LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირინა გაფრინდაშვილი: “არასდროს არ უნდა გაჩერდე მიღწეულზე”

18

16 ნოემბერს რადიო ”ფორტუნას” გვანცა ლაღიძის გადაცემაში ”წარმატების ფორმულა“ რუბრიკაში „ბიზნესი ქუსლებზე“  მარნეულის სასურსათო ქარხნის გენერალურ დირექტორი ირინა გაფრინდაშვილი სტუმრობდა.

 

იესემის ბიზნეს ადმინისტრაციის კურსდამთავრებულმა ირინამ, ერთი წელი ამერიკის შეერთებულ შტატებში ისწავლა და როგორც თავად აღნიშნა, დღემდე აგრძელებს ცოდნის მიღებას და საკუთარი გამოცდილების გაფართოებას.

 

– ქალბატონო ირინა, როგორია თქვენი სამუშაო გამოცდილება?

 

– მარნეულის სასურსათო ქარხანაში გადასვლამდე, ამავე ჰოლდინგის კომპანიაში ”წყალი მარგებელი” ვმუშაობდი პროექტების განვითარების კუთხით. როგორც იცით, ჩვენი ჰოლდინგი ოთხ კომპანიას მოიცავს – ”მარნეულის სასურსათო ქარხანა”, ”წყალი მარგებელი”, სადისტრიბუციო კომპანია ”ენგადი” და ”მარნეული არგო”. ჩვენ სოფლის მეურნეობაში ერთ-ერთი უმსხვილესი სასოფლო-სამეურნეო მიწების მფლობელები ვართ, სადაც ჩვენი ნედლული მოგვყავს და შემდეგ ვამუშავებთ.

 

– მარნეულის ქარხანა ერთ-ერთი ლიდერია ბაზარზე და უამრავი მომხმარებელი ჰყავს. როგორ ახერხებთ ინოვაციების მუდმივად დანერგვას და რამდენად შრომატევადია ეს ბიზნესი ქალბატონისთვის?

 

– ძალიან საინტერესო და ამავე დროს ძალიან რთულია, თუმცა მიღებული შედეგი ამართლებს ყველა სირთულეს. მუდმივად გვაქვს სურვილი, სულ უფრო მეტი და მეტი გავაკეთოთ ანუ შევქმნათ ისეთი პროდუქტი, რომელიც საინტერესოც იქნება, გემრიელლიც და მომხმარებელსაც მოეწონება.

 

– რამდენი წელია არსებობს ”მარგებელი ჰოლდინგი”?

 

– ჩვენი ჰოლდინგი 1997 წელს დაარსდა ”წყალი მარგებელის” დარსებისთანავე და ძალიან დიდი ისტორია აქვს. კომპანიამ დიდი ინვესტიციები განახორციელა მარნეულის სასურსათო ქარხნის შექმნასა და განვითარებაში, ზუსტად ისე, როგორც ზოგადად სოფლის მეურნეობის განვითარებაში.

 

– როდის დაარსდა მარნეულის სასურსათო ქარხანა?

 

– ქარხანა 2007 წელს დაარსდა. მუდმივად იზრდება და ყოვეწლიურად ვითარდება როგორც წარმოების, ისე პროდუქციის ასორტიმენტის მხრივ. დღეს დაახლოებით 60 დასახელების პროდუქტი გვაქვს რამდენიმე მიმართულებით. ძირითადად ესაა მჟავეულობა, ტომატ-პასტა, რომელიც ერთ-ერთი ფართო მიმართულებაა, ასევე საწებლები – ტრადიციული ტყემალი, პომიდვრის საწებელი, აჯიკა და ტკბილი მიმართულება ანუ ჯემები და მურაბები.

 

– როგორია საკონსერვო მრეწველობის ტექნიკური და ეკონომიკური რესურსები საქართველოში და რა გარემოა სტანდარტების დაცვისთვის?

 

– ჩვენი წარმოება სრულადაა გათვლილი ევროპულ სტანდარტებზე ანუ დანადგარები, რომლებშიც უზარმაზარი ინვესტიცია ჩაიდო, მთლიანად ევროპულია, რაც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის შენარჩუნებას.

 

– როგორია წარმოების პროცესი? რამდენადაც ვიცი, ნებისმიერ მსურველს შეუძლია დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს მუშაობის პროცესში?

 

– დიახ, აქტიური წარმოების სეზონზე დაინტერესებული მომხმარებელსთვის ერთგვარი ტური გვაქვს. ნებისმიერ მსურველს შეუძლია დაათვალიეროს სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები, მონაწილეობა მიიღოს მოსავლის აღებაში, შემდეგ კი, ნახოს გადამუშავების პროცესი და საბოლოო პროდუქტი.

 

– მოდით, კვების პროდუქტების ექსპორტ-იმპორტზე გავამახვილოთ ყურადღება. რა ხდება ამ მიმართულებით?

 

– ზოგადად საქართველოში ძალიან დიდი პოტენციალია. საკონსერვო პროდუქტის 85% იმპორტირებულია, ეროვნულ პროდუქციას კი, ძალიან მცირე ადგილი უჭირავს ქართულ ბაზარზე. ჩვენი მთავარი მიზანიც სწორედ იმპორტის ჩანაცვლება და მომხმარებლისთვის 100%-ით ქართული პროდუქტის მიწოდებაა. ვცდილობთ განვავითაროთ ადგილობრივი წარმოება და ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქვეყნის ეკონომიკაში. მართალია, წარმოება წლიდან წლამდე სულ უფრო მეტ ინვესტიციებს მოითხოვს, მაგრამ პოტენციალი მართლაც დიდია, შედეგების გათვალისწინებით კი, თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროპულ სტანდარტებზე გასვლის ძალიან დიდი შანსები გვაქვს.

 

– რა არის მთავარი ქართული პროდუქციის ევროპის ბაზარზე მოსახვედრად?

 

– ჩვენი მხრიდან საინტერესო პროდუქტის შეთავაზება, მათი მხრიდან კი  ამ პროდუქტით დაინტერესება. ჩვენ აქტიურად ვცდილობთ გავიდეთ უცხოურ ბაზარზე, ძალიან ბევრ გამოფენაში ვღებულობთ მონაწილეობას, წელსაც რამდენიმე ჩვენებაზე წარმოვადგინეთ ჩვენი პროდუქცია და მინდა ავღნიშნო, რომ დადებითი შეფასებებიც იყო და საკმაოდ დიდი დაინტერესებაც. ზუსტად ახლა რამდენიმე ქვეყანასთან გვაქვს მოლაპარაკება ჩვენი პროდუქციის ექსპორტზე გასატანად.

 

– რამდენადაა ათვისებული სასურსათო ბაზრის პოტენციალი საქართველოში?

 

– მთავარი მიზეზი, რის გამოც ექსპორტზე გასვლისგან აქამდე თავს ვიკავებდით, ადგილობრივი ბაზარი იყო, რომელიც ჯერ კიდევ საჭიროებს ეროვნულ წარმოებას. ძალიან დიდი წილი უჭირავს შემოტანილ პროდუქციას ჩვენს ბაზარზე და ჩვენი მთავარი მიზანიც პირველ რიგში მათი ადგილობრივი პროდუქციით შეცვლაა და მხოლოდ შემდეგ გასვლა ექსპორტზე.

 

– რამდენად დაცულია სურსათის უსაფრთხოება საქართველოში?

 

– თუ გინდა იყო კონკურენტული, უსაფრთხოების ზომებიც აუცილებლად უნდა დაიცვა. არსებობს ნორმები, რომელთა დაცვა სავალდებულოა, სხვა შემთხვევაში შეუძლებელია წარმატების მიღწევა.

 

– რამდენად დიდია დღეს კონკურენცია?

 

– კონკურენცია საკმაოდ დიდია. არსებობენ ადგილობრივი მწარმოებლები, მართალია არც ძალიან ბევრი და არც ძალიან მსხვილი, მაგრამ მაინც არსებობს ადგილობრივი წარმოება. ასევე არის იმპორტი, რომელსაც აუცილებლად უნდა გაუწიო კონკურენცია.

 

– არის თუ არა კონკურენცია მოტივაცია ბიზნესისთვის?

 

– რა თქმა უნდა არის. კონკურენციის პირობებში კომპანია ყოველთვის განვითარებასა და განახლებაზე ფიქრობს. სხვა შემთხვევაში ვერც ბიზნესი განვითარდება და მომხმარებელიც დაზარალდება.

 

– რის მიხედვით დგინდება ქართული სასურსათო პროდუქტების ფასები?

 

– პირველ რიგში წარმოების მიხედვით. გასათვალისწინებული უნდა იყოს ნედლეულის ხარჯები, ასევე კონკურენციის გარემო. უნდა მოხდეს ხარისხის და ფასის ოპტიმალური შეთავსება. არსებობს გარე ფაქტორებიც რაც პროდუქციის ფასზე მოქმედებს. მართალია, ჩვენ აბსოლუტურად ეროვნული წარმოება გვაქვს, მაგრამ შესაფუთი მასალები და მანქანა-დანადგარები მაინც უცხოეთიდან შემოგვაქვს, ამიტომ ლარის დევალვაციამ ჩვენზეც იქონია გავლენა. თუმცა, მაქსიმალურად ვცდილობთ ეს უარყოფითი გავლენა ჩვენს მომხმარებელზე არ აისახოს.

 

– თქვენი აზრით, რომელია დღეს საქართველოში ყველაზე მომგებიანი ბიზნესი?

 

– ვფიქრობ, ისევ წარმოების სფერო, რათა საქართველოში შეიქმნას რაიმე ღირებული.

 

– ქალი ბიზნესში. რამდენად კომფორტულად გრძნობთ თავს მამაკაცების წრეში, არის თუ არა პრივილეგიები თუნდაც საქმიან შეხვედრებზე?

 

– პრივილეგიებს ნაკლებად ვგრძნობ. ნებისმიერ საქმიან შეხვედრაზე ჩვენ თანაბარი პოზიცია გვაქვს.

 

– რაზე ოცნებობდით ბავშვობაში და რატომ აირჩიეთ საქმიანობის სფეროდ მაინცდამაინც ბიზნესი?

 

– ალტერნატივა ბევრი მქონდა, თუმცა საბოლოოდ მაინც ბიზნესადმინისტარციის მიმართულება ავირჩიე.

 

– როგორია მარნეულის სასურსათო ქარხნის სამომავლო გემები?

 

– ჩვენ ყოველწლიურად გვაქვს აქციები ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად და არც წლევანდელი წელი იქნება გამონაკლისი. ჩართული ვართ წინა საახალწლო სამზადისში, მითუმეტეს რომ, ამ პერიოდში ჩვენი პროდუქცია ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და გაყიდვადია. ვგეგმავთ გაფართოებას, უკვე დაიწყო ახალი ქარხნის მშენებლობა, რომელიც მინერალური სასმელების გამოშვებაზე იქნება ორიენტირებული, გარდა ამისა, გვაქვს სხვა გრძელვადიანი გეგმებიც.

 

– რამდენად მნიშვნელოვანია ბიზნეს ეტიკეტის ცოდნა და თავად რას აქცევთ პირველ რიგში ყურადღებას საქმიან შეხვედრაზე?

 

– ძალიან მნიშვნლოვანია შედგეს სწორი კომუნიკაცია მხარეებს შორის. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, არსებობდეს გარკვეული ჩარჩოები რათა ბიზნეს შეხვედრა არ დაემსგავსოს ფამილიარულ შეკრებას.

 

– როგორი ხელმძღვანელი ხართ და რა კრიტერიუმებით ხდება  თანამშრომლების შერჩევა?

 

– აუცილებელია დასახული მიზნის მიღწევა, რისთვისაც მთელი გუნდი ძალიან ბევრს ვმუშაობთ. თანამშრომლების შერჩევისას უპირატესობა მის განათლებას და გამოცდილებას ენიჭება, ასევე უნდა ჰქონდეს სურვილი და მაღალი მოტივაცია.

 

– ჩაცმის რომელ სტილს ანიჭებთ უპირატესობას?

 

– რა თქმა უნდა ფორმალურს, რომელელიც ზომიერად მკაცრიც იქნება.

 

– რა გირჩევნიათ, სწრაფად მიღებული გადაწყვეტილება თუ ნელა და გააზრებულად?

 

– სიტუაციას გააჩნია. არის სიტუაციები, როცა სწრაფად უნდა გადაწყვიტო, რათა საქმე არ დაზარალდეს, თუმცა როცა გრძელვადიან პროექტებზეა საუბარი, ამ შემთხვევაში ყველაფრის კარგად გათვლა, გააზრება,დაგეგმვაა საჭირო და მხოლოდ შემდეგ შეიძლება გადაწყვეტილების მიღება.

 

ბლიცკითხვები:

 

– მარნეულის სასურსათო ქარხნის სლოგანი?

 

– ”ასი პოცენტით ქართული პროდუქტი!”

 

– ფრაზა, რომელსაც დღის მანძილზე ყველაზე ხშირად მიმართავთ?

 

– იარე წინ!

 

– თქვენი არჩევანი მარნეულის ქარხნის პროდუქციაში?

 

– ყველა პროდუქტი ძალიან მიყვარს.

 

– როგორია თქვენი დილა?

 

– ძალიან დატვირთული.

 

– გადატვირთული სამუშაო დღის შემდეგ რა გირჩევნიათ – აუზი და ფიტნესი თუ ბარი და კოქტეილი მეგობრებთან ერთად?

 

– ძირითადად ფიტნესი, განტვირთვის დღეებში კი, ვცდილობ მეგობრებს შევხვდე.

 

– პირობითი ფანქარი და ფურცელი რომ გქონდეთ, რას დახატავთ გადაცემაში ”წარმატების ფორმულა”?

 

– წინ მიმართულ ძალიან დიდ ისარს.

 

– რასთან ასოცირდება თქვენთვის დირექტორი ქალი?

 

– ალბათ ლომთან, რადგან ყოველთვის ძლიერი და მობილიზირებული უნდა იყოს.

 

– რომელი კითხვა გაღიზიანებთ ყველაზე მეტად ჟურნალისტებისგან?

 

– ალბათ ”ამაზე კომენტარს თუ გააკეთებთ…”

 

– რაში ხარჯავთ ფულს ყველაზე დიდი სიამოვნებით?

 

– ნაკლებად ნივთებში, უფრო ახალ იდეებში ან გატაცებაში.

 

– თქვენი აზრით, რა მთავარი თვისებები უნდა ჰქონდეს ადამიანს წარმატების მისაღწევად?

 

– პირველ რიგში მიზანდასახულობა. უნდა ჰქონდეს რწმენა და წარმატების მიღწევის ძალიან დიდი სურვილი. უნდა იცოდეს, რომ შეზღუდვები არაფერში არ არსებობს და არასდროს არ უნდა გაჩერდეს მიღწეულზე.

 

აუდიო ჩანაწერი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები