LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი მღებრიშვილი ლიტველ კოლეგას შეხვდა

32

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ლიტვის შინაგან საქმეთა მინისტრს ეიმუტის მისიუნასს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ლიტვის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. გიორგი მღებრიშვილმა ლიტვის შს მინისტრს საქართველოს ევროინტეგრაციისა და ვიზალიბერალიზაციის პროცესში განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

საქართველოს შს მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა აღმოსავლეთ პარტნიორობის საპოლიციო თანამშრომლობის პროგრამაზე, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას, პოლიციის საკითხებში სტანდარტიზაციასა და ჰარმონიზაციას. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ლიტვის რესპუბლიკა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძირითადი პარტნიორია.

შეხვედრაზე გიორგი მღებრიშვილმა ეიმუტის მისიუნასს უწყებაში ბოლო პერიოდში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო, მათ შორის, კრიმინალური პოლიციის რეფორმირების, საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციისა და ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის პროექტები, ასევე, შსს-ს მაღალტექნოლოგიური და მულტიფუნქციური ერთობლივი ოპერაციების ცენტრი. გიორგი მღებრიშვილმა ყურადღება გაამახვილა შსს-ს აკადემიის საერთაშორისო ტრენინგ-პროექტზეც, რომლის ფარგლებშიც, რეგიონისა და მეზობელი ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებთან სხვადასხვა სტრატეგიულ საკითხზე ერთობლივი სწავლებები განხორციელდება, რაც ხელს შეუწყობს, დანაშაულთან ბრძოლის ეფექტიანობის უზრუნველყოფისთვის, ერთიანი მიდგომის შემუშავებას, ასევე, მნიშვნელოვანი კონტაქტების დამყარებას.

შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი მღებრიშვილმა და ეიმუტის მისიუნასმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას „საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრსა და ლიტვის შინაგან საქმეთა მინისტრს შორის ევროპული მისწრაფებების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“. დოკუმენტის თანახმად, ორმხრივი ურთიერთობები საქართველოსა და ლიტვის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის კიდევ უფრო გაღრმავდება, მათ შორის, ევროპული მისწრაფებების კონტექსტში. ქართველი და ლიტველი სამართალდამცველები ერთმანეთს გამოცდილებასა და საუკეთესო პრაქტიკას გაუზიარებენ საპოლიციო რეფორმების განხორციელებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, ასევე, საზღვრის ინტეგრირებული მართვის, მიგრაციის რეგულირების, საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნების, სამოქალაქო თავდაცვისა და საექსპერტო–კრიმინალისტიკური მიმართულებებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები