LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა ჩირგაძე: „ყოველთვის გუნდური პრინციპით ვმუშაობთ“

22

18 აპრილს რადიო ”ფორტუნას” და გვანცა ლაღიძის გადაცემას ”წარმატების ფორმულა” რესტორნების ქსელის ”ჭაშნაგირის” ხელმძღვანელი, ავეჯის საამქრო ”ოპ-არტის” და სამშენელებლო კომპანია ”მონოლით-ჯგუფის”დამფუძნებელი მამუკა ჩირგაძე სტუმრობდა.

 – ბატონო მამუკა, თქვენი მრავალმხრივი ბიზნეს საქმიანობის გათვალისწინებით, მინდა გკითხოთ, როდის გადაწყვიტეთ ბიზნესმენობა და სხვა ბიზნეს მიმართულების არჩევას ხომ არ გეგმავთ ახლო მომავალში?

– გადაწყვეტილება სტუდენტობის პერიოდში მივიღე, როცა ქვეყანაში თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპები დამკვიდრდა და ნათელი გახდა, რომ მათ, ვისაც ბიზნესის კეთება შეეძლო, აუცილებლად ამ სფეროში უნდა დაეწყო საქმიანობა. მე პროფესიით მშენებელი ვარ, ამიტომ ჩემი ოცნება ყოველთვის სამშენებლო ბიზნესი იყო, რომელიც 2013 წელს ავისრულე, როცა მეგობრებთან ერთად სამშენებლო კომპანია ”მონოლით-ჯგუფი” დავაარსე.

– რამდენად ხელსაყრელი პირობებია საქართველოში ბიზნესისთვის?

– არც კავკასიაში, არც აღმოსავლეთ ევროპაში არ მეგულება ქვეყანა, სადაც მსგავსი ხელშეწყობაა სახელმწიფოს მხრიდან.

– როგორც რესტორნების ქსელის ხელმძღვანელი, რა აზრის ხართ საქართველოს ხუთწლიან სამოქმედო გეგმაზე, რომელიც საზოგადოებრივ ადგილებში თამბაქოს მოხმარებაზე რეგულაციების დაწესებას ითვალისწინებს?

– ვფიქრობ ამგვარი რეგულაცია დრომ მოიტანა და აუცილებელიცაა. მართალია, ჩვენთვის – რესტორნების მფლობელებისთვის ეს გარკვეული დისკომფორტია, რადგან გარკვეულ ხარჯებს მოითხოვს, მაგრამ რეგულაციის დაცვა და მათი ხელშეწყობა აუცილებელია, რათა მათი უფლებებიც დავიცვათ, ვინც თამბაქოს არ ეწევა.

– ”ჭაშნაგირის” ქსელის გაფართოებას ხომ არ გეგმავთ? გარდა ამისა, ყურადღება მინდა გავამახვილო მომსახურების მაღალ ხარისხზე, გაქვთ თუ არა გადამზადების კურსები კომპანიაში?

– ქსელის გაფართოებაზე ვმუშაობთ და მალე თბილისს კიდევ ერთი ”ჭაშნაგირი” შეემატება. მომავალი წლის ზაფხულში კი, ბათუმში გავხსნით ჩვენს რესტორანს. რაც შეეხება გადამზადებას – ჩვენს მენეჯერებს პირდაპირი დავალება აქვთ, ყოველდღიური ტრეინინგი ჩაუტარონ ცვლაში მოსულ თანამშრომლებს და კიდევ ერთხელ განუმარტონ მათი მოვალეობები. 

– არის თუ არა პროფესიონალი კადრების სიმცირე?

– პროფესიონალების სიმცირე აბსოლუტურად ყველა მიმართულებით შეიმჩნევა. ჩვენ ვცდილობთ ნაკლებად გამოცდილი კადრები ავიყვანოთ, რადგან ზოგს საკმაოდ არასწორად აქვს ჩამოყალიბებული მომხმარებელთან ურთიერთობის ფორმა, ამიტომ გვირჩევნია ყველაფერი თვითონ ვასწავლოთ და ის შედეგი მივიღოთ, რაც ჩვენ გვინდა.

IMG_3578– როდის დაარსდა კომპანია ”ოპარტი”, როგორ განვითარდა და როგორ ახერხებთ მუდმივად მომხმარებელზე ორიენტირებას?

– კომპანია ”ოპ-არტი” 2007 წელს დაარსდა. ჩვენი სლოგანია ”ავეჯი მათთვის, ვინც აფასებს მოდას და ხარისხს”, ამიტომ აქცენტიც თავიდანვე  თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებულ ავეჯზე გავაკეთეთ, რომელსაც ძალიან მალე გაუჩნდა მომხმარებელი. ყველა დამკვეთთან ინდივიდუალური მიდგომა და ურთიერთობა გვაქვს, ყოველთვის ვინტერესდებით მათი აზრით და ვასწორებთ ხარვეზებს მათი არსებობის შემთხვევაში. თუმცა, მინდა ავღნიშნო, რომ ბოლო დროს ”ოპ-არტს” არცერთი მიმართულებით არ აქვს პრობლემები. კომპანიის დაარსების მომენტში ჩვენი ინტერესი მხოლოდ ავეჯის წარმოება იყო. მოგვიანებით, 2008 წლის ომის და კრიზისის პერიოდში გარკვეული პრობლემები შეგვექმნა და ახალი ხაზი – ოთახშორისი MDF-ის კარებების წარმოება დავიწყეთ, რომელმაც საკმაოდ კარგი შედეგი მოიტანა და მინდა ვთქვა, ავეჯის წარმოებაც გადაარჩინა.

– რამდენად სერიოზულია კონკურენცია თქვენს ბიზნესში?

– კონკურენცია საკმაოდ მაღალია. ბაზარზე რამდენიმე კარგი კომპანია ოპერირებს, რაც საკმაოდ დადებითად მოქმედებს ხარისხზე, რადგან არც ჩვენ გვაძლევს მოდუნების საშუალებას, არც ჩვენს კონკურენტებს.

– მინდა სამშენებლო ბიზნესზეც ვისაუბროთ. რამდენადაც ვიცი, თქვენმა კომპანიამ უკვე რამდენიმე ობიექტი ააშენა.

– ”ნუცუბიძის ტყუპებად” ცნობილი ობიექტი ჩაბარებულია და ექსპლუატაციაშიც შევიდა. ქავთარაძის ქუჩაზე სამშენებლო სამუშაოების 70-80% უკვე შესრულებულია, ორთაჭალაში კი, თვენახევრიოს წინ დავიწყეთ პრემიუმ-კლასის კორპუსის მშენებლობა.

– რამდენად მომგებიანია სამშენებლო ბიზნესი დღეს და როგორ იყიდება ბინები?

– ბინებზე მოთხოვნილება დიდია, ამიტომ ვფიქრობ, სამშენებლო ბიზნესს ძალიან კარგი მომავალი აქვს.

– ბიზნესის მართვა რთულია, განსაკუთრებით მაშინ როცა ის სამია.  როგორ ახერხებთ ხარისხის შენარჩუნებას?

– შრომით და კიდევ ერთხელ შრომით! რაც მთავარია, ჩემს გვერდით ჩემი მეგობრები არიან. დიდი ხნის ურთიერთობა გვაკავშირებს და ყოველთვის გუნდური პრინციპით ვმუშაობთ.

– როგორი ხელმძღვანელი ხართ და თქვენი აზრით როგორი ურთიერთობა უნდა იყოს ხელმძღვანელსა და თანამშრომლებს შორის რათა კომპანიამ წარმატებას მიაღწიოს?

– ალბათ, ჩემმა თანამშრომლებმა უკეთ იციან როგორი ხელმძღვანელი ვარ. რაც შეეხება ურთიერთობებს – ვფიქრობ, თანამშრომელს ყოველთვის უნდა ჰქონდეს სამართლიანობის განცდა, რადგან თუ ის დარწმუნებულია, რომ ხელმძღვანელი არასდროს დაარღვევს სამართლიანობის პრინციპს, მისი მოტივაცია და შრომისუნარიანობაც ყოველთვის მაღალი იქნება.

– რა კრიტერიუმებით არჩევთ თანამშრომლებს?

– პირველ რიგში მის პროფესიონალიზმს და კეთილსინდისიერებას ვაქცევ ყურადღებას.

– თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს შენიშვნა უკმაყოფილების დროს?

– სიტუაციას გააჩნია. შეიძლება იყოს სიტყვიერი შენიშვნა ან ჯარიმის ფორმა ჰქონდეს. ზოგს სამსახურის დატოვებაც უწევს.

– საქმიანი შეხვედრის დროს რას აქცევთ ყურადღებას პირველ რიგში?

– კონცენტრირებას საუბრის თემაზე ვახდენ. 

– რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?

– საკმაოდ სწრაფად. არის შემთხვევები, როცა მენეჯერებს ვიწვევ და მათთან ერთად განვიხილავ ყველა საკითხს, თუმცა, ვცდილობ ყველა გადაწყვეტილება სწრაფად მივიღო. 

ბლიცი-კითხვები:

– რომელ კომპანიაში უფრო კომფორტულად  გრძნობთ თავს,  სად უფრო კომფორტული სავარძელი გაქვთ?

– ”ოპ-არტში”, რადგან სწორედ აქედან ჩაეყარა საფუძველი ყველაფერ დანარჩენს.

– რა სლოგანი აქვს ”ჭაშნაგირს”?

– ”გემრიელი ქართული!”

– გაქვთ თუ არა სამაგიდო წიგნი?

– ძალიან ბევრი წიგნი მიყვარს და გამორჩეული არ მაქვს.

– ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად იმეორებთ?

– ”ძალიან კარგი!”

– რა პროფესიაზე ოცნებობდით ბავშვობაში?

– მშენებლობაზე ვოცნებობდი და გავხდი კიდეც.

– ვინაა თქვენთვის მისაბაძი ბიძნესმენი?

– ალბათ სტივ ჯობსი, რომელიც  მართლაც გამორჩეული ადამიანი იყო.

– რითი იწყებთ დილას, ყავით თუ ნატურალური წვენით?

– დილაობით ყავას ვსვამ.

– როგორ ატარებთ თავისუფალ დროს, აუზზე თუ ბარში მეგობრებთან ერთად?

– ვცდილობ ორივე მოვასწრო.

– თქვენი საყვარელი სპორტის სახეობა?

– ფეხბურთი.

– თქვენი აზრით, რაშია ბიზნესის წარმატების გასაღები?

– მთავარი ინტუიციაა.

– რა მთავარი თვისებები უნდა ჰქონდეს ადამიანს წარმატების მისაღწევად?

– პირველ რიგში ისევ ინტუიცია და უნარი შეკრიბო მცოდნე ადამიანების ჯგუფი, არანაკლებ მნიშვნელოვანია იღბალიც.

 

 

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები