LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველი გრძნობა: მიირთვით სრულ სიბნელეში

13

20 ივლისს რადიო ”ფორტუნას” და გვანცა ლაღიძის გადაცემას ინოვაციებითა და საკუთარი ”წარმატების ფორმულით” გიორგი ნებიერიძე სტუმრობდა.

საქართველოში და ესტონეთში იურიდიული განათლების მიღების შემდეგ, უკან დაბრუნებულმა გიორგიმ აღმოაჩინა, რომ საქართველოში იურისტის პროფესია სათანადოდ არაა დაფასებული და როცა შესაფერისი სამუშაო ვერ მოძებნა, თავად გადაწყვიტა საკუთარი თავისთვის სამსახურის შექმნა.

მოგზაურობის მოყვარული და გურმანი გიორგი მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაშია ნამყოფი. ძალიან გაუმართლა, რომ მაღალი დონის რესტორნებში, უმაღლესი ხარისხის კერძები დააგემოვნა და გადაწყვიტა საქართველოშიც განევითარებინა მსგავსი კულტურა.

რესტორანი ”პირველი გრძნობა”, რომელიც 18 ივლისს გაიხსნა სოლოლაკში ძალიან ორიგინალური რესტორანია, რომლის წარმატებული ანალოგიც მსოფლიოს დიდ ქვეყნებშიც თითზე ჩამოსათვლელია.

რესტორანში მისული სტუმარი ოთხი – ხორცისა და ზღვის პროდუქტების, ვეგეტარიანული და სიურპრიზ-მენიუდან ერთ-ერთის არჩევის შემდეგ, ოფიციანტის დახმარებით, ჩაბნელებულ ოთახში ხვდება და საკუთარ კერძსაც სრულ სიბნელეში მიირთმევს. რესტორნის ოფიციანტები უსინათლოები არიან, კერძების ინგრედიენტები კი, რა თქმა უნდა, სტანდარტულია და მაღალი ხარისხის, თუმცა მათი მომზადების წესია განსხვავებული, რაც განსაკუთრებულ ზემოქმედებას ახდენს გემოს რეცეპტორებზე.

როგორც ცნობილია, სიბნელეში გემოს რეცეპტორები აბსოლუტურად სხვანაირად აღიქვამენ ნებისმიერ პროდუქტს, რადგან მხედველობის არქონის პირობებში ადამიანი მხოლოდ საკვებზეა კონცენტრირებული, გამძაფრებული აქვს გემო და ყნოსვა და კარგად ნაცნობ პროდუქტებსაც სულ სხვანაირად აღიქვამს. მშვიდ და მყუდრო რესტორანში ერთდროულად მხოლოდ 25 სტუმარს შეუძლია ყოფნა და მხოლოდ ნახევარი საათით. ამგვარი პირობები სპეციალურადაა შექმნილი, რადგან ექიმების კვლევით ადამიანისთვის საზიანოა ნახევარ საათზე მეტი სიბნელეში გაჩერება.

გიორგის განცხადებით, პირველი რესტორანი სპეციალურად მათთვის გაიხსნა, ვინც ცხელი ზაფხულის თვეებში ქალაქიდან გასვლა ვერ მოახერხა. სწორედ მათ ექნებათ საშუალება პირველები ეწვიონ ახალ რესტორანს და შეიძინონ ახალი შთაბეჭდილებები. სექტემბერში კი, ქსელის გაფართოება და ახალი რესტორნების გახსნაც იგეგმება. გარდა ამისა, შემოდგომისთვის გიორგი კიდევ ერთ – კომპიუტერულ პროექტს გეგმავს, რომელიც, როგორც თვითონ აღნიშნა, ისეთი პროგრამა იქნება, რომელსაც ყველაზე დიდი საძიებო სისტემა ”GOOGLE” კი ვერ პოულობს, თუმცა კი, ყველას ჭირდება.

გიორგის, რომელიც ბავშვობაშიც დარწმუნებული იყო, რომ საკუთარი ბიზნესი ექნებოდა, ”წარმატების ფორმულას” საკუთარი აქვს. მისთვის წარმატების პირობა პირველ რიგში პარტნიორების, თანამშრომლების და საკუთარი თავის ერთგულება, უბრალოება, თავდაჯერებულობა და კრეატიულობაა, ასევე სხვისი აზრის მოსმენის და კრიტიკის მიღების უნარია.

აუდიო ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები