინაღმდეგ ლიგის მიერ, აქვს ვაშინგტონის და კენტუკის შტატების, ასევე საქართველოს სამედიცინო ლიცენზია.

* * *

img_3070– ბატონო გრიგოლ, რა უპირატესობა აქვს ევექსს კონკურენტებთან შედარებით და რა გამოარჩევს მას სხვა კლინიკებისგან?

– პირველ რიგში, მინდა ავღნიშნო, რომ ევექსი ახალგაზრდა კომპანიაა, რომლის მმართველობა, ხედვა და ტაქტიკური სვლები ბაზარზე აბსოლუტურად განსხვავდება სხვა კომპანიებისგან. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს სამედიცინო სფეროში ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი ვართ, ჩვენთან დასაქმებულთა რიცხვმა დიდი ხანია 10 ათასს გადააჭარბა. გარდა ამისა, ჩვენ მტკიცებულებაზე დამყარებული მედიცინის მიმდევრები ვართ, ამიტომ  მაქსიმალურად ვცდილობთ შემოვიტანოთ და დავნერგოთ ახალი სტანდარტები.

– როგორც უკვე აღნიშნეთ, კორპორაცია მუდმივად ზრუნავს მომსახურების გაუმჯობესებაზე, ნერგავს მაღალტექნოლოგიურ და ინოვაციურ სამედიცინო სერვისებს. რა რესურსებთანაა დაკავშირებული მსოფლიო ტენდენციებზე ორიენტირება?

– მედიცინა არა მარტო ტექნოლოგიური, არამედ ინტელექტუალური დარგიცაა. მართალია, ტექნოლოგია, სრულფასოვანი ტესტები და მაღალი ინფორმაციის მატარებელი გამოკვლევები კარგია, თუმცა, მხოლოდ კარგი სპეციალისტის შემთხვევაში, რომელმაც ზუსტად იცის, როგორ გამოიყენოს მის ხელთ არსებული ინფორმაცია. ჩვენი კომპანიის მენეჯერთა ჯგუფი საკმაოდ ახალგაზრდაა, ყველას დასავლეთში აქვს განათლება მიღებული და გამომდინარე აქედან, მათთან საუბარი და საქმიანი ურთიერთობა საკმაოდ მარტივია. გარდა ამისა, ჩვენ საკმაოდ სოლიდური ფინანსური მხარდაჭერა გვაქვს, რაც გვაძლევს საშუალებას მოვიწვიოთ ქართველი რეპატრიალი ექიმები, რომელთაც საზღვარგარეთ მუშაობის უზარმაზარი გამოცდილე აქვთ. ერთ-ერთი წარმატებული მაგალითია ქუთაისის ონკოლოგიური ცენტრი, სადაც ჩვენი მეგობრები – კოპენჰაგენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის წამყვანი სპეციალისტი ზაზა უჯმაჯურიძე და ჰოლანდიაში, პათოლოგიის დეპარტამენტის უფროსი ალექსი ბაიდოშვილი მუშაობენ, ძალიან მალე კიდევ ერთი პროფესიონალი – რადიოლგი ქეთი ლაშხი შემოგვიერთდება გერმანიიდან. სწორედ ამგვარი, ექსპერტების გუნდური მუშაობის დანერგვას ვცდილობთ, რათა პაციენტებმა მაქსიმალური სარგებელი მიიღონ.

– რამდენად რთულია დღეს კვალიფიციური კადრების მოძიება?

– დარგს გააჩნია. ზოგიერთ დარგში – მაგალითად კარდიოლოგიაში,  თავისუფლად შეგვიძლია კონკურენციის გაწევა. თუმცა, არის დარგები, მათ შორის ჰემატოლოგია და ონკოლოგია, რომლებიც ჯერ კიდევ საწყისს ეტაპზეა. ორივე მეტად რთული და შრომატევადი დარგია და საკმაოდ სერიოზული ფინანსური ინვესტიცია სჭირდება. სხვათაშორის, ჩვენ სწორედ ამ დარგების განვითარებას ვგეგმავთ.

– როგორ ფიქრობთ, საკმარისია თუ არა საქართველოში მიღებული განათლება პროფესიონალად ჩამოყალიბებისთვის თუ აუცილებელია დამატებითი განათლების საზღვარგარეთ მიღება?

– კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ დარგს გააჩნია. მედიცინა პრაქტიკული გამოცდილების მეცნიერებაა, შესაბამისად, სასურველია განათლება იქ მიიღო, სადაც ცოდნასთან ერთად პრაქტიკულ გამოცდილებასაც შეიძენ. ჩემი აზრით, კვალიფიკაციის ასამაღლებლად დიდი ქვეყნები საუკეთესო ვარიანტია.

img_3064– თქვენ ექსკლუზიურად თანამშრომლობთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რამდენად ადვილად მოდიან უცხოელი პარტნიორები ჩვენთან თანამშრომლობაზე და რა არის მათი დაინტერესების მთავარი მიზეზი?

– ევექსი პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც ლონდონის ბირჟაზე შეძლო კოტირება, ინვესტორების მოძიება და საკმაოდ სოლიდური თანხა შემოიტანა ევექსის ქსელში ინვესტიციის სახით. შესაბამისად, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა მარტივია, რადგან ისინი საკმაოდ დიდ პოტენციალს ხედავენ საქართველოში – ბაზარი სწრაფად ვითარდება, ინტელექტულაური მარაგი და განვითარების რესურსი გვაქვს, ასე რომ ჩვენი თანამშრომლობა მარტივი და მეტად ნაყოფიერია. მითუმეტეს, რომ ჩვენ მთელი ბაზრის თითქმის მესამედი გვიჭირავს.

– გაქვთ თუ არა ფილიალები რეგიონში და გეგმავთ თუ არა გაფართოებას?

– რეგიონებში საკმაოდ სერიოზულად ვართ წარმოდგენილი. ორი – ბავშვთა და რეფერალური ჰოსპიტალი გვაქვს ბათუმში, ცენტრალური რეფერალური ჰოსპიტალი გავხსენით ზუგდიდში, სამი ჰოსპიტალის მფლობელები ვართ ქუთაისში და რეფერალური ჰოსპიტალი გვაქვს თელავში. რაც შეეხება თბილისს – ევექსის ქსელშია იაშვილის კლინიკა და კლინიკა ტრავმატოლოოგია. გარდა ამისა, ორ ძალიან დიდ ჰოსპიტალს ვაშენებთ, ასე რომ, ვფიქრო საკმაოდ ფართო მასშტაბით ვართ წარმოდგენილი.

– მედიცინის სფეროში უდიდესი გამოცდილების პატრონი, თავად რატომ დაინტერესდით მაინცდამაინც ევექსით?

– როგორც უკვე ავღნიშნე ჩვენი კლინიკის მმართველ რგოლს დასავლური განათლება აქვს მიღებული, გამომდინარე აქედან, ჩემთვის ძალიან მარტივია მათთან ურთიერთობა და საერთო ენის გამონახვა. არანაკლებ მნიშვნელოვანია კომპანიის მასშტაბები და ქართველი რეპატრიალი ექიმების მოწვევის საშუალება. მაქსიმალურად ვცდილობთ მოვიზიდოთ პროფესიონალები და მათთან ერთად შევეჭიდოთ პრობლემებს. ამგვარი საშუალება ევექსის გარდა სხვაგან არსად მქონია და პირველ რიგში სწორედ ამ შესაძლებლობამ მიმიზიდა კომპანიაში.

– თქვენი აზრით რა არის ქართული მედიცინის მთავარი პრობლემა?

– ყველაზე მეტად პირველადი სამედიცინო რგოლის გაძლიერება გვჭირდება, რომელიც საბოლოო ჯამში საკმაოდ სარფიანი იქნება  სახელმწიფოსთვის. ასამაღლებელია მოსახლეობის სამედიცინო კულტურაც, რადგან ცოტა უხერხულია 21-ე საუკუნეში ისეთ თემებზე საუბარი, როგორიცაა ვაქცინაცია ან პროფილაქტიკური სკრინინგი. იმედია, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთად ადამიანები უფრო სერიოზულად მიაქცევენ ყურადღებას საკუთარ ჯანმრთელობას, რადგან სინამდვილეში, ჯანმრთელობა ყველაზე დიდი ინვესტიციაა.

img_3054– რა პროფესიაზე ოცნებობდით ბავშვობაში და როდის დაინტერესდით მედიცინით?

– მედიცინით ბებიას წყალობით დავინტერესდი, რომელიც ღვაწლმოსილი თერაპევტი და საბჭოთა კავშირის დამსახურებული დონორი იყო. სიმართლე ვთქვა, ბავშობაში ინჟინერის პროფესია უფრო მაინტერესებდა, თუმცა, ბებიამ საბოლოოდ მაინც გადამაფიქრებინა.

– საკმაოდ სტრესული სამუშაო გაქვთ, როგორ ისვენებთ გადატვირთული დღის შემდეგ?

– ჩემი აზრით, განტვირთვის საუკეთესო საშუალება სპორტი და მეგობრებთან ურთიერთობაა. ჩემი საქართველოში ჩამოსვლის მთავარი მიზეზიც სწორედ ეს იყო. მართალია, საზღვარგარეთ კარგია სწავლა და ანაზღაურებაც საკმაოდ მაღალია, მაგრამ ჩვეული ცხოვრების სტილს საქრთველოს გარდა მაინც ვერსად და ვერანაირი ფულით ვერ იყიდი.

– თქვენი აზრით, ჭირდება თუ არა კარგ პროდუქტს დამატებითი პიარი ან რეკლამა?

– ვფიქრობ, პროდუქტს გააჩნია.

– როგორ თქვენი იწყება თქვენი დილა?

– ჩემი დილა საკმაოდ მარტივია. ადრე ვიღვიძებ და სამსახურში წასვლამდე ერთი სათი ვვარჯიშობ.

– თქვენი აზრით, რა უნდა გაითვალისწინოს ნებისმიერმა საქმიანმა ადამიანმა მიუხედავად გადატვირთული სამუშაო დღისა?

– აუცილებლად უნდა ისწავლოს რელაქსირება და რაც მთავარია, სამსახური არასდროს უნდა წაიღოს სახლში და სახლი არასდროს არ უნდა მიიტანოს სამსახურში.

– რას აფასებთ ყველაზე მეტად თანამშრომლებში?

– რა თქმა უნდა, პროფესიონალიზმს და საქმისადმი დამოკიდებულებას.

– რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?

– პროფესიიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების მიღება ძირითადად სწრაფად მიხდება.

ბლიცკითხვები:

– ფრაზა რომელსაც ყველაზე ხშირად მიმართავთ დღის განმავლობაში?

img_3052– ”არაფერი არ გვეშველება!” – ხუმრობით, რა თქმა უნდა. ეს ბატონი კახი კავსაძის ფრაზაა ერთ-ერთ გადაცემიდან.

– სად ეცნობით ინფორმაციას დღის დასაწყისში?

– ძირითადად ინტერნეტით ვსარგებლობ.

– როგორი უნდა იყოს იდეალური პაციენტი პროფესიონალი ექიმისთვის?

– გეტყვით როგორი არ უნდა იყოს. იდეალური პაციენტი არ უნდა იყოს ”google-ნაკითხი”, რომელიც ყოველთვის თვითონ უსვამს საკუთარ თავს დიაგნოზსს. ამ ტიპის პაციენტები ყველაზე რთულად სამკურნალოები არიან.

– საჩუქრის მიღება უფრო გსიამოვნებთ თუ გაცემა?

– რა თქმა უნდა, გაცემა.

– საკმარისი დრო რომ გქონდეთ, კიდევ რა პროფესიას შეითავსებდით?

– ალბათ ინჟინერის პროფესიას.

– გაქვთ თუ არა ჰობი, რომლის შესახებაც არავინ არ იცის?

– ნამდვილად არ მაქვს. ძალიან მიყვარს ისტორია და ყველამ იცის ამის შესახებ.

– რაზე ფიქრობთ ახლა?

– რა იქნება შემდეგი კითვა.

– რა კითხვა გაღიზიანებთ ყველაზე მეტად ჟურნალისტებისგან?

– ძალიან არ მომწონს, როცა ბანალურ კითხვას მისვამენ და სამომავლო გეგმებზე მეკითხებიან.

– ფანქარი და ფურცელი რომ გქონდეთ, რას დახატავდით გადაცემაში ”წარმატების ფორმულა”?

– საათს, რადგან დროზეა ყველაფერი დამოკიდებული.

– თქვენი აზრით, რა მთავარი თვისებებია საჭირო წარმატების მისაღწევად?

– მიზანდასახულობა, შრომისმოყვარეობა და ოპტიმიზმი.

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები