LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თემურ არდოტელი: “მობილურობის გარეშე დღეს ბიზნესის კეთება პრაქტიკულად შეუძლებელია”

22

18 ივლისს რადიო ”ფორტუნას” და გვანცა ლაღიძის გადაცემას ”წარმატების ფორმულა” კომპანიის ”ახალი ნათება” აღმასრულებელი დირექტორი თემურ არდოტელი სტუმრობდა.

ფინანსისტის სპეციალობის მიღების შემდეგ, ბატონმა თემურმა სწორედ ამ მიმართულებით დაიწყო მუშაობა კომპანია ”ახალ ნათებაში”, თუმცა მისი კარიერა ძალიან სწრაფად განვითარდა და დღეს ის უკვე კომპანიის აღმასრულებელი დირექტორია.

– ბატონო თემურ, როგორ დაარსდა კომპანია ”ახალი ნათება” და  რამდენად რთული იყო პირველ ეტაპზე ბაზარზე დამკვიდრება?

– მართლაც საინტერესო და შეიძლება ითქვას სამაგალითო გზა გაიარა კომპანიამ დაარსების დღიდან დღემდე. ყველაფერი ნულიდან დავიწყეთ და უზარმაზარი მოტივაციის წყალობით ძალიან მალე მივაღწიეთ წარმატებას.  

– რამდენად იყო განვითარებული იმ პერიოდში ქართული ბაზარი ამ მიმართულებით?

– 1990-იან წლებში ქართული ბაზარი არცერთი მიმართულებით არ იყო განვითარებული. კომპანიის დამფუძნებელმა თავიდანვე საკმაოდ სარისკო ნაბიჯი გადადგა და არსებული რეალობის გათვალისწინებით, ქვეყანაში სრულიად ახალი და მეტად საინტერესო პროდუქცია შემოიტანა.

– გაამართლა თუ არა თქვენს შემთხვევაში რისკმა?

– გაამართლა და ეს გამოჩნდა კიდეც. თუმცა, რისკი ყოველთვის გამართლებული არაა. ჩვენც გვქონდა შეცდომები, თუმცა, დღეს თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ყველა ჩვენი სტრატეგიული გადაწყვეტილება სწორი და წარმატების მომტანი გამოდგა.

13694131_1240579002628395_2120084952_o– როგორ იქცევით სირთულეების დროს?

– ვცდილობთ რეალურად გავაანალიზოთ არსებული ვითარება და მივიღოთ შესაბამასი გადაწყვეტილება. იმ შემთხვევაში კი, თუ პროცესი არასწორად მიდის, დროულად აღმოვფხვრათ ხარვეზები და გამოვასწოროთ სიტუაცია.

– რამდენი მაღაზია აქვს ”ახალ ნათებას” მთელი ქვეყნის მასშტაბით?

– საერთო ჯამში 14 მაღაზია გვაქვს. ძირითადად თბილისსა და ბათუმში ვართ წარმოდგენილი, ანუ იქ, სადაც ბაზარიც აქტიურია და ეკონომიკური მდგომარეობაც მეტ-ნაკლებად სტაბილური. თუმცა, რეგიონებშიც ვმუშაობთ, მათ შორის ფოთში, გორში და სხვა ქალაქებში. ჩვენი მიზანია არა მარტო განვითარებულ ბაზარზე დავიმკვიდროთ ადგილი, არამედ ბაზრის განვითარებაშიც შევიტანოთ ჩვენი წვლილი.

– თქვენი აზრით, რამ განაპირობა ”ახალი ნათების” პოპულარობა?

– ზოგადად, როცა ბრენდი საცალო ბაზარზეა ორიენტირებული და გრძელვადიან პერსპექტივაში გეგმავს საკუთარი იმიჯის შენარჩუნებას, ის მხოლოდ ხარისხზე უნდა იყოს ორიენტირებული. კომპრომისი ამ სფეროში დაუშვებელია და ჩვენც მაქსიმალურად ვცდილობთ შევინარჩუნოთ მაღალი ხარისხი, როგორც პროდუქციის, ისე მომსახურების კუთხით. ჩვენი ძირითადი მიმართულება განათებაა, თუმცა, სამი წლის წინ მაღალი ხარისხის ავეჯი, აქსესუარები წარმოვადგინეთ და ჩვენს მომხმარებელს კომპლექსური არჩევანის საშუალება მივეცით.

– მომხმარებლის რა სეგმენტზეა გათვლილი თქვენი პროდუქცია?

– ბევრჯერ გამიგია, თითქოს ”ახალი ნათება” მხოლოდ შეძლებულ ან საშუალო ფენაზეა გათვლილი. სინამდვილეში, ჩვენ დაარსებიდან ვცდილობთ გავხადოთ ჩვენი პროდუქცია ყველასთვის ხელმისაწვდომი. მართალია, რთულია ერთდროულად მაღალ ხარისხის და მისაღები ფასის შენარჩუნება, მაგრამ ჩვენ მაინც შევძელით ოქროს შუალედის მოძებნა.

– რომელ მსოფლიო ბრენდებს წარმოადგენთ საქართველოში?

– მრავალი პრემიუმ ბრენდის წარმომადგენლები ვართ, რაშიც პირველ რიგში ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილება გვეხმარება. წარმატება მხოლოდ გამოცდილების შემდეგ მოდის, რაც თავის მხრივ უცხოურ ბრენდებთან თანამშრომლობაშიც გვიწყობს ხელს.

– თქვენი აზრით, რა უპირატესობა გაქვთ სხვა კომპანებთან შედარებით და ზოგაგად რამდენად მაღალია კონკურენცია ქართულ ბაზარზე?

– ნებისმიერი კონკურენტი კომპანიის განვითარებას მივესალმები, რადგან მხოლოდ მრავალფეროვნებით შეიძლება სამომხმარებლო კულტურის ამაღლება და ბაზრის განვითარება. ჩვენი უპირატესობა სხვებთან შედარებით, პირველ რიგში ფართო ასორტიმენტია, რომლითაც უცხოელებიც კი გავაკვირვეთ. გარდა ამისა, გვაქვს საკმაოდ დიდი მარაგი, რაც გვეხმარება მაქსიმალურად ოპერატიულად დავაკმაყოფილოთ მომხმარებლის მოთხოვნა. არანაკლებ მნიშვნელოვანია პროდუქციის და სერვისის ხარისხი, რასაც ვფიქრობ, აბსოლუტურად ვაკმაყოფილებთ. რაც შეეხება კონკურენციას – ეკონომიკის განვითარებასთან ერთად, კონკურენციაც აუცილებლად გაიზრდება. რთულია ბიზნესის კეთება არაკონკურენტულ გარემოში. გაჩერება და შესვენება კი, დაუშვებელია, რადგან ნებისმიერი კომპანია ვალდებულია აუწყოს ფეხი მიმდინარე პროცესებს.

13709592_1240578982628397_2101625822_o– როგორ იქცევით კრიზისის დროს?

– ქვეყანამ მრავალი კრიზისი გამოიარა და რა თქმა უნდა, ვერც ჩვენ დავაღწიეთ თავი ამ პროცესებს, მითუმეტეს, რომ ჩვენნაირი იმპორტიორი კომპანია პირდაპირაა დამოკიდებული ლარის კურსზე. მრავალი სირთულე გვქონდა, თუმცა, საკუთარი ძლიერი ფინანსური რესურსების ხარჯზე ყველა პრობლემა წარმატებით დავძლიეთ.

– თქვენი აზრით, რამდენად ხელსაყრელი ბიზნესგარემოა დღეს საქართველოში?  

– საკმაოდ ხელსაყრელი გარემოა. თუმცა, ბევრად აქტიურიც შეიძლება იყოს. მთავარია, ეკონომიკა განვითარდეს, რასაც ინვესტიციების გაზრდა, მომხმარებლის გადახდისუნარიანობა მოჰყვება და ჩვენც უფრო აქტიურად შევძლებთ მუშაობას.

– რა არის საჭირო ბიზნესის გასავითარებლად?

– პირველ რიგში სტაბილური გარემოს შექმნაა აუცილებელი. გარდა ამისა, კარგად უნდა იყოს განვითარებული საბანკო სისტემა და სახელმწიფო სერვისები, ეფექტურად უნდა მუშაობდნენ საჯარო სამსახურები და ყველა ამ პირობების შექმნის შემთხვევაში, ბიზნესი აუცილებლად მონახავს თავის გზას.

– რა სამომავლო გეგმები აქვს ”ახალ ნათებას”?

– დაახლოებით ერთ თვეში დიდი სასაწყობო ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობას დავასრულებთ. გარდა ამისა, კახეთში გვინდა ჩვენი შოურუმის გახსნა. ამ რეგიონში ჯერ არ გვაქვს მაღაზია და გვინდა იქაც წარმოვდგინოთ ჩვენი პროდუქცია.

– კორპორატიული ეტიკეტი რომ განვიხილოთ, რა ძირითადი მოთხოვნებია თქვენს კომპანიაში?

– ჩვენ მუდმივად ვცდილობთ ქმედითი ნაბიჯების გადადგმას, რაც ძირითადად მომსახურე პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაში გამოიხატება. პერიოდულად ვატარებთ ტრენინგებს, შემოგვაქვს და ვნერგავთ მომსახურების ერთიან სტანდარტებს, მერე კი, მათ პრაქტიკულ განხორციელებას ვაკონტროლებთ.

– რამდენად რთულია კვალიფიციური კადრების მოძიება?

– სამწუხაროდ, დღეს კვალიციფიური კადრების სერიოზული დეფიციტია.

 13702279_1240579005961728_1470816413_o– რა მთავარი მოთხოვნა აქვს კომპანიას თანამშრომლის არჩევისას?

– ზოგადად, გაყიდვები ის სფეროა, სადაც რთულია კონკრეტული და სფეციფიკური განათლების მოთხოვნა. ჩვენს შემთხვევაში პიროვნული თვისებები უფრო მნიშვნელოვანია. ადამიანს უნდა სიამოვნებდეს მომხმარებელთან ურთიერთობა, რადგან მისი კეთილგანწყობა  მომხმარებელზეც აუცილებლად აისახება. ამიტომ, თანამშრომლების შერჩევისას ჩვენ პირველ რიგში მის კომუნიკაბელურობას და გახსნილობას ვაქცევთ ყურადღებას.  

– თქვენს მიერ დადეგმილი ყველაზე წარმატებული პიარ-კამპანია თუ გახსენდებათ?

– რამდენიმე პიარ-კამპანია გვქონდა, რომელთაც საკმაოდ კარგად იმუშავეს და რეზონანსულიც აღმოჩნდენენ მომხმარებელთა შორის.

– რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?

– ბიზნესში აუცილებელია სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი და ჩვენც მუდმივად მობილიზებულები ვართ. რა თქმა უნდა, შეცდომების დაშვების რისკი მაღალია, მაგრამ მობილურობის გარეშე დღეს ბიზნესის კეთება პრაქტიკულად შეუძლებელია.

ბლიც-კითხვები:

– რა სლოგანი აქვს ”ახალი ნათების”?

– ”გაანათე საუკეთესო!”

– ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად მიმართავთ?

– ”ადვილია!”

– დღის განმავლობაში ძირითადად სად ეცნობით ახალ ინფორმაციას?

– ინფორმაცის ძირითადად ინტერნეტის საშუალებით ვეცნობი.

– როგორ ისვენებთ გადატვირთული დღის შემდეგ?

– ვცდილობ თავისუფალი დრო ოჯახთან ერთად გავატარო.

– რომელ ქვეყნებში გსურთ ყველაზე მეტად მოგზაურობა?

– ძალიან მიყვარს მოგზაურობა, თუმცა განსაკუთრებით ვერცერთ ქვეყანას ვერ გამოვარჩევდი.

– აქსესუარი, რომლის გარეშეც არასდროს გამოდიხართ სახლიდან?

– საათი.

– საჩუქრის გაცემა უფრო დიდ სიამოვნებას განიჭებთ თუ მიღება?

– რა თქმა უნდა, საჩუქრის გაცემა.

– ფანქარი და ფურცელი რომ გქონდეთ, რას დახატავდით გადაცემაში ”წარმატების ფორმულა”?

– დასვენებულ ადამიანს, რომელიც მუშაობისთვისაა განწყობილი.

– რა მთავარი თვისებები უნდა ჰქონდეს ადამიანს წარმატების მისაღწევად?

– ჩემი აზრით, უმთავრესი შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობა და მიზანდასახულობაა.

 

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები