LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ უნდა გახდეს თქვენი ცხოვრება თქვენივე არჩევანი – FM ქოუჩი

15

რა უნდა გააკეთოთ, რომ თქვენი ცხოვრება თქვენივე არჩევანი იყოს. ადამიანები ხშირად საკუთარ შეცდომებს თუ წარუმატებლობას აბრალებენ სხვებს, ამის მიზეზად კი ასახელებენ იმ ფაქტს, რომ გარშემომყოფები ერევიან მათ არჩევანში. შედეგად ხშირად გამოდის, რომ ჩვენ არა საკუთარი, არამედ სხვების სურვილით ვცხოვრობთ. ეს საკითხი პიროვნული განვითარებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვ რგოლს წარმოადგენს. გადაცემის “FM ქოუჩი”სტუმარია ტრენერი ნათია ქოიავა, რომელიც პიროვნული განვითარების საკითხებზე მუშაობს.

რამდენად აუცილებელია ცვლილებები, როდესაც ადამიანს არ მოსწონს თავისი მდგომარეობა?

ჩვენ ვართ დღემდე მიღებული გადაწყვეტილებების „პროდუქტი“. ეს გადაწყვეტილებები ან ჩვენ თავად მივიღეთ, ან სხვებმა გადაგვიწყვიტეს (ოჯახის წევრები, ახლობლები), ან გავყევით დინებას და ცხოვრებამ თავად გადაგვიწყვიტა. როგორია ეს „პროდუქტი“, როგორი შედეგები გვაქვს ოჯახში, სამსახურში, ურთიერთობებში, მოგვწონს თუ არა ეს შედეგები, კმაყოფილი ვართ თუ არა. თუ პასუხი არის „არა“, ე.ი. ცვლილებების დროა.

ცვლილებები კი საკუთარი თავიდან უნდა დავიწყოთ. თავად განკარგავდე საკუთარ ცხოვრებას, ეს პროაქტიური ადამიანის ჩვევაა. იყო პროაქტიური, ნიშნავს იყო შენი ცხოვრების „გემის კაპიტანი“, თვითონ ირჩევდე, როგორ მიუდგე ამა თუ იმ საკითხს, იყო პასუხისმგებელი საკუთარ ბედნიერებასა თუ უბედურებაზე. ეს ნიშნავს, რომ შენი ცხოვრების გზაზე იჯდე მძღოლის ადგილას და არ იყო უბრალოდ მგზავრი, იმისათვის, რათა თავად გადაწყვიტო, თუ სად არის შენი დანიშნულების ადგილი, სად გინდა რომ საბოლოოდ აღმოჩნდე. იყოს შენი ცხოვრება შენი არჩევანი ნიშნავს იმას, რომ თავად იღებდე პასუხისმგებლობას საკუთარ გადაწყვეტილებებზე და ამ გადაწყვეტილების შედეგებზე.

ამის საწინააღმდეგოდ, რექციული ადამიანები არ იღებენ პასუხისმგებლობას საკუთარ ცხოვრებაზე, საკუთარ ბედნიერებასა თუ უბედურებაზე, ისინი არ მოქმედებენ. ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი თავიანთ წარუმატებლობასა თუ მარცხს მუდმივად სხვა ადამიანებს და გარემო პირობებს აბრალებენ.

 

რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანი აცნობიერებდეს, რომ მას აქვს არჩევანის თავისუფლება?

,,არ იფიქროთ, რომ სამყარო თქვენთან ვალშია. მას თქვენი არაფერი მართებს ის თქვენზე ადრე გაჩნდა“, – ეს  მარკ ტვენმა თქვა.

თავად სიცოცხლესთან ერთად, უდიდესი განძი, რომელიც ადამიანს ებოძა, არის არჩევანის თავისუფლება. ეს ძალაუფლება და თავისუფლება აბსოლუტურად ეწინააღმდეგება მსხვერპლის ვირუსით “დაავადებულთა” აზროვნების ტიპს და სხვების დადანაშაულების ჩვევას, რომელიც ასეთი გავრცელებულია დღეს ჩვენს საზოგადოებაში.

არსებითად, ჩვენ არჩევანის პროდუქტი ვართ და არა ბუნების (გენები) ან აღზრდის (აღზრდა, გარემო). რა თქმა უნდა, გენები და კულტურა, ხშირად, ძალიან ძლიერ გავლენას ახდენს, მაგრამ მათ გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს. ადამიანად ყოფნის არსი არის ის, რომ საკუთარი ცხოვრების წარმართვა შეგეძლოს. ადამიანი მოქმედებს, ხოლო ცხოველი და “ადამიანი-რობოტი” რეაგირებს. ადამიანებს შეუძლიათ საკუთარ ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანის გაკეთება. ჩვენი ძალაუფლება, რომ ავირჩიოთ ჩვენი ცხოვრების მიმართულება, საშუალებას გვაძლევს, ხელახლა შევქმნათ საკუთარი თავი, შევცვალოთ ჩვენი მომავალი და ძლიერი გავლენა მოვახდინოთ შემდგომ შემოქმედებით პროცესზე. ეს არის ბუნებისგან ნაბოძები ერთ–ერთი განძი, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ბუნების სხვა საჩუქრებიც (ნიჭი, პოტენციალი) გამოვიყენოთ.

არჩევანის თავისუფლება ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვართ, უბრალოდ, ჩვენი წარსულის ან ჩვენი გენების პროდუქტი; ჩვენ არ ვართ იმის პროდუქტი, თუ როგორ გვექცეოდნენ სხვა ადამიანები. ისინი უდავოდ ახდენენ ჩვენზე გავლენას, მაგრამ ვერ განსაზღვრავენ, როგორები ვიყოთ. ამას ჩვენ თავად განვსაზღვრავთ, ჩვენი არჩევანის საშუალებით. თუკი, აწმყოში, ჩვენი შანსი წარსულის გამო გავუშვით, ხომ არ გვინდა, რომ მომავალშიც იგივე განმეორდეს.

რა თქმა უნდა, არსებობს რაღაც, რაზეც ჩვენ არჩევანი არ გვაქვს. მაგალითად, ჩვენი გენეტიკა. მართალია, ჩვენ ვერ ვირჩევთ ჩვენს გენებს, მაგრამ ვირჩევთ ჩვენს რეაქციას მათზე. თუ გენეტიკურად რომელიმე დაავადებისადმი მიდრეკილება გაქვთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს დაავადება აუცილებლად შეგხვდებათ. საკუთარი თავის შეცნობითა და თავისუფლი ნების გამოყენებით, თუ იცხოვრებთ სათანადო ვარჯიშისა და კვების რეჟიმით, და, ასევე. უმაღლესი დონის სამედიცინო ჩარევით, თქვენ შეგიძლიათ, თავიდან აიცილოთ ის დაავადებები თუ სიმსივნეები, რომლებმაც თქვენი წინაპრები იმსხვერპლა.

ის, ვინც მზარდ შინაგან ძალასა და არჩევანის თავისუფლებას ავითარებს, შეიძლება ასევე გახდეს ის, რასაც პირობითად ეწოდება “გარდამავალი ადამიანი,” რომელსაც შეუძლია, შეაჩეროს არასასურველი ტენდენციები, რათა ისინი არ გადაეცეს წინა თაობებიდან მომდევნო თაობებს (მის შვილებსა და შვილიშვილებს).

 

როგორ უნდა ისწავლოს ადამიანმა გონივრული არჩევანის გაკეთება?

რას ნიშნავს “გონივრული არჩევანის გაკეთება?” სად არის გონიერება? ძირითადად, ეს ნიშნავს, იცხოვრო პრინციპებით ანუ ბუნების კანონებით და არ მიჰყვე სწრაფი შედეგების მიღების დღევანდელ კულტურას.
შეუძლებელია ბუნების კანონების იგნორირება. სხვა არჩევანი არ გაქვთ, მათ მიხედვით უნდა იმოქმედოთ. ყველა ქმედებას აქვს შედეგი. მოგწონთ თუ არა, როცა ჯოხის ერთ ბოლოს ირჩევთ, ავტომატურად ირჩევთ მის მეორე ბოლოს. თუ ათსართულიანი შენობის სახურავიდან გადმოხტებით, მეხუთე სართულზე აზრს ვერ შეიცვლით, რადგან მიზიდულობის კანონი მოქმედებს.

შეუძლებელია ბუნების კანონების იგნორირება. სხვა არჩევანი არ გაქვთ, მათ მიხედვით უნდა იმოქმედოთ.
ბუნების კანონები (როგორიცაა, მიზიდულობის ძალა) და პრინციპები (როგორიცაა პატივისცემა, პატიოსნება, სიკეთე, პირდაპირობა, მსახურება, სამართლიანობა) აკონტროლებს და განსაზღვრავს ჩვენი არჩევანის შედეგებს. სწორედ ისე, როგორც ვიღებთ ბინძურ ჰაერსა და წყალს, როცა მუდმივად ვაბინძურებთ გარემოს, ასევე ინგრევა ნდობა (შემაკავშირებელი ძალა ურთიერთობაში), როცა ადამიანებს მუდმივად არაკეთილშობილურად და უპატიოსნოდ ექცევით.

ამრიგად, ცხოვრებაში ადამიანის ყველა ნაბიჯი, საქციელი, არჩევანი, მხოლოდ და მხოლოდ ამ პრინციპებს უნდა ეფუძნებოეს. სხვაგვარად, თქვენ იცხოვრებთ გარდაუვალი უარყოფითი შედეგებით, რომლებიც ამას მოჰყვება. ვიმეორებ, ისინი გარდაუვალია იმიტომ, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქციელს ღირებულებები აკონტროლებს, საქციელის შედეგებს პრინციპები განაპირობებს.

 

გადაცემის ჩანაწერი:

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები