LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა მაღრაძე: „ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს პიარი ყველაზე ყოვლისშემძლე იყო”

10

6 თებერვალს რადიო „ფორტუნას“ და გვანცა ლაღიძის გადაცემას „წარმატების ფორმულა“ სოციოლოგი და პიარ-ტექნოლოგი კახა მაღრაძე სტუმრობდა.

არასამთავრობო ორგანიზაციაში ტრენერ-კონსულტანტად, სადისტრიბუციო კომპანიებში სავაჭრო აგენტად და ტელევიზიაში სცენარისტად მუშაობის შემდეგ, 2004 წელს კახა მაღრაძემ „ჯეპრაში“ გადაინაცვლა ჯერ კონსულტანტის, მერე კი, უფროსი კონსულტანტის და კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე. 2005 წლიდან 70-მდე ტრენინგი და სემინარი ჩაატარა საზოგადოებათან ურთიერთობის, კომუნიკაციის თანამედროვე მიდგომებსა და პიარის სტრატეგიულ დაგეგმარების საკითხებზე საჯარო მოხელეებისა, ბიზნესის წარმომადგენლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლებისთვის. 2007 წელს, ბატონი კახა ივენთ-მენეჯმენტის  კურსის, 2009 წლიდან კი, პიარის კურსის ლექტორი გახდა თბილისის პიარ სკოლაში. არის საჯარო მოხელეთა სამაგიდო წიგნის „სტრატეგიული დაგეგმარება საზოგადოებასთან წარმატებული ურთიერთობისთვის“ ავტორი.

– ბატონო კახა, თქვენი აზრით, რა როლი აქვს სწორ პიარს და მარკეტინგს საქმიანობის სწორედ წარმართვაში. როდის გადაწყვიტეთ საკუთარი გამოცდილების სხვებისთვის გაზიარება და როგორი იყო პირველი ნაბიჯები?

– დღეს, უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობა და სტრატეგიულ კომუნიკაციაში კონსულტაციის გაწევა ჩემი პროფესიაა, თუმცა, ამ სფეროში აბსოლუტურად შემთხვევით მოვხვდი. 1990-იანი წლების ბოლოს, უმაღლესი სასწავლებლის დასრულების შემდეგ, საკმაოდ რთული იყო სასურველი სამუშაოს პოვნა და საკუთარი თავის რეალიზაცია. გამომდინარე აქედან, ნებისმიერი სამსახური მისაღები იყო. პიარის სფეროში არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობის შემდეგ აღმოვჩნდი, რეალურად წარმოდგენაც არ მქონდა რა იყო ეს სინამდვილეში და გამოცდილებაც ეტაპობრივად, სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობით და კლიენტებთან მუშაობით შევიძინე.

– რამდენად მარტივი იყო, იმ პერიოდში პიარ-ტექნოლოგიების  საზოგადოებისთვის გაცნობა?

– ზოგადად, პიარი ძალიან აქტიურად შემოიჭრა ქართულ ბაზარზე და ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს ის ყველაზე მნიშვნელოვანი და ყოვლისშემძლე იყო. სხვათა შორის, ბევრს დღესაც ასე ჰგონია.

– რამდენად ითვალისწინებენ ბიზნესმენები თქვენს რჩევებს?

– კლიენტს და კონკრეტულ პროექტს გააჩნია. ჩვეულებრივ, თუ მოგვართავენ, მაშინ რჩევებსაც ითვალისწინებენ, რადგან ჩვენ ყოველთვის ერთად ვადგენთ კონკრეტული ამოცანის მისაღწევ ყველა გეგმას და განსახორციელებელ ღონისძიებებს. ერთად ვზომავთ  შედეგებსაც, რაც არც თუ ადვილია. დღეს ეფექტიანობის შეფასება ყველაზე დიდი პრობლემაა პიარში, რადგან ყველას საკუთარი, სუბიექტური შეხედულება აქვს. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ კლიენტებს და მაქსიმალურად მეტი ინსტრუმენტი გამოვიყენოთ მიზნის მისაღწევად. სხვათა შორის, ქართულ პიარს განსაკუთრებული თავისებურება აქვს – ბევრს კარგი პიარი საკუთარ თავზე მხოლოდ პოზიტიურ კონტექსტში საუბარი მიაჩნია, რაც სიმართლე ვთქვა, ადამიანებში ეჭვის იწვევს და ბევრი ნდობასაც კარგავს.

– რა მდგომარეობაა დღეს საკონსულტაციო-თრეინინგ ბაზარზე?

– ბაზარი საკმაოდ განვითარებულია. წლების წინ, როცა ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტთან ერთად პიარ სკოლა გავხსენით, მაშინ მხოლოდ რამდენიმე კერძო უმაღლეს სასწავლებელს ჰქონდა თრეინინგების კურსი, დღეს კი, საკმაოდ ბევრი ორგანიზაცია არსებობს, რომელიც დაინტერესებულ პირებს ამგვარ კურსებს სთავაზობს.

– თქვენი აზრით, რამდენად სწორად იმართება სტრატეგიულად ქართული კომპანიები?

– მსხვილი კომპანიები მეტ რესურს ფლობენ და შესაბამისად მეტსაც ხარჯავენ. გამომდინარე აქედან უკეთესად აქვთ განვითარებული არა მარტო საზოგადოებასთან ურთიერთობა, არამედ ზოგადი მარკეტინგული კომუნიკაციის მიქსიც. მათ აქვთ საშუალება აიყვანონ  საუკეთესო კადრები და გასწიონ სერიოზული მატერიალური ხარჯები. ზოგადად, სადაც კონკურენცია მაღალია, იქ პროდუქტიც უკეთესია.  გამომდინარე აქედან, ბანკებსა და სადაზღვევო კომპანიებში, ლუდისა და არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებლებს შორის კონკურენციაც ყოველთვის მაღალია და მარკეტინგული კომუნიკაცია შესაბამის დონეზეა. თუმცა, არის მეორე მხარეც – ხშირად ბიზნესშიც, საჯარო და არასამთავრობო სექტორშიც პაირი მხოლოდ ვიწრო გაგებით გამოიყენება და საზოგადოებასთან ურთიერთობა, პოზიტიური მედიაგაშუწების სინონიმი ხდება. სწორედ ამიტომაა, რომ პიარიზე პასუხისმგებელი ძირითადად მედია-გამოცდილების მქონე ჟურნალისტი ხდება.

– არის თუ არა დღეს საქართველოში კვალიფიციური კადრების ნალკლებობა?

– ვფიქრობ, კვალიფიციური კადრების მოძიება ყველა სფეროში ძალიან რთულია.

– როგორც ლექტორი, როგორ ფიქრობთ არის თუ არა საქართველოში მიღებული განათლება საკმარისი პიარის სფეროში წარმატებული მოღვაწეობისთვის?

– შესაძლოა, ბევრი არ დამეთანხმოს, მაგრამ ამ სფეროში განათლებას საკმაოდ ნაკლები წილი აქვს, რადგან ზოგადი განათლება და კონკრეტული კურსი საკმარისია იმისთვის, რათა ადამიანმა მუშაობა დაიწყოს. პიარი უფრო პრაქტიკული დარგია, რომელიც ყოველდღიურად ვითარდება, შესაბამისად განათლების მიღება და გამოცდილების შეძენაც პარალელურად ხდება.

– რამდენად აქტიურობენ ამ სფეროში ქალბატონები?

– დღეს საზოგადოებასთან ურთიერთობა პრაქტიკულად ქალების პროფესიადაა ქცეული, რადგან პიარის მენეჯერი ხშირად სპიკერიცაა, ქალბატონები კი, ყოველთვის კარგ სპიკერებად მიიჩნეოდნენ.

– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ, კიდევ ერთი წიგნის დაწერას ხომ არ აპირებთ?

– წიგნის დაწერა კარგი იდეაა, მაგრამ საწერი არც მის გარეშე მაკლია. ჯერჯერობით მხოლოდ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის თემაზე მინდა სადოქტოროს გაკეთება. სურვილი დიდი ხანია მაქვს, თუმცა, დროის უკმარისობის გამო ვერაფრით ვახერხებ.

– რა არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საქმიან შეხვედრაზე?

– ჩემთვის მთავარი შეხვედრის თემა და ადამიანური ურთიერთობებია. ნებისმიერ შეხვედრაზე კომფორტულად ვგრძნობ თავს, როცა კარგად ვიცნობ მოლაპარაკების თემას. გარდა ამისა, ნებისმიერ კლიენტს განსაკუთრებული მიდგომა სჭირდება, რისთვისაც აუცილებელია მისი გაცნობა და ტიპოლოგიის განსაზღვრა.

– გაქვთ თუ არა თილისმა ან აქსესუარი, რომლის გარეშე არასდროს ტოვებთ სახლს?

– ასეთი აქსესუარი ჩემთვის საათია.

– რომელი იყო თქვენთვის ყველაზე წარმატებული და წარუმეტებელი პროექტი?

– წარუმატებელი პროექტი იყო, როცა უკვე ჩარიცხული ჰონორარი უკან გადავურიცხეთ კლიენტს. გაუგებრობა მოხდა, რადგან თავიდანვე ზუსტად არ იყო შეთანხმებუილი პირობები და ჩვენ სხვა მიმართულებით ვმუშაობდით, მათ კი, აბსოლუტურად სხვა მოლოდინი ჰქონდათ. წარმატებულად – „თიბისი“ ბანკთან და კომპანია „ნატახტართან“ ერთად განხორციელებული პროექტები შემიძლია დავასახელო, რადგან სწორედ მათთან მუშაობით გავიზარდე და შევიძინე გამოცდილება.

– რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?

– საკმაოდ სწრაფად. სხვათა შორის გადაწყვეტილებას ყოველთვის მაშინ იღებ სწრაფად და მართებულად, როცა ის ცოდნით და გამოცდილებითაა გამყარებული.

ბლიც-კითხვები:

– როგორ იწყება თქვენი დილა – ფინჯანი ჩაით თუ ყავით?

– დილა ყოველთვის ყავით იწყება.

– თქვენთვის სამაგალითო კომპანია?

– „ნატახტარი“.

– რა სლოგანს მოიფიქრებდით გადაცემისთვის „წარმატების ფორმულა“?

– ვფიქრობ, თქვენს გადაცემას სლოგანი არ სჭირდება!

– რა თვისება გხიბლავთ ადამიანში ყველაზე მეტად?

– გულწრფელობა.

– ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად მიმართავთ დღის განმავლობაში?

– „ამ მთავრობის ხელში როგორ ვიქნები?!“ – ეს რა თქმა უნდა, ხუმრობით.

– რას დახატავდით გადაცემაში: “წარმატების ფორმულა“?

– ბევრ წარმატების ფორმულას.

– გაქვთ თუ არა ჰობი?

– ჩემი ჰობი სერიალების, საფეხბურთო და საკალათბურთო მატჩების ყურებაა.

– თავად თუ იყავით სპორტით გატაცებული?

– თავის დროზე ვცურავდი, თუმცა, დიდად არ მიყვარდა.

– თქვენი აზრით, რა მთავარი თვისებები უნდა ჰქონდეს ადამიანს წარმატების მისაღწევად?

– ყველაზე მნიშვნელოვანი შრომისმოყვარეობაა. საუკეთესო მოტივაცია, კი გარკვეული მიზნის დასახვა, მისი განხორციელება, მერე კი, საკუთარი თავისთვის საჩუქრის გაკეთებაა.

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები