LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კვირიკაშვილი: სოფლის მეურნეობის დარგში მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს

27

სოფლის მეურნეობის დარგში მართლაც მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ექსპო-ჯორჯიაში“ ENPARD-ის 4-წლიანი საქმიანობის შემაჯამებელ და ამავე პროგრამის მესამე ფაზის დაწყების ღონისძიებაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სოფლის ფეხზე დაყენება და სოფლის მეურნეობის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

„გულწრფელ მადლიერებას გამოვთქვამ ევროკავშირის მიმართ იმ უმნიშვნელოვანესი დახმარებისთვის, რომელსაც ჩვენს ქვეყანას უწევს. განსაკუთრებით აღსანიშნავია სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით ევროკავშირის დახმარება. ამას აღვიქვამთ, როგორც ნდობას ჩვენი პარტნიორების მხრიდან და დასტურად, რომ რეფორმები, რომელიც მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში, ვითარდება სწორი მიმართულებით. ENPARD-ის მესამე ფაზით გამოყოფილი 77,5 მილიონი ევრო, ჯამში კი, სამივე ფაზით მიღებული 180 მილიონი ევროს დახმარება, უდიდესი მნიშვნელობისაა ჩვენი ქვეყნისთვის – სოფლის ფეხზე დაყენება და სოფლის მეურნეობის განვითარება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. დღეისთვის ამ დარგში მართლაც მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს და ეს არის მთავრობის, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, პარტნიორი ქვეყნების, კერძო სექტორის კოორდინირებული და ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგი. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ საქართველო სრულიად ახალი შესაძლებლობების წინაშე დადგა. ეს შესაძლებლობები გულისხმობს იმ ძალიან მნიშვნელოვან გასატარებელ რეფორმებს, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ. ჩვენ ეტაპობრივად ვასრულებთ ყველა ნაკისრ ვალდებულებას და ამ პროცესში ევროკავშირი ჩვენი აქტიური მხარდამჭერია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ბიზნესზე ორიენტირებული სოფლის მეურნეობის განვითარებას.

„ჩვენი მიზანია, საქართველოს აგრო-სასურსათო პროდუქტის იმპორტიორ ქვეყნად ჩამოყალიბება. ამ მიზნის მისაღწევად არაერთ პროექტს ვახორციელებთ. ENPARD-ი 2013 წლიდან საქართველოს აქტიური მხარდამჭერია. სწორედ მისი ხელშეწყობით გახდა შესაძლებელი სოფლის მეურნეობის ინიციატივების ეფექტიანობის გაზრდა და სოფლის მეურნეობის რეფორმა. სწორედ სოციალური და ეკონომიკური შესაძლებლობების ხელშეწყობა, დასაქმების და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება მოხერხდა ფერმერთა კოოპერატივების გაძლიერებით და სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით. ევროკავშირის პირდაპირი დაფინანსება და ტექნიკური მხარდაჭერა მიიღო 280-ზე მეტმა კოოპერატივმა, 1000-ზე მეტმა კოოპერატივმა მიიღო აქედან გრანტი. 2015 წელს ევროკავშირმა დაიწყო და წარმატებით განახორციელა სოფლის განვითარების საპილოტე პროექტები ლაგოდეხში, ბორჯომსა და ყაზბეგში… სოფლის განვითარების 120-ზე მეტი ინიციატივა დაფინანსდა ისეთ სფეროებში, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, სოციალური სერვისები, ინფრასტრუქტურა და გარემოს დაცვა. ამ ინიციატივების ფარგლებში დასაქმდა 700-ზე მეტი ოჯახი და 8 ათასზე მეტმა სოფლად მცხოვრებმა გაიუმჯობესა საცხოვრებელი პირობები“, – განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ENPARD-ის მესამე ფაზით გათვალისწინებული თანხები მოხმარდება სოფლად მცხოვრები მოსახლეობის სამუშაო და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები