LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რევაზ ჯორბენაძე: “კმაყოფილი პაციენტი საუკეთესო რეკლამაა”

13

2 ნოემბერს რადიო ”ფორტუნას” გვანცა ლაღიძის გადაცემაში ”წარმატების ფორმულა” ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიური ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი რევაზ ჯორბენაძე სტუმრობდა.

– ბატონო რევაზ, საინტერესოა, რამდენად რთულია სამედიცინო ბიზნესის დაწყება და განვითარება საქართველოში?

– საქართველოში სამედიცინო სფერო საკმაოდ მაღალ დონეზეა განვითარებული, რაც პირველ რიგში იმ სკოლის დამსახურებაა, რომელიც ჩვენმა წინამორბედებმა – სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა დანერგეს და განავითარეს. საბჭოთა პერიოდში საქართველოში რამდენიმე მნიშვნელოვანი სკოლა არსებობდა და შესაბამისად ამ ყველაფერმა განვითარებაც ჰპოვა. რა თქმა უნდა, თავიდან ძალიან რთული იყო გადაწყობა, მაგრამ ჩემმა უფროსმა კოლეგებმა სწრაფად აუღეს ალღო ახალ და განსხვავებულ სისტემას – ე.წ. კაპიტალიზმსს. ჩემი აზრით, სამედიცინო განათლების მქონე ადამიანებს საუკეთესო განათლება აქვთ. მათ ყოველდღე უხდებათ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება ანუ ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა და ამიტომ ექიმები რისკზე უფრო ხშირად მიდიან, ვიდრე ნებისმიერი სხვა პროფესიის წარმომადგენლები.

– საფინანსო ჯგუფების განცხადებით, სამედიცინო ბიზნესისთვის კრედიტის გამოტანის მსურველების რიცხვი სულ უფრო იზრდება. რამდენად მარტივია კრედიტის გამოტანა და რამდენად არის მხარდაჭრა საფინანსო ჯგუფისგან?

– ჩვენ ოთხი წლის წინ დავიწყეთ ცენტრის რენოვაცია და სრული გადაიარაღება, რისთვისაც მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარება დაგვჭირდა. საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა სამედიცინო აპარატურა, მაგრამ ადამიანის სიცოცხლე შეუფასებელია. შესაბამისად, თუ გვინდა მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდება, აპარატურაც შესაბამისი – ხარისხიანი და თანამედროვე უნდა იყოს, რაც ხელს შეუწყობს ექიმს ღირსეული და კვალიფიციური დახმარება გაუწიოს პაციენტს. კრედიტებს რაც შეეხება, ჩვენ საკმაოდ კარგი პირობები გვაქვს. რამდენადაც ვიცი, ბანკების სერიოზული ხელშეწყობა აქვთ ჩვენს კოლეგებსაც. რა თქმა უნდა, მოთხოვნა კრედიტზე ყოველდღიურად იზრდება, რადგან ხარისხიან სამედიცინო მომსახურებას, განვითარება ჭირდება, განვითარება კი, თავის მხრივ სერიოზულ ფინანსებს მოითხოვს.  

– რამდენადაც ვიცი, ჩვენი სამედიცინო მომსახურება  საქართველოს მოსახლეობასთან ერთად უცხოელებისთვისაც საკმაოდ ხელმისაწვდომია.  

– პირველ რიგში ავღნიშნავ, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ბოლო ორი წლის განმავლობაში საგრძნობლად შეიცვალა სიტუაცია. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ გაზარდა დატვირთვა სამედიცინო დაწესებულებებზე. პაციენტები საერთო საფასურის მხოლოდ 10-30 %-ს იხდიან, სოციალურად დაუცველ მოსახლეობის მომსახურების გადასახადს კი, სახელმწიფო ანაზრაურებს 100 %-ით, რამაც რა თქმა უნდა, ხელმისაწვდომობაც გაზარდა. უცხოელებიდან, აზერბეიჯანელ პაციენტებს ავღნიშნავდი, რომლებსაც საქართველოში ტრადიციულად ხარისხიანი სამედიცინო დახმარება და შედარებით დაბალი ფასები იზიდავთ.

– რა განაპირობებს კლინიკების კონკურენტუნარიანობას და რამდენად მნიშვნელოვანია ჯანსაღი კონკურენცია?

– რა თქმა უნდა, ჯანსაღი კონკურენცია მნიშვნელოვანია, რასაც პირველ რიგში ხელს მაღალი ხარისხი უწყობს. შეიძლება ძალიან ბევრი დაიხარჯოს სარეკლამო კამპანიაში, მაგრამ კმაყოფილი პაციენტი მაინც საუკეთესო რეკლამაა.

– რამდენად მზარდია პაციენტების რაოდენობა, იგრძნობა თუ არა მათი შემცირება ლარის კურსის დევალვაციის ფონზე?

– შეიძლება წელს ისეთი ზრდა არაა როგორც გასულ წლებში იყო, მაგრამ ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ შემცირდა. ბოლო წლის განმავლობაში ჩვენს კლინიკას დაახლოებით 16 000 – 17 000 ამბულატორიული და 6 000-მდე სტაციონარული პაციენტი ჰყავდა, მათ შორის გაკეთდა თითქმის 750 მაღალტექნოლოგიური ოპერაცია ღია გულზე.

– რა მიმართულებით მუშაობს კლინიკა და რომელია მისი ძლიერი მხარე?

– კარდიოლოგია ანუ გულთან და სისხლძარღვებთან დაკავშირებული აბსოლუტურად ყველა პრობლემა. ჩვენთან მოსულ პაციენტს არ ჭირდება სხვაგან გადამისამართება დამატებითი გამოკვლევებისთვის ან პროცედურებისთვის. გარდა ამისა, სულ რამდენიმე თვის წინ ჩვენს კლინიკაში შინაგანი მედიცინისა და პულმონოლოგიის დეპარტამენტი გაიხსნა, რომელიც მემგონი ჯერჯერობით ერთადერთია საქართველოში.

– რამდენად ხშირად ღებულობთ მონაწილეობას კლინიკების მსოფლიო კონკურსებში?

– კონკურსები კლინიკებისთვის ნაკლებადაა. თუმცა, ყოველთვის ვმონაწილეობთ საერთაშორისო სამედიცინო ასოციაციების მუშაობაში, კონფერენციებსა და კონგრესებში, სადაც ჩვენც ვსწავლობთ უცხოელებისგან და მათაც ვუზიარებთ ჩვენს გამოცდილებას.

დარეგულირდა თუ არა თანამშრომლობა სადაზღვევო კომპანიებსა და კლინიკებს შორის, რამდენადაც ვიცი, იყო გარკვეული პრობლემები, რის გამოც პაციენტები დაზარალდნენ.

– ახლა ბევრად უკეთესი სიტუაციაა. სადაზღვევო კომპანიებს ძირითადად კორპორატიული კლიენტები ჰყავთ, რომელთა მოთხოვნებიც ძალიან განსხვავებულია. ამიტომ სადაზღვევო კომპანიები ძალიან უფრთხილდებიან მათ და ცდილობენ შეუქმნან მაქსიმალური კომფორტი. ერთი სიტყვით, თანამშრომლობა დარეგულირდა, რაც პირველ რიგში სახელმწიფოს ჩართულობის დამსახურებაა, რომელმაც ძალიან კარგი პირობები უზრუნველყო ჩვენი მოსახლეობისთვის. კომპანიებმა კი, ბევრად უკეთესი სერვისი უნდა შესთავაზონ მათ, რათა უარი თქვან სახელმწიფო მომსახურებაზე და გადავიდნენ კერძო დაზღვევაზე.

– ბატონო რევაზ, რაზე ოცნებობდით ბავშვობაში და როდის გადაწყვიტეთ გამხდარიყავით ექიმი?

– გამომდინარე იქიდან, რომ ჩემს ოჯახში ყველა სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია და ბავშვობიდადან ექიმების გარემოცვაში ვიზრდებოდი, მეც ეს პროფესია ავირჩიე. ვფიქრობ, კარგი ტრადიციაა, როცა მომავალი თაობა წინას საქმიანობას აგრძელებს.

– როგორ იქცევით სირთულეების დროს?

– ვცდილობ მოვძებნო გამოსავალი. ვღებულობ გადაწყვეტილებას, რადგან ვთვლი, რომ გადაწყვეტილების მიღება ყოველთვის აუცილებელია. შეიძლება ის მცდარი იყოს, მაგრამ ჯობია შეგეშალოს, ვიდრე ერთ ადგილას იდგე და არაფერი არ აკეთო.

– ბატონო რევაზ, განათლება სხვადასხვა ქვეყანაში მიიღეთ და დარწმუნებული ვარ, მათი ტრადიციებიც კარგად იცით. როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია ეტიკეტი და  აუცილებელია თუ არა ბიზნესეტიკეტის კურსების არსებობა საქართველოში?

– საჭიროა, რადგან ამ გამოცდილებას ადამიანი ცოდნით იძენს. ადრე მსგავსი არაფერი არსებობდა, ასე რომ, ცუდი არ იქნება თუ მენეჯმენტით და ბიზნესით დაინტერესებულ ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ მიიღონ ამგვარი ცოდნა.

– თქვენთვის რა არის მნიშვნელოვანი საქმიან შეხვედრაზე და რა ახდენს პირველ დადებით შთაბეჭდილებას?

– ალბათ ყველაფერი ერთად. თუმცა, პირველ რიგში ყურადღებას მაინც ვიზუალურ მხარეს ვაქცევ, რადგან ადამიანს ყოველთვის სახეზე ეტყობა განწყობა.

– თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს მოწესრიგებული და სანდო ექიმი, რა მთავარი თვისებები უნდა ქონდეს მას?

– მთავარია გულისხმიერება და ყურადღება, რადგან პაციენტს სითბო და მოფერება უფრო ჭირდება ვიდრე მკაცრი ტონით და გაუგებარი სიტყვებით საუბარი.

– ბატონო რევაზ, გადაწყვეტილებას ნელა და გააზრებულად ღებულობთ თუ სწრაფად?

– ძირითადად სწრაფად.

ბლიც-კითხვები

– ფრაზა რომელსაც ყველაზე ხშირად ამბობთ დღის განმავლობაში?
– კარგი.

– გვითხარით თქვენი კლინიკის სლოგანი.

– მოუარეთ თავს!

– ყველაზე მეტად რა გიქმნით დისკომფორტს?

– ინფორმაციის უქონლობა.

– ჟურნალისტის კითხვა, რომელიც ყველაზე მეტად გაღიზიანებთ?

– არცერთი კითხვა არ მაღიზიანებს. ჟურნალისტის მოვალეობაა დასვას კითხვები და მიიღოს პასუხები.

– როგორია რევაზ ჯორბენაძის დილა?

– დილას ყავას მივირთმევ და ბავშვებთან ერთად მივდივარ სკოლაში.

 – ჰიპოკრატემ მკურნალობის რამდენიმე ძირითადი პრინციპები ჩამოაყალიბა. თუ გახსოვთ რომელიმე?


– ერთ-ერთი პრინციპი ასეთი იყო – ექიმმა აუცილებლად უნდა აიღოს საზღაური გაწეულ შრომაში, რადგან პაციენტმა დააფასოს ის და თვითონაც დააფასოს საკუთარი შრომა.

– რა უფრო მოგწონთ გადატვირთული სამუშაო დღის შემდეგ –  აუზი თუ ბარში განტვირთვა მეგობრებთან ერთად?

– ორივე ძალიან კარგია, ამდენი დრო რომ მქონდეს.

რევაზ ჯორბენაძის წარმატების ფორმულა?

– ჩემი აზრით პირველ რიგში კარგი განათლების მიღებაა საჭირო, მერე დაუღალავი შრომა და რა თქმა უნდა, არასდროს არ ღირს გაჩერება უკვე მიღწეულზე.   

აუდიო ჩანაწერი:

 

 

unnamed (1)

unnamed

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები