LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გრიგოლ სააკაშვილი: ,,ჩვენ ვქმნით ინტერიერის მოწყობის ფილოსოფიას!”

17

27 ივნისს რადიო ”ფორტუნას” და გვანცა ლაღიძის გადაცემას ”წარმატების ფორმულა” ”გალერეა რუმ-დიზაინის” დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი გრიგოლ სააკაშვილი სტუმრობდა.

საქართველოს ტექნიკური უნივესიტეტის და გოეთეს ინსტიტუტის დასრულების შემდეგ, გრიგოლმა სწავლა ლონდონის ბიზნესსკოლაში გააგრძელა ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით, მოგვიანებით კი, ინტერიერის დიზაინერის სპეციალობას დაეუფლა რომის აკადემიაში.

2011 წელს გრიგოლმა მაღაზია ”იტალ-გალერი” დაარსა თბილისში და ინტერიერის დიზაინის იტალური პროდუქცია წარმოადგინა, სულ ცოტა ხნის წინ კი, პირველი კონცეპტუალური შოურუმი ”გალერეა რუმ-დიზაინი” გახსნა, რომელიც ინტერიერის მოწყობის ერთ-ერთი გამორჩეული მულტიბრენდული მაღაზიაა არა მარტო თბილისში, არამედ მთელ საქართველოში.

– ბატონო გრიგოლ, როდის გაიხსნა ”გალერეა რუმ-დიზაინი” და რას სთავაზობთ მომხმარებელს?

– ”გალერეა რუმ-დიზაინი” რამდენიმე თვის წინ გაიხსნა. ჩვენი მთავარი მიზანი კვალიფიკაციური კადრებით და განსხვავებული მომსახურეობით, მომხმარებლისთვის აბსოლუტურად განსხვავებული კონცეპტუალური შოურუმის შეთავაზება იყო. ვთვლი, რომ ორიგინალობა ძალიან მნიშვნელოვანია და სწორედ ეს გამოგვარჩევს სხვა მსგავსი კომპანიებისგან.

– რამდენად რთულია დღეს კვალიფიციური კადრების მოძიება?

-კადრების მოძიება დღეს ნამდვილად არაა ადვილი. ზოგადად, კონკრეტული კვალიფიკაციით გადამზადებაა რთული, რადგან საკმაოდ ცუდად მუშაობს ეს ინსტიტუტი. ჩვენთვის მთავარია ადამიანში სურვილი და პოტენციალი დავინახოთ, მერე კი, აუცილებლად შევუწყობთ ხელს მიიღოს განათლება და შეიძინოს გამოცდილება. მთავარი მონდომებაა, რადგან თუ მონდომება არის, შედეგიც აუცილებლად ადეკვატური იქნება.

– რომელ ქვეყნებთან თანამშრომლობთ ყველაზე ინტენსიურად?

– ძირითადად ევროპელ მომწოდებლებთან ვთანამშრომლობთ. საკმაოდ სერიოზული კომპანიები არიან და სერიოზულ პროდუქციას უშვებენ, რაც გვეხმარება განსხვავებული პროდუქცია შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებელს განსაკუთრებულ მომსახურებასთან ერთად.

13502953_1226571674029128_7499260293551765897_o– ვინაა თქვენთვის საუკეთესო ბიზნესპარტნიორი?

– იტალიელები ყოველთვის გამორჩეულ დიზაინს ქმნიან, ამიტომ ყველაზე ორიგინალურები სწორედ ისინი არიან. ხასიათითაც ძალიან ჰგვანან ქართველებს, განსაკუთრებით პუნქტუალობასა და მობილიზაციაში. ორგანიზებულობის თვალსაზრისით კი, რა თქმა უნდა, გერმანელებს ვერ შეედრება ვერავინ.

– ”გალერეა რუმ-დიზაინამდე” ”იტალ-გალერი” იყო. რამ განაპირობა ახალი შოურუმის გახსნის აუცილებლობა?

– ძალიან დიდი გამოცდილება შევიძინეთ 15 წლის განმავლობაში. უკეთ გავერკვიეთ თუ რა სურდა მომხმარებელს მომსახურების სფეროში, ამიტომ გაგვიჩნდა სურვილი ერთ სივრცეში მოგვექცია მთელი ის პროდუქცია, რაც ”გალერა რუმ-დიზაინშია” წარმოდგენილი. დღეს ნებისმიერ ობიექტს – იქნება ეს კერძო ბინა თუ ორგანიზაცია, სურვილის შემთხვევაში მომსახურეობის სრული პაკეტი შეგვიძლია შევთავაზოთ, ინტერიერის მოწყობისთვის საჭირო ყველა წვრილმანის ჩათვლით.

– რამდენად ითვალისწინებთ მომხმარებლის აზრს?

– ბევრი კომპანიისგან განსხვავებით, ჩვენ მომხმარებელს პირველ რიგში ემოციას ვთავაზობთ, მერე მომსახურებას და ბოლოს პროდუქციას. გვინდა, სამივე კომპონენტი ისე შეერწყას ერთმანეთს, რომ თითოეული მომხმარებელი კმაყოფილი და ბედნიერი იყოს, რადგან სწორედ მისი ბედნიერება ვრცელდება ჯაჭვური რეაქციით სხვა ადამიანებზე.

– ექსკლუზიური გარემოს გარდა, რა არის თქვენი კომპანიისთვის მთავარი?

– მთვარია, ჩვენთან მოსულმა მომხმარებელმა პირველივე წუთებში იგრძნოს განსხვავება. მერე კი, მუშაობას ვაგრძელებთ მასთან, ვთავაზობთ და ვეხმარებით პროდუქციის შერჩევაში. ჩემი აზრით, შედეგი მომსახურეობის სფეროში მოღვაწე ნებისმიერი კომპანიისთვის მნიშვნელოვანია, ამიტომ ჩვენც სწორედ შედეგზე ვართ ორიენტირებული. გვინდა, ნებისმიერი კლიენტი ჩვენით კმაყოფილი დარჩეს და ეს არა უბრალოდ ლამაზი სიტყვები იყოს, არამედ რეალური შედეგი. სამწუხაროდ, ქართულ რეალობაში დაპირება ხშირად არ შეესაბამება მიღებულ შედეგს.

– რა პროფესიაზე ოცნებობდით ბავშვობაში?

– ბავშვობაში სხვადასხვა პროფესიაზე ვოცნებობდი, საბოლოოდ კი, სამართალმცოდნეობა ავირჩიე. თუმცა, გოეთეს ინსტიტუტის დასრულების შემდეგ, იმ განათლების შეძენა გადავწყვიტე, რომელიც  ყველაზე ახლოს იქნებოდა ჩემთან და წარმატებასთან ერთად სიამოვნებასაც მომიტანდა. ძალიან მნიშვნელოვანია გიყვარდეს შენი საქმე და მთელი გულით აკეთებდე, რადგან საქმისადმი გულგრილ დამოკიდებულებას შედეგიც ნაკლებად წარმატებული აქვს.

– თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს საქართველოში ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემო?

– ხელსაყრელი გარემო ყოველთვის იქ არის, სადაც რაიმეს შექმნის სურვილი და მონდომებაა, ანუ ადამიანი თავად ქმნის ხელსაყრელ გარემოს საკუთარი კომპანიის განვითარებისთვის.

– საკმარისია თუ არა საქართველოში მიღებული განათლება საკუთარი მიზნების რეალიზაციისთვის?

– სხვადასხვა მოსაზრება არსებობს ამასთან დაკავშირებით. ჩემს შემთხვევაში საკმარისი არ აღმოჩნდა. ამიტომ საზღვარგარეთ გადავწყვიტე განათლების მიღება და დრო რომ მქონდეს, უფრო გავაღრმავებდი საკუთარ ცოდნას. ყველაფერში მაქსიმალისტი ვარ და ვთვლი, რომ რაც მეტ ცოდნას შეიძენ მით უკეთესია.

– რა არის მთავარი ხელმძღვანელისთვის ლიდერის პოზიციის შესანარჩუნებლად?

– პირველ რიგში მოწოდებით უნდა იყოს ლიდერი. სწორედ ამ შემთხვევაში ვლინდება მისი ბუნებრივი თვისებები, რომელთა შორის უმთავრესი მიზანდასახულობაა. თუ მიზანი არსებობს, შრომისმოყვარეობა და ცოტა იღბალიც არის, შედეგიც აუცილებლად დადებითი იქნება.

– კადრების შერჩევისას, პირველ რიგში რას აქცევთ ყურადღებას?

– ჩემთვის ენთუზიაზმი და მონდომებაა ყველაზე მნიშვნელოვანი. მონდომებულ ადამიანს ყოველთვის ამოვუდგები მხარში და აუცილებლად დავეხმარები, მაშინაც კი, თუ პირველ ეტაპზე მისი გამოცდილება არ აკმაყოფილებს მოთხოვნებს.

– ბატონო გრიგოლ, რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?

– ზოგიერთ საკითხს მეტი დაფიქრება სჭირდება, ზოგის მიღება კი, სპონტანურადაც შეიძლება. არანაკლებ მნიშვნელოვანია ინტუიცია, რომელსაც ყოველთვის შეუძლია სწორი არჩევანის კარნახი.

13497873_1226570227362606_3309892526274026846_o– როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

– ძალიან სერიოზული გეგმები გვაქვს ნიუ-იორკში. სავარაუდოდ, მალე ახალ შოურუმს გავხსნით, სადაც ევროპელებთან ერთად ამერიკელი პარტნიორებიც ჩაერთვებიან.

– როგორც ამბობენ, თქვენ კავკასიის რეგიონში ყველაზე ორიგინალური შოურუმის მფლობელი ბრძანდებით. როგორი ფასებია თქვენთან და რამდენად მისაღებია ის მომხმარებლისთვის?

– ფასები ჩვენთვის თავიდანვე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო, რადგან გვსურდა, რომ ჩვენი პროდუქცია მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო. დღეს საშუალო და მაღალ სეგმენტს თავისუფლად შეუძლია გაკეთოს შენაძენი ჩვენს მაღაზიაში. გარდა ამისა, კიდევ რამდენიმე სერვისი გვაქვს, მათ შორის დიზაინერის შეფასება, სიტუაციური გეგმის აწყობა, დიზაინერული მონახაზის გაკეთება და ბიუჯეტის შედგენა.

– როგორ იბადება კომპანიაში ახალი იდეები?

– ძალიან მიყვარს საკუთარი იდეების თანამშრომლებთან განხილვა, მათი იდეების და შთაბეჭდილების მოსმენა. მინდა საზღვარგარეთ მიღებული ცოდნა და გამოცდილება საქრთველოში გადმოვიტანო და ერთგვარად გავავრცელო და გავაფართოვო.

– თქვენი აზრით, რა არის მთავარი თანამშრომლების მოტივაციისთვის?

– მთავარი ობიექტურობაა. ხელმძღვანელს არასდროს არ უნდა გამორჩეს თანამშრომლისთვის არც შენიშვნის მიცემა, არც შექება.

ბლიც-კითხვები:

– ”გალერეა რუმ-დიზაინის” სლოგანი?

– ”ჩვენ ვქმნით ინტერიერის მოწყობის ფილოსოფიას!”

– ვინაა თქვენთვის მისაბაძი ბიზნესმენი?

– იდეალები არ მყავს. მინდა ორიგინალური და ყველასგან განსხვავებული ვიყო.

– სხვა რომელ პროფესიას შეითავსებდით?

– ვფიქრობ, იდეალური პროფესია მაქვს.

– ადგილი ოფისში, სადაც განტვირთვას ახერხებთ?

– დრო თუ მაქვს, ყველგან შემიძლია დასვენება.

– დღის განმავლობაში სად ეცნობით ახალ ინფორმაციას?

– რადიოთი და ინტერნეტით. ძალიან მიყვარს რადიო ”ფორტუნა”. მიხარია, რომ მრავალი წელია არსებობს და ყოველთვის ზრუნავს მსმენელის გემოვნების შექმნაზე.

– ყავით იწყება თქვენი დილა თუ ნატურალური წვენით?

– თუ აქტიური დღე მელოდება, მაშინ აუცილებლად ყავით.

– სად უფრო სიამოვნებით ატარებთ დროს, აუზზე თუ ბარში მეგობრებთან ერთად?

– ძალიან მიყვარს ცურვა, ამიტომ დილას აუზზე ვატარებ, საღამოს კი, ბარს ვსტუმრობ მეგობრებთან ერთად.

– სად მოგზაურობთ ყველაზე დიდი სიამოვნებით?

– ევროპის ქვეყნები კარგად შევისწავლე და ახლა აღმოსავლეთის კულტურით დავინტერესდი.

– აქსესუარი, რომლის გარეშეც არასდროს გამოდიხართ სახლიდან?

– ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია დრო, ამიტომ საათის გარეშე არასდროს ვტოვებ სახლს.

– საჩუქრის ჩუქება უფრო მოგწონთ თუ მიღება?

– რა თქმა უნდა ჩუქება, რადგან ბევრად უფრო მეტ სიამოვნებას ვიღებ.

– თვისება, რომელიც აუცილებლად უნდა ჰქონდეს ყველა მენეჯერს?

– მოთმინება და ორგანიზებულობა.

– გაქვთ თუ არა ჰობი?

– ექსტრემალური სპორტი მიზიდავს. ძალიან მიყვარს დაივინგი და პარაშუტით ხტომა.

– ფანქარი და ფურცელი რომ გქონდათ, რას დახატავდით გადაცემაში ”წარმატების ფორმულა”?

– მცირე მონახაზს გავაკეთებდი თქვენი სტუდიის შესაცვლელად.

– თქვენი აზრით, რა მთავარი თვისებები უნდა ჰქონდეს ადამიანს, თუ მას წარმატების მიღწევა უნდა?

– პირველ რიგში მოტივირებული, შრომისმოყვარე და მიზანდასახული  უნდა იყოს, აუცილებლად უნდა ჰქონდეს მოთმინება და უყვარდეს თავისი საქმე.

www.roomdesign.ge

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები