LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ უნდა დაწეროთ პროექტი – FM ქოუჩი

273

სანამ პროექტის წერას დაიწყებთ, უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე ფაქტორი. პროექტში უნდა გაიწეროს მიზნები და ამოცანები, განხორციელების გზები, ბიუჯეტი და მონიტორინგი. გადაცემის “FM ქოუჩი” სტუმარია მედიის განვითარების ფონდის დამფუძნებელი, ტრენერი თამარ ხორბალაძე.

 

რა უნდა ვიცოდეთ, ვიდრე პროექტის წერას დავიწყებთ? 

უნდა გვქონდეს გაცნობიერებული რისი გაკეთება გვინდა და რითი იქნება ჩვენი იდეა, პროექტი განსხვავებული იმისგან, რაც უკვე იყო ან არის. უნდა გვესმოდეს პრობლემის არსი, რომლის გადაჭრაც გვსურს; უნდა ვიცოდეთ – რა ტიპის ალტერნატიული მომსახურება ან საქმიანობა არსებობს ბაზარზე ჩვენთვის საინტერესო მიმართულებით. ხშირია ხოლმე, როცა ადამიანს აქვს იდეა და, პრაქტიკულად, ველოსიპედის გამოსაგონებლად ითხოვს ფულს. მნიშვნელოვანია ასევე იცოდე ვის სთხოვ ფულს და რა არის პროექტის სავარაუდო დამფინანსებლის მიზანი. მნიშვნელოვანია ისიც, თუ რა ტიპის გრანტის მოპოვებას ცდილობ – სამეცნიერო გრანტის დროს, გარდა იმისა, რომ სამეცნიერო სიახლეზე კეთდება აქცენტი, მნიშვნელოვანია ეს სიახლე დანახული იყოს არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიო სამეცნიერო სიახლეების კონტექსტში და ასევე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს განმახორციელებელი ჯგუფის კვალიფიკაციას და კვლევის მეთოდოლოგიას . მცირე ბიზნეს-გრანტის შემთხვევაში პროექტის ინოვაციურობა ან პრაქტიკულობა და კარგად დათვლილი ბიუჯეტი და მოსალოდნელი შედეგები არის ხოლმე გადამჭრელი; არასამთავრობო პროექტის შემთხვევაში ყველა აღნიშნულ თემასთან ერთად მნიშვნელოვანია რამდენად სწორად ხედავ პრობლემას და რამდენად ლოგიკურია „ლოგიკური ჩარჩო“, რომლითაც მიზნებისა და ამოცანების – შედეგებთან დაკავშირებას ცდილობ და ა.შ. საბოლოო ჯამში ყველა პროექტს, მეტ-ნაკლებად განსხვავებული აქცენტების მიუხედავად, აქვს საერთო სტრუქტურა და ამ სტრუქტურის ცოდნის შემდეგ უკვე მათი ინტერპრეტირება სხვადასხვა მიმართულებით შეიძლება.

 

როგორ უნდა განისაზღვროს პროექტის მიზანი და ამოცანა?

მიზნების, ამოცანებისა და განსახორციელებელი აქტივობების აღრევა პროექტების დამწყები ავტორებისთვის ერთ-ერთი ყველაზე სტანდარტული შეცდომაა. არცთუ ადვილი, მაგრამ აცილებელია ერთ წინადადებაში შეძლო მოაქციო პროექტის მიზანი, რომელიც არ შეიძლება იყოს ძალიან ზოგადი (მაგალითად მშვიდობის მიღწევა მსოფლიოში) და არც იმდენად კონკრეტული უნდა იყოს, რომ ბენეფიციართა ძალიან მცირე ჯგუფს ეხებოდეს. განსხვავებულია კომერციული პროექტის, არასამთავრობო და სამეცნიერო პროექტის მიზნები, თუმცა პრინციპი, რომ ის ლაკონურად უნდა განმარტავდეს მისაღწევს, საერთოა. ამოცანები მიზანს აკონკრეტებს და მისი მიღწევისთვის გადასაჭრელ პრობლემებზე რეაგირებას გულისხმობს.

მნიშვნელოვანია პროექტის აქტივობები დაყოფილი იყოს ეტაპებად – როგორც დროითი ფაზების მიხედვით, ასევე – ამოცანებისადმი შესაბამისობის.
მნიშვნელოვანია ჩანდეს ესა თუ ის აქტივობა, რომელიც ამოცანის გადაჭრას შეესაბამება. აქტივობები უნდა იყოს დეტალურად გაწერილი დროში, ორიენტირებული ბენეფიციარების კონკრეტულ რაოდენობაზე და დაზუსტებული, თუ როგორ მოხდება მათი განხორციელება. მნიშვნელოვანია მაქსიმალურად სრული ინფორმაცია შინაარსზე – კვლევის შემთხვევაში მის მეთოდოლოგიაზე; ტრენინგების შემთხვევაში – სილაბუსზე; შეხვედრების შემთხვევაში – ფორმაზე და ა.შ.

როგორ იწერება პროექტის კომუნიკაციის გეგმა?

კომუნიკაციის გეგმა პროექტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ზოგ შემთხვევაში მას კომუნიკაციის სტრატეგიის ფორმა უნდა ქონდეს; შედარებით მარტივია გეგმა, რომელიც გვაჩვენებს, თუ როგორ მოხდება პროექტის კომუნიკაცია – კომუნიკაცის ფორმები მრავალმხრივი შეიძლება იყოს – ეს შეიძლება იყოს შედარებით ტრადიციული – პრეზენტაცია, პრეს-კონფერენცია, სათემო შეხვედრა, პირსპირ შეხვედრა რეგიონებში, სარეკლამო კამპანია მედიის სხვადასხვა საშუალებებში; ასევე ახალი მედიის საშუალებების გამოყენება – ინფოგრაფიკები, ვიდეო-კლიპები, ვირუსული კლიპები,; შეიძლება იყოს კამპანიები, ქუჩის გამოფენები და ა.შ. მთავარია კონკრეტული აქტივობა შეესაბამებოდეს სამიზნე აუდიტორიას, რომელთან კომუნიკაციაც არის პროექტის მიზანი. მაგალითად თუ თინეიჯერებისკენ მიმართლი კომპანია შესაძლოა მთლიანად ახალ მედიაზეც ააგო, შედარებით მაღალი ასაკობრივი ჯგუფს საკომუნიკაციო კამპანიისთვის ეს გზა ნაკლებად გამოსადეგი შეძლება იყოს.

 

როგორ უნდა გაიწეროს პროექტის ბიუჯეტი?

მნიშვნელოვანია, რომ ბიუჯეტი მთლიანად შეესაბამებოდეს აქტივობებს. პროექტის მენეჯმენტისთვის, როგორც წესი, მთლიანი ბიუჯეტის 20-30%-ზე მეტის დახარჯვა არ არის მიზანშეწონილი. ასევე არსებობს გარკვეული შეზღუდვები იმისდა მიხედვით, თუ რომელ ფინანსურ წყაროს მიმართავ დაფინანსებისთვის. ყველა ხარჯი – იქნება ეს ჰონორარი, აღჭურვილობის თუ ა.შ. პირდაპირ შეესაბამებოდეს აქტივობის საჭიროებებს. ამასთან, ბიუჯეტი უნდა იყოს გაწერილი ეტაპების მიხედვით და შესაძლებლობას იძლეოდეს პირველი ეტაპის დასრულების, რომ შესაძლებელი იყოს ახალი ტრანშის მიღებამდე მონიტორინგის განხორციელება და მირწეული შუალედური შედეგების შეფასება. სწორი და რეალისტური ბიუჯეტი პროექტის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია. რა თქმა უნდა გაბერილი თანხები პირველ რიგში გვხვდება თვალში, თუმცა ხშირია შემდეგი ტიპის შეცდომა – პროექტის ავტორები ფიქრობენ, რომ რაც უფრო იაფად შესთავაზებენ აქტივობებს დამფინანსებელს, მით უფრო მეტი შანსი აქვთ გრანტის მოპოვების. სინამდვილეში, დონორმა შესაძლოა ჩათვალოს, რომ ამ ფასად ამ აქტივობის განხორციელება არარეალისტურია და პროექტი მისი არარეალისტურობის გამო არ დააფინანსოს.

 

რამდენად მნიშვნელოვანია მონიტორინგი?

მონიტორინგი ყველა საქმეში მნიშვნელოვანია და მით უმეტეს იქ, სადაც დაფინანსების მიზნობრივად და შედეგიანად ათვისებაზეა საუბარი. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ინდიატორები, რომელთა მიხედვითაც პროექტის შეფასებას გვთავაზობს პროექტის ავტორი, იყოს გაზომვადი. მაგალითად „მომხმარებლის კმაყოფილება“ არ არის ადვილად გაზომვადი ინდიკატორი, თუმცა თუ ვიტყვით რომ პროექტში ჩაერთვება X რაოდენობით ადამიანი, ან აღნიშულ ფაქტს მოჰყვება დაახლოებით Y რაოდეობით გამოხმაურება, ან კმაყოფილების ხარისხი გაიზომება კონკრეტული კითხვარებით ან ა.შ. ეს ინდიკატორი უფრო გაზომვადი ხდება და მისი მონიტორინგიც უფრო ადვილად შესაძლებელი. შესაბამისად, დაფინანსების მომწოდებელიც ხედავს, რომ რეალურად გაქვთ ნაფიქრი იმაზე, თუ როგორ უნდა შეფასდეს ტქვენი წარმატება და ნდობაც პროექტის ავტორის მიმართ იზრდება.

 

გადაცემის ჩანაწერი:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები