LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასიამოვნო სურნელი თუ უფრო მეტი: რატომ დომინირებენ მამაკაცები

20

30 იანვარს რადიო „ფორტუნას“ და გვანცა ლაღიძის გადაცემას „წარმატების ფორმულა“ ინოვატორი ბიზნეს სფეროში, ინსფირეიშენ-მარკეტინგის და არომა-მარკეტინგის დამფუძნებელი ირინა დუმბაძე სტუმრობდა.

– ქალბატონო ირინა, პროფესიით ფილოლოგი როგორ აღმოჩნდით ბიზნესის სფეროში და როგორი იყო თქვენი პირველი ნაბიჯები მარკეტინგში?

– როდესაც მუშაობა დავიწყე, არავინ იცოდა რა იყო მარკეტინგი, პიარ-ტექნოლოგიები კი მხოლოდ მიტინგები, გამოსვლები იყო და მათი ძალის გამოყენების გარეშე დაშლის სურვილი. მართალია, მძიმე პერიოდი იყო, მაგრამ სტრატეგიულად ძალიან საინტერესო. სწორედ ამ დროს IPM-ში პიარ-სტრატეგი სჭირდებოდათ და მართალია, მამაკაცს ეძებდნენ, მაგრამ საბოლოოდ მე ამიყვანეს. ვფიქრობ, ძალიან გამიმართლა, რადგან სწორედ აქ განისაზღვრა ჩემი შემდგომი პროფესია და აქ გახდა შესაძლებელი ჩემი პროფესიული განვითარება.

– არომა-მარკეტინგის პირველი ნაბიჯები სწორედ თქვენთან ასოცირდება. რამდენად მისაღები იყო კომპანიებისთვის პიარის ეს ფორმა და რამდენად აქტიურად მიიღეს ბიზნესმენებმა ამგვარი ნოვაცია პირველ ეტაპზე?

– ძალიან ბევრს გაუჭირდა არომა-მარკეტინგის მარკეტინგულ სვლად აღქმა. ბევრისთვის ეს მხოლოდ სასიამოვნო სურნელი იყო და მეტი არაფერი. თუმცა, ზოგიერთმა კომპანიამ მაშინვე გააცნობიერა, რომ არომა-მარკეტინგი საკმაოდ სერიოზულ გავლენას ახდენს მომხმარებელზე. მართალია, ეს ახალი დარგია და ეტაპობრივად ვითარდება, მაგრამ იმედი მაქვს, მალე სულ უფრო მეტი მომხმარებელი გვეყოლება.

– რამდენად სჭირდებათ ბიზნესმენებს კონსულტაცია ინფსირეიშენ-მარკეტინიგის მიმართულებით?

– ჩვენ კონსალტინგში ვართ, სადაც ბრენდირების დაგეგმვა  სტრატეგიული პიარის და მარკეტინგის კუთხით ხორციელდება. მართალია, ჩვენს კომპანიას აქვს შეკვეთები, რაც ვფიქრობ ისევ ჩვენი გამოცდილების დამსახურებაა, მაგრამ ზოგადად, კონსალტინგის სფერო საკმაოდ შეზღუდულია, რადგან  სარეკლამო ბაზრისგან განსხვავებით, კონსალტინგის ბაზარი  ნაკლებად მოცულობითია. ჩვენ წლების განმავლობაში ვმუშაობთ კომპანია „ვისოლთან“ და სხვა მსხვილ კომპანიებთან, ხშირად ვთანამშრომლიბთ მცირე კომპანიებთანაც, რადგან ისინი უფრო მეტად არიან დაინტერესებული ბრენდირებით. თუმცა, საერთო ჯამში მიუხედავად საჭიროებისა, ბიზნესმენები ნაკლებად აქტიურობენ კონსალტინგის კუთხით.

– თქვენი აზრით, რამდენად საკმარისია საქართველოში მიღებული განათლება, პიარისა და მარკეტინგის სფეროში პროფესიონალური მუშაობისთვის?

– ვფიქრობ, არ არის საკმაარისი, რადგან განათლება ამ სფეროში საკმაოდ დაბალ დონეზეა.

– რამდენად აქტიურები არიან ქალბატონები პიარისა და მარკეტინგის სფეროში, არიან თუ არა ტოპ-მენეჯმენტში ქალბატონები თუ მამაკაცები ჭარბობენ?

– რა თქმა უნდა, მამაკაცები ჭარბობენ. თუმცა, ქალი ლიდერებიც გვყავს, რომლებმაც საკმაოდ სერიოზულ წარმატებას მიაღწიეს. ვფიქრობ, მამაკაცების დომინირების მთავარი მიზეზი – მათ მიმართ უფრო მეტი ნდობაა.

– რა უნდა გაკეთდეს ქალბატონების გასააქტიურებლად ხელისუფლების მხრიდან?

– ქალის გააქტიურებისთვის მთავარი მოტივაცია, საკუთარ თავში ძალისა და რწმენის მოძებნაა. ქალი აუცილებლად უნდა ზრუნავდეს საკუთარ კარიერაზე და სჯეროდეს საკუთარი შესაძლებლობების.

– როგორი ბიზნეს გარემოა დღეს საქართველოში?

– ვფიქრობ, ძალიან მდორე.

– რა გამოარჩევს საქართველოს სხვა ქვეყნებისგან ტურიზმის სფეროში?

– ტურიზმის სფეროში ჩვენს ქვეყანას მართლაც ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, მისი განმასხვავებელი კი, თვითმყოფადობა და ორიგინალურობაა.

– როგორი უნდა იყოს ბიზნეს-ქალბატონის ჩაცმულობა საქმიან შეხვედრაზე?

– ქალი ორიგინალურად და საინტერესოდ უნდა იყოს ჩაცმული. არაა აუცილებელი სტანდარტების ან მკაცრი წესების დაცვა. მთავარია, მისი ჩაცმულობა არ იყოს ვულგარული და გამომწვევი.

– რა არის მნიშვნელოვანი კრეატივისთვის და რამდენად ითვალისწინებთ სხვის აზრს?

– კრეატივისთვის უმთავრესი გახსნილი გონება და შეუზღუდავი აზროვნებაა. მდიდარი წარმოსახვა და ყველაზე არარეალურის რეალურად წარმოდგენის უნარია.

– რამდენი თანამშრომელია გაერთიანებული თქვენს კომპანიებში, ქალბატონები ჭარბობენ თუ მამაკაცები?

– კომპანიები 20 მუდმივ თანამშრომელს აერთიანებენ და რა თქმა უნდა, ქალბატონები ჭარბობენ. თუმცა, ამ ბოლო დროს მამაკაცებიც დავიმატეთ სოციალური მედიის კუთხით.

– რა მთავარი თვისებები უნდა ჰქონდეს საქმიან ქალბატონს საქმიან შეხვედრაზე?

– პირველ რიგში მიზანდასახულობა და მოსმენის უნარი. მნიშვნელოვანია ზუსტად გაიგოს რა უნდა კლიენტს და მისთვის ნაკლებად მომგებიანი სურვილის შემთხვევაში შეძლოს შეაცვლევინოს გადაწყვეტილება და დაარწმუნოს, რა იქნება მისთვის უკეთესი.

– თქვენი საყვარელი წიგნი?

– ძალიან მომწონს დავიდ აკერის ნაშრომები. ხშირად ვკითხულობ, ყოველთვის განსხვავებულად აღვიქვამ და ყოველ წაკითხვაზე ახალ  ცოდნას ვიძენ.

– რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?

– გააჩნია გადაწყვეტილებას. თუმცა, ვფიქრობ სერიოზულ გადაწყვეტილებებს გარკვეული დრო და ფიქრი სჭირდება.

 

ბლიც-კითხვები:

– ფრაზა, რომლითაც საკუთარ თავს ამხნევებთ რთულ სიტუაციებში?

– „რაც არ გვკლავს, ის გვაძლიერებს!“

– თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი აქსესუარი?

– საათი.

– სად მოგზაურობთ ყველაზე დიდი სიამოვნებით?

– ჩემი ოცნების ქვეყანა იტალიაა.

– კერძი, რომელსაც სიამოვნებით ამზადებთ?

– სიამოვნებით სალათებს ვაკეთებ.

– რასთან ასოცირდება თქვენთვის ვაშლი?

– სიბრძნესთან.

– რას დახატავდით, გადაცემაში „წარმატების ფორმულა“ ფანქარი და ფურცელი რომ გქონდეთ?

– გზას, რომელიც წარმატებისკენ მუდმივ სვლას ნიშნავს.

– რა მთავარი თვისებები უნდა ჰქონდეს ადამიანს წარმატების მისაღწევად?

– აუცილებლად უნდა ჰქონდეს კომპეტენცია საკუთარ სფეროში. პოზიტიურად უნდა აზროვნებდეს, არ უნდა შეუშინდეს რისკს და ყოველთვის უნდა ცდილობდეს მიზნის მიღწევას.

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები