LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”შეიძინე ქართული, გააძლიერე ქვეყანა!”

10

18 იანვარს რადიო ”ფორტუნას” გვანცა ლაღიძის გადაცემას ”წარმატების ფორმულა” შპს ”წყალტუბოს სიროფის” თანამესაკუთრე ლაშა გოდუაძე სტუმრობდა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დასრულების შემდეგ ლაშა სახელმწიფო სამსახურში მსახურობდა სხვადასხვა წამყვან თანამდებობაზე, რამდენიმე თვის წინ კი, კერძო სექტორში გადაინაცვლა და ოჯახური კომპანიის ”წყალტუბოს სიროფის” ერთ-ერთი თანამესაკუთრე გახდა.

– ბატონო ლაშა, თქვენი კომპანია ერთადერთია ქართულ ბაზარზე, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს. რას მოიცავს ”წყალტუბოს სიროფის” საქმიანობა და როდის შეიქმნა კომპანია?

– ოფიციალურად 2015 წლის ივლისში დავფუძნდით, პირველი პროდუქტი კი, ოქტომბრის თვეში წარმოვადგინეთ. სულ რამდენიმე თვეა ბაზარზე ვართ და უცხოურ კომპანიებს თუ არ ჩავთვლით ამ სფეროს პიონერები გავხდით. ვაწარმოებთ ნატურალურ და შეიძლება ითქვას მრავალფუნქციურ პროდუქტს, რომლიგანაც სასმელის გარდა საკონდიტრო ნაწარმი, ფელამუში და ჩურჩხელა მზადდება, კარგია სახლის პირობებში დესერტის – ნაყინის და სხვადასხვა ნამცხვრის მოსამზადებლადაც.

–  რამდენად სწრაფად ვითარდება… ჯერ საკმაოდ ახალგაზრდა კომპანია?

– კომპანია საკმაოდ სწრაფად ვითარდება, თუმცა თვითონ სიტყვის ”სიროფის” მნიშვნელობაა დავიწყებული და ამიტომ, ყველაფერს თავიდან ვიწყებთ. ჩემი აზრით პიერ-კამპანიებთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია, მომხმარებელმა თვითონ გასინჯოს ჩვენი პროდუქტი. ბევრს შეიძლება ზოგადი წარმოდგენა აქვს სიროფზე, მაგრამ მხოლოდ დაგემოვნების შემდეგ იგებს, რა არის ის სინამდვილეში. სწორედ ამიტომ პრაქტიკულად ყველა გამოფენა-გაყიდვებში ვმონაწილეობთ და პრომო-აქციებს ვაწყობთ იმ ქსელურ და კერძო სუპერმარკეტებში სადაც პროდუქცია გვაქვს შეტანილი.

– როგორია პროდუქციის საბაზრო ფასი?

– საბაზრო ფასი 2,70-დან 3 ლარამდე მერყეობს.

– რატომ გადაწყვიტეთ კონკრეტულად ამ მიმართულების განვითარება?

– ბაზრის შესწავლის შემდეგ, აღმოვაჩინეთ რომ სწორედ ეს სფერო იყო თავისუფალი. რა თქმა უნდა, თუ უცხოურ კომპანიებს არ ჩავთვლით. თუმცა, არც უცხოური კომპანიებია მაინცდამაინც ფართოდ წარმოდგენილი. ხარისხით ჩვენი პროდუქცია არა თუ ჩამოუვარდება უცხოურს, არამედ უკეთესიცაა, ფასებიც უფრო დაბალი და მისაღები გვაქვს.

– გაქვთ თუ არა რაიმე სახიშ თანამშრომლობა ქართულ კომპანიებთან?

– დიდ კომპანიებთან ჯერჯერობით არ გვაქვს, თუმცა აქტიურად ვთანამშრომლობთ საკონდიტროებთან.

– ბატონო ლაშა, რატომ გადაწყვიტეთ ბიზნესში წასვლა?

– ძირითადი მიზეზი რა თქმა უნდა, ოჯახი იყო და რადგან საქმეც ოჯახურია, ამიტომ თავიდანვე გადავწყვიტე მასში ჩართვა. საბოლოოდ ჩამოვაყალიბების და განვითარების შემდეგ კი, შესაძლოა ჩემს პროფესიონალურ საქმიანობასაც დავუბრუნდე.

– სად უფრო კომფორტულად გრძნობთ თავს – ბიზნესში თუ სახელმწიფო სამსახურში?

– რა თქმა უნდა ბიზნეში, რადგან აქ ნაკლები შეზღუდვა და მეტი თავისუფლებაა.

– თქვენი აზრით, რომელი ბიზნესია დღეს საქართველოში ყველაზე მომგებიანი?

– ტურიზმი უდავოდ ყველაზე პერსპექტიული, მაგრამ ამ სფეროსაც თავისებური მიდგომა ჭირდება. საქართველოში რატომღაც ასეა მიღებულია – თუ ერთი ბიზნესი გაამართლებს, მერე ყველა ბიზნესმენი ტურიზმში გადადის და არ ცდილობს მოძებნოს რაიმე ახალი.

– ბატონო ლაშა, გეგმავთ თუ არა თქვენი პროდუქციის ექსპორტზე გატანას?

– აუცილებლად. ამ ეტაპზე პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე ვართ ორიენტირებული, რადგან იქ ბევრად უფრო მარტივია პროდუქციის შეტანა, ვიდრე ევროპის ან მუსულმანურ ქვეყნებში. მათ განსხვავებული სპეციფიკა აქვთ და განსხვავებული სერთიფიკატის მიღებაა საჭირო, რასაც მთელი რიგი პირობები ახლავს თან.

– როგორ აწარმოებთ მოლაპარაკებებს ოჯახში?

– ბიზნესში მთელი ოჯახი ვართ ჩართული ბავშვების ჩათვლით. მათ ყველაზე მეტად დეგუსტაცია მოსწონთ. სხვათაშორის ძალიან მნიშვნელოვანია მათი აზრი, რადგან ყველაზე მოთხოვნადი და გაყიდვადი სიროფის სწორედ ის სახეობებია, რაც მათ მოსწონთ.

– რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

– საპარტნიორო ფონდში პროექტი გვაქვს დაფინანსებაზე შეტანილი. სახელმწიფოს დახმარებას ველოდებით და მერე გაფართოებას ვაპირებთ.

– რამდენი ადამიანია თქვენს კომპანიაში დასაქმებული?

– ამ ეტაპზე 43 ადამიანი მუშაობს, გაფართოების შემთხვევაში კი, მნიშვნელოვნად გავზრდით მათ რიცხვს.

– როგორია ლაშა გოდუაძე საქმიანი შეხვედრაზე, რას აქცევთ ყურადღებას პირველ რიგში?

– ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ შეხვედრა. კარგია, თუ ის ღიმილით დაიწყება. რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ ყურადღებას  ადამიანებს ვაქცევ. ვთვლი, რომ პარტნიორობა ნდობის გარეშე შეუძლებელია. ნდობა კი პირდაპირობას და გულწრფელობას გულისხმობს.

– თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს კარგი ხელმძღვანელი?

– კარგი ხელმძღვანელი პირველ რიგში თანამშრომლებზე უნდა ფიქრობდეს და მათ არა ხელმძღვანელის, არამედ რიგითი თანამშრომლის პოზიციიდან უყურებდეს. რადგან მხოლოდ ასე შეიძლება იყოს მათი მუშაობა შედეგიანი, პროდუქცია კი – ხარისხიანი.

– რამდენად აქტიურად ურთიერთობთ თანამშრომლებთან?

– საკმაოდ ხშირად ვუსმენთ მათ აზრს. ყოფილა შემთხვევა, როცა მათი რჩევისა ან შემოთავაზების შემდეგ წინასწარ დაგეგმილი პროექტი ან გადაწყვეტილებაც კი შეგვიცვლია.

– როგორი უნდა იყოს კარგი თანამშრომელი?

– თანამშრომელი პირველ რიგში პატიოსანი და შრომისმოყვარე უნდა იყოს.

– როგორ იქცევით სირთულეების დროს?

– ვცდილობ საღი გონებით ვიმოქმედო და არა ემოციებით.

– სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას თუ ნელა და გააზრებულად?

– სიტუაციას გააჩნია. ზოგი საკითხი სწრაფ გადაწყვეტას მოითხოვს, ზოგი კი – პირიქით.

ბლიცკითხვები:

– რა სლოგანი აქვს ”წყალტუბოს სიროფს”?
– ”შეიძინე ქართული, გააძლიერე ქვეყანა!”

– რომელია თქვენთვის მისაბაძი კომპანია მსოფლიოს მასშტაბით?

– კოკა-კოლა.

– როგორ იწყება თქვენი დილა, ყავას ანიჭებთ უპირატესობას თუ ნატურალურ წვენს?

– ალბათ მაინც ჩაის.

– გადატვირთული დღის განმავლობაში როგორ ახერხებთ განტვირთვას?

– თუ დრო მაქვს, ძირითადად კომპიუტერულ თამაშებით ვერთობი.

– რითი ხართ გატაცებული, რა არის თქვენი ჰობი?

– სპორტი მიყვარს, სტრატეგიული კომპიუტერული თამაშები კი, ჩემი სისუსტეა.

– პირობითი ფანქარი და ფურცელი რომ გქონდეთ, რას დახატავდით გადაცემაში ”წარმატების ფორმულა”?

– წრეს დავხატავდი და გავაფერადებდი.

– ბატონო ლაშა, თქვენი აზრით რა ძირითადი თვისებები უნდა ჰქონდეს ადამიანს წარმატების მისაღწევად?

– პირველ რიგში შრომისმოყვარე უნდა იყოს და გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ წარმატების მიღწევა მარტივი არაა. არანაკლებ მნიშვნელოვანია სიტუაციის სწორი ხედვა და ყველა პრობლემისთვის მზად ყოფნა.

 

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები