LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი მიქაძე ლეგენდარულ ჯეკ დეჯონეტისთან ერთად ალბომს წერს

172

ქართველი პიანისტი, გიორგი მიქაძე, რომელიც ნიუ-იორკში მოღვაწეობს, საკუთარ კარიერულ წარმატებას რადიო „ფორტუნას“ ექსკლუზიურად უზიარებს.

ამჯერად გიორგი მიქაძე ნიუ-იორკის პრესტიჟულ ხმისჩამწერ სტუდია „Clubhouse Recording Studio“-ში წერს ალბომს გრემის მფლობელ, ჯაზისა და თანამედროვე მუსიკის ლეგენდარულ დრამერ, პიანისტ და კომპოზიტორ ჯეკ დეჯონეტისთან ერთად.

ამ უდიდესი ხელოვანის შემოქმედება მუსიკალური სამყაროსათვის კარგადაა ცნობილი, ჯეკ დეჯონეტი ჯაზური ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ფიგურაა და ჯაზის ისტორიის საუკეთესო დრამერადაა აღიარებული. თავისი კარიერის განმავლობაში თანამშრომლობდა ისეთ მუსიკოსებთან, როგორებიც არიან ჯონ კოლტრეინი, მაილს დევისი, თელონიუს მონკი, ბილ ევანსი, ბეტი კარტერი, ჯორჯ ბენსონი, ჰერბი ჰენკოკი, პეტ მეთენი და მრავალი სხვა, თუმცა მუსიკის ისტორიაში სრულიად გამორჩეულ მოვლენად მიიჩნევა ჯეკ დეჯონეტის და ფენომენალური კიტ ჯარეტის 33-წლიანი თანამშრომლობა. შეგახსენებთ, რომ 2012 წელს ჯეკ დეჯონეტი თბილისის ჯაზფესტივალსაც სტუმრობდა და დაუვიწყარი კონცერტი აჩუქა ქართველ მსმენელს.

2. ALL STARS at Clubhouse Recording Studio (1)73 წლის ცოცხალი ლეგენდა, რომლის უშუალო მონაწილეობით იქმნებოდა თანამედროვე, რევოლუციური და ავანგარდული მუსიკალური მიმდინარეობები, დღესაც ისევ სიახლეების ძიებაშია და გიორგი მიქაძესთან, გიტარისტ დევიდ ფიუჟინსკისთან, ბასისტ მეთიუ გარისონთან და საქსოფონისტ ფილიფ გელშლაუერთან ერთად ექსპერიმენტულ ალბომზე მუშაობს.

გიორგი მიქაძე სურპრიზად ინახავს პროექტის ძირითად დეტალებს, თუმცა გაგვიზიარა ამ პროექტის დაწყებასთან დაკავშირებული ემოციები. გიორგის თქმით, უდიდესი რანგის პროფესიონალ, ლეგენდარულ ჯეკ დეჯონეტისთან კოლაბორაცია ერთ-ერთ საეტაპო და მნიშვნელოვან პროექტზე, თავისთავად დიდი გამოწვევაა. ფენომენალური ჯეკ დეჯონეტი კი გიორგი მიქაძეს მოიაზრებს უდიდესი პოტენციალის მქონე პერსპექტიულ ახალგაზრდა მუსიკოსად, ამიტომაც უკვე მერამდენედ გამოთქვამს სურვილს გიორგისთან თანამშრომლობაზე.

ისინი ერთობლივად მუშაობენ მუსიკის ახალ კონცეფციაზე, რომელიც სხვადასხვა ჯანრის ერთობლიობას წარმოადგენს. სტუდიური სესიები „Clubhouse Recording Studio“-ში რამდენიმე დღეში დასრულდება. პროექტის ოფიციალური პრეზენტაცია გერმანიასა და შეერთებულ შტატებში 2017 წლის თებერვალშია დაგეგმილი. ხოლო ალბომი ამავე წლის მარტიდან გაიყიდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები