LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი მიქაძე, „ბასიანი“ და „რუსთავი“ პეკინის საკონცერტო დარბაზში გამოვლენ

109

14-15 ივნისს პეკინში გაიმართება  საქართველო-ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის  დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების  25 წლისთავისა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღის თარიღთან დაკავშირებული მთელი რიგი  კულტურული ღონისძიებები.

სპეციალურად ამ მოვლენის აღსანიშნავად 14 ივნისს 19:00 საათზე  პეკინის საკონცერტო დარბაზის ჰოლში (Beijing Concert Hall) შედგება  ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია და ქართული ტრადიციული სამოსის ფოტო გამოფენა. ოფიციალური მიღების შემდეგ  19:30  საათზე  გაიმართება გრანდიოზული კონცერტი, რომელშიც ექსკლუზიურად შესრულდება  გიორგი მიქაძისა და ანსამბლ „ბასიანის“ მეგა-პროექტი „ვოისა“.   კონცერტში ასევე მონაწილეობს ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ “რუსთავის” მოცეკვავეთა დასი.

“ვოისა”,  გიორგი მიქაძისა და ანსამბლ „ბასიანის“ ერთობლივი,   უნიკალური მუსიკალური პროექტის სახელწოდებაა, რომელიც  მცირე ხნის წინ ნიუ-იორკის ერთ-ერთ პრესტიჟულ საკონცერტო სივრცეში წარადგინეს.

მულტიჟანრული პროექტი „ვოისა” წარმოადგენს ერთგვარ კულტურულ კოლაბორაციას. პროექტის მუსიკალური ხელმძღვანელია  პიანისტი და კომპოზიტორი გიორგი მიქაძე, რომელმაც საკუთარი ვარსკვლავური ბენდისა და საქართველოს სახელმწიფო ანსამბლ „ბასიანისთვის“, სპეციალურად შექმნა უპრეცენდენტო მუსიკალური პროდუქტი, რომლის მიზანია  პროექტი  „ვოისა“,  გახდეს ქართული  კულტურის სავიზიტო ბარათი და საქართველო ღირსეულად წარადგინოს მსოფლიო  სახელოვნებო სივრცეში.

საგანგებოდ ამ თარიღისათვის პეკინს სტუმრად ეწვევა  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია ბატონ დავით ჯალაღანიას ხელმძღვანელობით. კონცერტს დაესწრებიან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ბატონი  დავით აფციაური,  ქართული დიასპორა და კულტურის ინდუსტრიის წარმომადგენლები. აგრეთვე  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის ოფიციალური პირები, დიპლომატიური კორპუსისა და  კერძო სექტორის წარმომადგენლები.

პროექტის ორგანიზატორია:  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კულტურის სამინისტრო,  ჩინელი ხალხის საზღვარგარეთის  ქვეყნებთან მეგობრობის ასოციაცია და  საქართველოს საელჩო  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში.

პროექტის სპონსორია:  „China CEFC Energy Company Limited“, „ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის ასოციაცია“ და საქველმოქმედო ფონდი „ქართული გალობა“, რომელიც წლების მანძილზე საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ აქტიურად იღწვის ტრადიციული ქართული სიმღერა-გალობისა და ხალხური შემოქმედების ხელშეწყობა-პოპულარიზაციისათვის. პროექტის  მხარდაჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები