LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურამ მგელაძე: “სირთულეების გადაჭრაში იუმორი მეხმარება”

13

25 იანვარს რადიო ”ფორტუნას” გვანცა ლაღიძის გადაცემას ”წარმატების ფორმულა” საერთაშორისო კორპორაცია ”ICR”-ის კომერციული დირექტორი გურამ მგელაძე სტუმრობდა.

კავკასიის ბიზნეს სკოლასა და კემბრიჯის საერთაშორისო კოლეჯში მიიღებული განათლების შემდეგ, გურამმა მუშაობა სადაზღვევო კომპანია ”ალდაგი ბისიაში” დაიწყო და ბანკ ”ქართუში” გააგრძელა, 2015 წელს კი, საერთაშორისო კორპორაცია ”ICR”-ის  კომერციული დირექტორის თანამდებობა ჩაიბარა.

– როგორ დაიწყო თქვენი პროფესიონალური საქმიანობა და რამდენად რთული იყო პირველი ნაბიჯების გადადგმა?

– 2003 წელს, სტუდენტობის პერიოდში დავიწყე სადაზღვევო კომპანია ”ალდაგში” მუშაობა. თავიდან, რა თქმა უნდა რთული იყო, რადგან ერთდროულად ვსწავლობდი და ვმუშაობდი. ჩემი აზრით ადამიანმა ჯერ განათლება უნდა მიიღოს და მერე დაიწყოს ფიქრი სამსახურზე, რადგან ორივეს ერთად მოსწრება საკმაოდ რთულია.

– როდის დაიწყო კომპანია ”აისიარმა” აქტიური მოღვაწეობა საქართველოში და როგორ მიაღწია წარმატებას?

– ”აისიარი” უკვე 25 წელია საქართველოშია. ჩვენი კომპანია ერთ-ერთი უმსხვილესია საცალო ბიზნესის ბაზარზე და რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. გვაქვს ავეჯის და დეკორის, ფეხსაცმლის, ტანსაცმლის და აქსესუარების, ასევე რესტორნის ბიზნესი. გარდა ამისა, ჩვენს კომპანიას აქვს ამბიცია ავეჯსა და მის აქსესუარებთან ერთად ცხოვრების სტილიც გაყიდოს, ამიტომ გასული წლის დეკემბერში ოთხი იტალიური ბრენდის შოუ-რუმი გავხსენით.   

– უცხოური ბრენდების მოზიდვა ყოველთვის გარკვეულ ძალისხმევასთანაა დაკავშირებული. თქვენ როგორ შეძელით მათი დაინტერესება?

– უცხოელი პარტნიორები პირველ რიგში კომპანიის გამოცდილებით და მისი სანდოობით ინტერესდებიან. არანაკლებ მნიშვნელოვანია კომპანიის სწრაფვა ზრდისა და განვითარებისკენ. ჩვენ 25-წლიანი გამოცდილება გვაქვს, ამას ყველა ითვალისწინებს და  თანამშრომლობაზეც ადვილად მოდიან.

– ”აისიარი” 18 ბრენდს, 65 მაღაზიას და 700-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს. როგორ მოხდა მიმართულებების არჩევა და რომელია დღეს ყველაზე მომგებიანი?

– პირველი ნაბიჯი ფეხსაცმლის ბიზნესში გადავდგით და 1990-იან წლებში ”ბატას” პირველი მაღაზია გავხსენით. იმ პერიოდში იმდენად ცოტა მაღაზია იყო თბილისში, რეკლამის გაკეთებაც არ დაგვჭირდა. შეიძლება ითქვას, რომ ”ბატა” დღესაც ჩვენი კომპანიის დარმტყმელი ძალაა.

– შედარება რომ გავაკეთოთ, რა წილი მოდის რეგიონებზე და რომელ რეგიონებს აერთიანებს თქვენი ქსელი?

– ჩვენ ქუთაისში, რუსთავში და ბათუმში ვართ წარმოდგენილი. ძალიან საინტერესო ბაზარია ბათუმში, რადგან თბილისთან შედარებით ბევრად უფრო მზარდია. რამდენიმე მაღაზია გვაქვს და რამდენიმეს დამატებას კიდევ ვაპირებთ.

– რამდენად იმოქმედა თქვენს ბიზნესზე ლარის დევალვაციამ?

– რა თქმა უნდა ლარის კურსის ვარდნა ნეგატიურად აისახა ჩვენზე, ისე როგორც ნებისმიერ ბიზნესზე და მნიშვნელობა არ აქვს იქნება ეს იმპორტიორი თუ ექსპორტიორი. ჩვენ იმპორტიორები ვართ, პროდუქციას უცხოურ ვალუტაში ვყიდულობთ და ლარში ვყიდით, ამიტომ ფასი თუ არ გავზარდეთ კომპანია სარგებელსაც ვერ ნახავს. თუმცა, საკუთარი მოგების ხარჯზე ჩვენ მხოლოდ მცირედით გავზარდეთ ფასები, რადგან ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გაყიდვები და კმაყოფილი მომხმარებელია.

 – თქვენი აზრით, რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ ბიზნესის განვითარების ხელშესაწყობად?

– მიუხედავად ლარის გაუფასურებისა და ზოგადად მსოფლიო კრიზისისა, საქართველოს თავისი გეოგრაფიული მდებარეობის წყალობით მაინც აქვს შანსი განვითარდეს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის განავითაროს სატრანსპორტო ბიზნესი. ვფიქრობ, მეტი მუშაობის და აქტიურობის შემთხვევაში ქვეყანა შეძლებს ამ მიზნის მიღწევას.

– თქვენს საკადრო პოლიტიკას გავეცანი, ძალიან საინტერესო მართვის პროგრამა გაქვთ, მრავალ პუნქტს მოიცავს, რომელთა შორის ერთ-ერთი გენდერული თანასწორობის საკითხია. 

– როცა კომპანიაში დავიწყე მუშაობა, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს თანამშრომლთა 90% ქაალბატონი იყო. ჩვენმა კომპანიამ გასულ წლებში რამდენიმე სიგელიც კი მიიღო გენდერული უფლებების დაცვისთვის. სხვათაშორის ქალბატონები მეტად წარმატებულები არიან არა მარტო ჩვენს კომპანიაში, არამედ ზოგადად ბიზნესში.

– როგორ ახერხებთ თანამშრომლების მოტივაციას?

– როგორც წესი, ნებისმიერი ადამიანი განვითარებისა და წინსვლისკენ ისწრაფვის. ჩვენი კომპანია ყველას აძლევს ამის საშუალებას, რადგან მრავალი მიმართულება აქვს და ნებისმიერს შეუძლია მისთვის საინტერესო სფეროს მოძებნა, კარგი მენეჯერული უნარების ქონის შემთხვევაში კი, დაწინაურების შანსიც ძალიან მაღალი აქვს. 

– რა კრიტერიუმებით არჩევთ თანამშრომლებს?

– პირველ რიგში ლოიალური უნდა იყოს კომპანიის მიმართ, ენთუზიაზმი უნდა ჰქონდეს და თვითგანვითარებაზე უნდა იყო ორიენტირებული, რადგან თვითონ თუ არ აქვს გაზრდის სურვილი ვერავინ ასწავლის და ვერ აიძულებს ამას გაკეთებას.

– თქვენი აზრით, რა უნდა გაკეთდეს პროფესიონალური დონის ასამაღლებლად?

– ჩემი აზრით, განათლების სისტემის განვითარება სახელმწიფოს პრიორიტეტი უნდა იყოს. ჩვენთან ადამიანის რესურსების მართვის განყოფილება არსებობს, რომელიც სისტემატურად ატარებს თრეინინგებს და მსურველთა გადამზადებას.  

– რამდენადაც ვიცი კიდევ ერთი ახალი პროექტი გაქვთ, რომელიც სულ რამდენიმე თვის წინ წამოიწყეთ.

– დიახ, 2015 წლის ნოემბრის თვეში ახალი პროექტი ”ჰიპო” წამოვიწყეთ. ეს ახალი ბრენდია ბაზარზე, რომელიც ავეჯის და სპეცტექნიკის გაქირავებითაა დაკავებული. პროექტი ახალგაზრდა ბიზნესმენებმა შემოგვთავაზეს. მისი უპირატესობა სხვებთან შედარებით იმაშია, რომ თუ განვადების შემთხვევაში თქვენ იძულებეული ხართ ბოლომდე გადაიხადოთ თანხა, ჩვენთან ყველანაირი ფინანსური ვალდებულებისგან თავისუფლდებით, ანუ თუ ნივთი მოგბეზრდათ, შეგიძლიათ ჩააბაროთ და ახალი გამოიტანოთ. ეს ბიზნესი ძალიან კარგად მუშაობს ბალტიის ქვეყნებში, ამერიკასა და დიდ ბრიტანეთში.

– რამდენად დაინტერესდა ქართველი მომხმარებელი თქვენი  წამოწყებით?

– ინტერესი საკმაოდ დიდია. განსაკუთრებული პოპულარობით მობილური ტელეფონები სარგებლობს. ნებისმიერს შეუძლია საიტზე შესვლა და სასურველი ნივთის არჩევა. გარდა ამისა, ”არაის” მაღაზიების ქსელში მომხმარებელს შერჩეული ნივთის არა ყიდვა, არამედ მისი ქირაობა შეუძლია, ანუ ”ჰიპო” ”არაისგან” ყიდულობს ამ ნივთს მერე კი, თქვენზე აქირავებს. ასე ბევრად უფრო მოხერხებულია, რადგან თავისუფლდებით ფინანსური ვალდებულებისგან, ვერ გადახდის შემთხვევაში კი, ყოველთვის შეგიძლიათ ნივთის დაბრუნება.

რამდენად მნიშვნელოვანია თქვენი აზრით ბიზნეს-ეტიკეტის ცოდნა და რას აქცევთ ყურადღებას საქმიან შეხვედრაზე პირველ რიგში?

– ბიზნეს-ეტიკეტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მისი გათვალისწინებით პირველ რამდენიმე წუთში შეგიძლიათ განსაზღვროთ როგორი პიროვნებაა მომავალი პარტნიორი და რამდენად ღირს მასთან მუშაობა და თანამშრომლობა.

– როგორ იქცევით სირთულეების დროს?

– როგორც წესი, სირთულეების გადაჭრაში იუმორი მეხმარება.

– როგორი ხელმძღვანელი ხართ?

– ვფიქრობ მეგობრული და ძალიან უშუალო ადამინებთან ურთიერთობაში.

– როგორ ახერხებთ კომპანიაში კრეატიული იდეების ჩამოყალიბებას, მათ შეჯერებას და განხორციელებას. პრიორიტეტულია თუ არა თქვენთვის გუნდური მუშაობის პრინციპი?

– რა თქმა უნდა გუნდური მუშაობა აუცილებელია. კრეატიული იდეები ძირითადად კომპანიის დამფუძნებლებისგან მოდის, შემდეგ მათი შეჯამება და რეალიზაცია ხდება.

– რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?

– სიტუაციას გააჩნია.

ბლიცკითხვები:

– რა სლოგანი აქვს”აისიარს”?

– ”იდეა, კრეტივი, წარმატება!”

– სიტყვა ან ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებთ დღის განმავლობაში?

– ”შესაძლებელია“.

– რომელია თქვენი მისაბაძი ბიზნესმენი მსოფლიო მასშტაბით?

– მარკ ცუკერბერგი.

რომელ პროფესიას დაეუფლებოდით რომ არა არსებული ბიზნესი?

– მშენებლის პროფესიას.

– როგორია თქვენი დილა და დატვირთული სამუშაო დღის ბოლო?

– დილა ძალიან ოპერატიულია, საღამო კი –  ხალისიანი.

– საჩუქრების მიღება უფრო დიდ სიამოვნებას განიჭებთ თუ გაცემა?

– რა თქმა უნდა გაცემა.

– პირობითი ფანქარი და ფურცელი რომ გქონდეთ რას დახატავდით გადაცემაში ”წარმატების ფორმულა”?

– ჰალსტუხს.

– ბატონო გურამ, თქვენი აზრით რა მთავარი თვისებები უნდა ჰქონდეს ადამიანს წარმატების მისაღწევად?

– პირველ რიგში დაუღალავად უნდა იშრომოს და მუდმივად ეცადოს ისწავლოს ახალი, მიიღოს განათლება და განვითარდეს. არანაკლებ მნიშვნელოვანია გამართლებაც.

 

გადაცემის ჩანაწერი

 

IMG_0691

IMG_0682

IMG_0687

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები