LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ უნდა მიეჩვიოთ გუნდურ მუშაობას – FM ქოუჩი

21

ერთიანი გუნდის შექმნა ყველა ორგანიზაციის სურვილია. გუნდურ მუშაობაზე ხშირად ორგანიზაციის წარმატებაა დამოკიდებული.  როგორ უნდა შექმნათ პროდუქტიული გუნდი და რა არის ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც ამ მიმართულებით არსებობს, გადაცემის „FM ქოუჩი“ სტუმარია ტრენერი ირინა ჭოჭუა.

 

რისთვის არის მნიშვნელოვანი გუნდური მუშაობა?

იმისათვის, რომ ორგანიზაციის მუშაობა იყოს გამართული და პროდუქტიული, ერთ-ერთი საკვანძო კომპონენტია კარგი გუნდის არსებობა. ძალიან ხშირად ბიზნესის ეფექტურობა იკლებს მხოლოდ იმიტომ, რომ მენეჯერმა ან კომპანიის ხელმძღვანელმა ვერ შეძლეს ერთიანი გუნდის ჩამოყალიბება, გუნდის, სადაც იქნება საერთო ხედვები, მიზნები, რომელსაც ექნება მოტივაცია და რომლის მუშაობაც იქნება ეფექტური.

გუნდურ მუშაობაში რამდენიმე ყველაზე გავრცელებული პრობლემაა სამუშაო ძალების და როლების არასწორი გადანაწილება, ერთიანი ხედვის არარსებობა, ქცევის კულტურის და ღირებულებების არქონა, მიზნებისა და სამოქმედო გეგმის არარსებობა. შესაძლებელია, ყველა აქ ჩამოთვლილი პრობლემა მოგვევლინოს როგორც ერთდროულად, ასევე ცალ-ცალკე კომპონენტებად და ერთნაირად დააზარალოს ბიზნეს პროცესები. ხოლო ყველა ამ კომპონენტის გამართვა გვაძლევს საათის მექანიზმივით აწყობილ გუნდს და წარმატებულ ბიზნესს.

 

პრობლემა, რომელიც ორგანიზაციებში ამ მიმართულებით არსებობს?

ყველაზე ხშირი პრობლემა, რასაც ვაწყდებით, არის ერთიანი ხედვის არარსებობა და როლების არასწორი გადანაწილება, რაც შემდეგ იწვევს უმოტივაციობას. არადა, Dream Team-ის ყოლა ყველა დამწყები თუ წარმატებული ბიზნესის ოცნებაა და ამის გარეშე არც არაფერი გამოვა. იმისათვის, რომ ასეთი ოცნების გუნდი გყავდეს, აუცილებელია ეს გუნდი შექმნა, ჩამოაყალიბო ხედვა, მიზნები, სწორად გაანაწილო როლები და ადამიანებს გაუჩინო მოტივაცია. სწორედ ასეთ დროს ერთვება ქოუჩი.

გუნდური ქოუჩინგი არის მუშაობის ფორმატი გუნდთან, რომლის მიზანია მოახდინოს თითოეული თანამშრომლის პოტენციალის აქტივიზაცია და შეკრას მთლიანი, ერთიანი გუნდი. ტრენინგისგან განსხვავებით, სესიის დროს გუნდი თავად სახავს მიზნებს. ქოუჩი კი არ ასწავლის ამ მიზნის მიღწევის გზებს, არამედ გუნდის მონაწილეები თავად ეძებენ საუკეთესო გადაწყვეტას, მუშაობენ და ავითარებენ საკუთარ რესურსებს. აქ არის ჩართული ყველა კომპონენტი, მათ შორის კომუნიკაციის თუ კონფლიქტის საკითხები, როლური გადანაწილება, თითოეული თანამშრომლის ღირებულებები და მოტივაცია, საუკეთესო გუნდის მოდელირების კომპონენტები. მოკლედ, სამუშაო საკმაოდ შრომატევადი და საინტერესოა.

 

როგორ უნდა „შევკრათ“ გუნდი?

იმისათვის, რომ კარგი გუნდი შედგეს, აუცილებელია მუშაობა შემდეგ ფაქტორებზე: ორგანიზაციის ხედვის/მისიის/ღირებულებების გაცნობიერება და ინტეგრირება გუნდში; თვითშემეცნების სტიმულირება გუნდის წევრებში: პიროვნული და პროფესიული განვითარების ხედვა, ზრდის ზონა, გაცნობიერება, მისია, ღირებულებები, მიზნები; ხედვის რეალობად გარდაქმნა: მუშაობა მოტივაციაზე, ქმედითი უნარების გაუმჯობესება; მუშაობა შედეგისთვის: პროექტების რეალიზაციის სტრატეგია; მუშაობა შემზღუდველ რწმენა-წარმოდგენებთან, რაც ქმნის რისკებს პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაში; მხარდამჭერი გარემოს შექმნა; მუშაობა სტრესთან.

ასევე კარგი გუნდის მნიშვნელოვანი კომპონენტია ემოციური ინტელექტი, გუნდის წევრები რამდენად აცნობიერებენ თავიანთ ემოციურ რეაქციებს გარე ფაქტორებზე, რამდენად მზად არიან ღიად განიხილონ თავიანთი ემოციები გუნდის წევრებთან, რამდენად აფასებენ და პატივს სცემენ ერთმანეთის შეხედულებებს და განსხვავებულ მოსაზრებებს, რამდენად ეფექტიანად იყენებენ გუნდის წევრები ერთმანეთის ძლიერ მხარეებს და რამდენად აქვთ მხარდამჭერი გარემო შექმნილი.

მნიშვნელოვანი კომპონენტია უნარების და რესურსების შეფასება. რისთვის შეირჩა ეს კონკრეტული გუნდი, კონკრეტულად რა ცოდნას და უნარებს ფლობენ წევრები, რისი გაუმჯობესება არის საჭირო და რას აკეთებენ ამისთვის, რამდენად აქვთ მზაობა გუნდური მუშაობისთვის, როგორ სახავენ მიზნებს და კომუნიკაციის რა სტრატეგია აქვთ არჩეული, როგორ მუშაობენ სტრესულ სიტუაციებში და კონფლიქტის დაძლევის რა გზები აქვთ.

და ბუნებრივია, მთავარი კომპონენტი არის გუნდში სწორი როლური განაწილება და გუნდის თითოეული წევრის ხედვის და ღირებულებების თანხვედრა ერთიან მიზანთან, რასაც ორგანიზაცია სახავს. ამ შემთხვევაში გუნდი იქნება ძალიან რესურსული და მოტივირებული. გუნდური ქოუჩინგი მიმართულია სწორედ ამ ფაქტორების და კომპეტენციების განვთარებისკენ.

 

გადაცემის ჩანაწერი:

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები