LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გავხდი ის, რაც ვარ: გურამ კაშია ვიტესს ემოციურად დაემშვიდობა და ამერიკაში წავიდა

129

საქართველოს ნაკრების ვიცე კაპიტანი გურამ კაშია „სან ხოსე ერსქვეიქსის“ ფეხბურთელია. ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

ქართველ ფეხბურთელს ამერიკულ კლუბში თამაშის უფლება 10 ივლისიდან ექნება, როდესაც საერთაშორისო ტრანსფერის სერთიფიკატს და ვიზას მიიღებს.

30 წლის კაშია „ვიტესში“ 2010 წლიდან ასპარეზობდა და კლუბის შემადგენლობაში 293-ჯერ ითამაშა, 25 გოლი გაიტანა და 18 საგოლე გადაცემა გააკეთა. ჩატარებული შეხვედრების რაოდენობით კაშიამ არნემელთა რეკორდი გააუმჯობესა.
2015 წლის აგვისტოში ქართველი მცველი ერედივიზიონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

გურამ კაშიამ „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე განცხადება გაავრცელა, სადაც ყოფილ კლუბს, არნემის „ვიტესსა“ და მის გულშემატკივრებს დაემშვიდობა.

„მიუხედავად იმისა, რომ უკვე “ვიტესის” ნაწილი აღარ ვარ, ეს გუნდი მუდამ იქნება ჩემი ნაწილი. მადლობა იმისთვის, რაც ჩემთვის გააკეთეთ და რომ გავხდი ის, რაც ახლა ვარ. “ვიტესში” კარიერის საუკეთესო პერიოდი გავატარე. დამშვიდობება ჩემი გეგმის ნაწილი არასოდეს ყოფილა, თუმცა ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც ეს კარგიც მთავრდება.

იმედი მაქვს, გესმით ჩემი არჩევანი. მსურს, ახალი გამოცდილება შევიძინო. მადლობა კლუბის საოცარ თანამშრომლებს. რასაც „ვიტესში“ მივაღწიე, თქვენს გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. რაც მთავარია, ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები არნემში „ვიტესის“ მხარდამჭერები არიან. მადლობა იმ სითბოსთვის, რაც ამ 8 წლის განმავლობაში ჩემს მიმართ გაიღეთ. სადაც არ უნდა ვიყო, მისი ფანები, კლუბი და ქალაქი ყოველთვის ჩემს გულში იქნებით”, – წერს კაშია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები